ფეხბურთი

14:05 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პენალტების სერიაში აჭარელმა ჭაბუკებმა იმარჯვეს

დასრულდა გამოჩენილი ქართველი ფორვარდის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება 1996 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის. გათამაშებაში დასავლეთ საქართველოს 18 გუნდი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ერთმანეთს მიმოსვლის პრინციპით, სამ წრედ ეთამაშებოდნენ. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები პლეი ოფში გადიოდნენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება ქუთაისის ,,მართვემ” (მწვრთნელი მერაბ შანიძე), წყალტუბოს ,,სპორტსკოლამ” (მწვრთნელი კახა ჭუმბურიძე), ბათუმის ,,დინამომ” (მწვრთნელი მერაბ გეთია) და ქუთაისის ,,ქუთაისმა” (მწვრთნელი როლანდ ცუცქირიძე) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპი ხობის ,,იმედმა” და წყალტუბოს ,,სპორტსკოლამ” თანაბარი ქულებით დაამთავრეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის გამო პლეი ოფში წყალტუბოელები გავიდნენ.

პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები ნეიტრალურ მოედანზე, სამტრედიის ,,ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ჩატარდა. პირველი ნახევარფინალური წყვილი ქუთაისელებმა შეადგინეს. ერთმანეთს I ჯგუფის გამარჯვებული ,,მართვე” და II ჯგუფის მეორეადგილოსანი ,,ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. თანაქალაქელთა დავაში ,,ქუთაისმა” იმარჯვა. მათ მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს, შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დაასრულეს და ფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში II ჯგუფის გამარჯვებულებმა ბათუმის დინამოელებმა I ჯგუფის მეორე ადგილოსან წყალტუბოს ,,სპორტსკოლას” უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 4 ბურთი გაუტანეს, ანგარიშით 4:1 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალამდე გამართულ III ადგილის გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ,,მართვე” (ქუთაისი) და ,,სპორტსკოლა” (წყალტუბო) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისში ,,მართვეს” სტადიონზე დღის 12 საათზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთ ჯგუფში გამოდიოდნენ და მათი წინა სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დამთავრდა. ასე იყო ამჯერადაც, ქუთაისელთა პირველ ტაიმში გატანილ გოლს წყალტუბოელებმა მეორეში უპასუხეს და შეხვედრა ჩვეული ანგარიშით – 1:1 დაასრულეს. დებულების თანახმად პირდაპირ თერთმეტმეტრიანები დაინიშნა, რომელშიც უკეთ წყალტუბოელები გაისარჯნენ, მეტოქე პენალტების სერიაში – 3:1 დაამარცხეს და მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.

ფინალური შეხვედრა სამტრედიაში 18 საათზე გაიმართა. შეხვედრამ მაყურებელთა საკმაო დაინტერესება გამოიწვია. კოკისპირული წვიმის მიუხედავად მატჩს 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების (უფროსი გიორგი კიკაჩეიშვილი) გადაწყვეტილებით აღნიშნულ შეხვედრას ჭაბუკებში პირველად 6 მსაჯი მოემსახურა. ნოვაციამ აშკარად გაამართლა, რადგან მეტოქე გუნდების ხელმძღვანელობას არც მატჩის დროს და არც მისი დასრულების შემდეგ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

თავსხმა წვიმის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თუმცა უშედეგოდ – 0:0 დასრულდა. მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში მეტი თავდაჯერებულობა აჭარელმა ჭაბუკებმა გამოიჩინეს. მათ ხუთივე თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულეს – 5:3 იმარჯვეს და აღნიშნულ ასაკში ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ ფინალში მონაწილე გუნდები და მათი მწვრთნელები შესაბამისი თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

 

0.150638