ფეხბურთი

2:47 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი დებიუტანტით მეორე 1/2-ფინალს უმიზნებს

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან, ნეიტრალური გულშემატკივრის ყურადღებას მხოლოდ “დორტმუნდისა” და “მალაგას” დაპირისპირება იწვევს. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ “რეალი” “გალათასარაისთან” არსებულ სამბურთიან უპირატესობას არ გაანიავებს. დორტმუნდში კი, ბრძოლაა მოსალოდნელი.

 

დორტმუნდი-მალაგა (პირველი მატჩი 0:0)

წყვილის ფავორიტად თავიდანვე “დორტმუნდი” ითვლებოდა. პირველი თამაშის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდმა სტატუსი გაიმყარა, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიის აწ უკვე ყოფილ ჩემპიონებს მშვიდად ყოფნის უფლება ჰქონდეთ. “მალაგას” პრობლემების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია და გამონაკლისი არც “დორტმუნდია”. ასე რომ, გერმანელებს სიფრთხილე მართებთ.

გასულ უქმეებზე, “დორტმუნდის” მიერ ბუნდესლიგის მოგების შანსები ოფიციალურად გაუტოლდა ნულს. კლოპის შეგირდებს მე-2 ადგილში, სავარაუდოდ, ვერავინ შეეცილება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელების ერთადერთი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგააა.

ამას ვერ ვიტყვით “მალაგაზე”. ანდალუსიელები, ლა ლიგაში, ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. მართალია, ევროტურნირებზე, მათ დისკვალიფიკაცია აქვთ, მაგრამ თუ წელს პელეგრინის გუნდმა ევროსაგზური ვერ მოიპოვა, სასჯელი მომდევნო სეზონზე გავრცელდება.

ერთი კვირის წინათ გამართულ შეხვედრამდე, “მალაგას” გერმანულ გუნდთან არასდროს უთამაშია. “დორტმუნდს” ესპანეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 18 თამაშში 5 მოგება, 7 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, გერმანელებმა 4-ჯერ მოიგეს, ხოლო ორ-ორჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს.

“დორტმუნდი” მეტოქეს ტრავმირებული იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გარეშე დაუხვდება. სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებას მოასწრებს მატს ჰუმელსი. “მალაგას” ველიგტონი და მანუელ იტურა არ ეყოლება. ორივე შემთხვევაში, მიზეზი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვაა.

  • ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ “დორტმუნდმა” 8-ჯერ დაასრულა. გერმანელები შემდეგ ეტაპზე 6-ჯერ გავიდნენ;
  • “დორტმუნდი” ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ დამარცხებულა;
  • ყველა ტურნირზე, “დორტმუნდმა” ბოლო 5 საშინაო შეხვედრა მოიგო. ყოველ მათგანში, გერმანელებს მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდათ;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდმა” საკუთარ კედლებში ჩატარებული ყველა თამაში მოიგო და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
  • ესპანურ გუნდებთან, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან “დორტმუნდმა” მხოლოდ 1 მოიგო;
  • “დორტმუნდის” ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში 10-ჯერ მოხვდნენ და მათ ყვითელი ბარათი 7-ჯერ მიიღეს. გათამაშებას შემორჩენილ გუნდებს შორის, ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა;
  • 1/4-ფინალისტთა შორის, ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი (44%) “დორტმუნდს” აქვს;
  • “დორტმუნდი” ყველაზე სახიფათო პირველი ტაიმის მიწურულსაა. 16 გოლიდან 7 გერმანელებმა 31-დან 45-ე წუთამდე გაიტანეს;
  • რობერტ ლევანდოვსკიმ, გოლის გატანა ბუნდესლიგის ბოლო 10 თამაშში მოახერხა;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩი საკუთარ კედლებში “მალაგამ” ფრედ 2-ჯერ დაასრულა (ორივეჯერ 0:0) და ანდალუსიელები შემდეგ ეტპაზე ორივე შემთხვევაში გავიდნენ;
  • მანუელ პელეგრინის შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი გუნდი 1/2-ფინალში მეორედ გაიყვანოს. პირველად, მან ამ შედეგს “ვილიარეალთან” ერთად მიაღწია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებული 4 თამაშიდან “მალაგამ” მხოლოდ 1 მოიგო;
  • “მალაგა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ტაიმში, გოლი არ გაუშვია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “მალაგამ” კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ მოახერხა, რაც “იუვენტუსისა” და “პორტუს” შედეგთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია;
  • 1/4-ფინალისტთა შორის, “მალაგას” ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს პასების სიზუსტეში (65%), ზუსტ დარტყმებში (53), არაზუსტ დარტყმებსა (36) და კუთხურებში (38);
  • 2013 წელს ჩატარებული 19 თამაშიდან “მალაგამ” მხოლოდ 6 მოიგო;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, “დორტმუნდს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 67.3%-იანი შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, გიუნდოგანი, როისი, გიოტცე, გროსკროიტცი, ლევანდოვსკი.

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, გამესი, ლუგანო, დემიკელისი, ანტუნესი, ტულალანი, კამაჩო, ხოაკინი, ბაპტიშტა, ისკო, სავიოლა.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

 

გალათასარაი-რეალი (პირველი მატჩი 0:3)

ამ თამაშს თამამად შეგვიძლია ფორმალობა ვუწოდოთ. “რეალმა”, რომელიც წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი ისედაც იყო, ერთი კვირის წინათ, “გალათასარაის” 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და ნახევარფინალისტის ბედი მადრიდშივე გადაწყვიტა. ამას ემატება თურქების სერიოზული საკადრო პრობლემა.

მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. შიდა ასპარეზზე, თურქებმაც მოიგეს და ესპანელებმაც. თავიდან, ორივე მათგანი აგებდა, მაგრამ “გალათასარაიმ” ბოლოადგილოსანი “მერსინის” 3:1 (8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა დროგბამ, რომელმაც თავი 2-ჯერ გამოიჩინა) ძლევით მდევართან 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო “რეალმა” “ლევანტე” 5:1 გაანადგურა.

გუნდები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. ერთი კვირის წინათ გამართული თამაშის ჩათვლით, “რეალსა” და “გალათასარაის” 2-2 მოგება აქვთ. თურქეთში გამართული ერთადერთი შეხვედრა მასპინძლებამ 3:2 მოიგეს.

ესპანურ კლუბებთან სულ ჩატარებულ 26 თამაშში “გალათასარაის” 7 მოგება, 6 ფრე და 13 მარცხი აქვს. საკუთარ კედლებში, თურქებმა ხუთ-ხუთჯერ მოიგეს და წააგეს, ხოლო 2-ჯერ ფრედ ითამაშეს. ჩატარებულ 6 შეხვედრაში, “რეალმა” თურქულ გუნდებს 3-ჯერ მოუგო, 2-ჯერ მადრიდელები დამარცხდნენ, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა. სტუმრად, “რეალმა” ერთხელ ფრედ ითამაშა და ერთხელაც წააგო.

მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა, ბურაქ ილმაზს ერთი კვირის წინათ მიღებული ყვითელი ბარათი არ გაუუქმა მიუხედავად იმისა, რომ თურქი ფეხბურთელი გაფრთხილებას აშკარად არ იმსახურებდა. მის გარდა, დისკვალიფიცირებულნი არიან მასპინძელთა მხრიდან ნუნკო, ხოლო სტუმართა მხრიდან სერხიო რამოსი და ჩაბი ალონსო. მამდრიდელებს არც ტრავმირებული პეპე ეყოლებათ.

  • მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში, “გალათასარაი” ერთზე მეტი გოლის გატანას ვერ ახერხებს;
  • ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე “გალათასარაიმ” 19-ჯერ წააგო. თურქები შემდეგ ეტაპზე 5-ჯერ გავიდნენ;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “გალათასარაის” ფეხბურთელები ყველაზე მეტჯერ, 135-ჯერ დაჯარიმდნენ;
  • 1/4-ფინალისტთა შორის, “გალათასარაის” ყველაზე ცოტა გატანილი (11) და ყველაზე მეტი გაშვებული (12) გოლი აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 14 თამაშში “გალათასარაიმ” კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა;
  • მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 21 გოლი “რეალმა” გაიტანა;
  • ყველა ტურნირზე, “რეალს” 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 12 თამაშიდან მადრიდეელბმა 10 მოიგეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში “რეალმა” 54-ჯერ მოიგო და მადრიდელები შემდეგ ეტაპზე 41-ჯერ გავიდნენ. 3:0 შვიდჯერ დაფიქსირდა და “რეალმა” მომდევნო ეტაპზე ყველა შემთხვევაში გააღწია;
  • 9 თამაშში გატანილი 9 გოლით, კრიშტიანუ რონალდუ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 16 თამაშში რონალდუმ 18 გოლი გაიტანა;
  • “რეალს” თურქეთში არასდროს მოუგია;
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 34 თამაშიდან “რეალმა” გოლის გატანა 33-ში მოახერხა;
  • ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეშვიდედ თამაშობს. წინა 6 შემთხვევაში, პორტუგალიელი ნახევარფინალში გასვლას ყოველთვის ახერხებდა;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “რეალმა” 6 თამაში წააგო და ყველა მინიმალური სხვაობით. იმ ანგარიშით, რომელიც დღეს “გალათასარაის” აწყობს, მადრიდელები უკანასკნელად 2010 წლის 29 ნოემბერს დამარცხდნენ (0:5);
  • “გალათასარაი” “რეალს” ყველაზე მეტად თამაშის ბოლოსკენ უნდა უფრთხოდეს. 76-დან 90-ე წუთამდე, მადრიდელებმა 7 გოლი გაიტანეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების შედეგების გათვალისწინებით, შემდეგ ეტაპზე “რეალის” გასვლის შანსი 93.8%-ს უდრის.

სავარაუდო შემადგენლობები

გალათასარაი (4-1-3-2): მუსლერა, ებუე, კაია, ზანი, რიერა, მელო, ალთინთოფი, სნეიდერი, ინანი, დროგბა, ბულუთი.

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, ვარანი, ალბიოლი, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი, დი მარია, იოზილი, რონალდუ, იგუაინი.

მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

0.305851