ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ ანუ უბრალოდ პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. “ფეხბურთის მეფემ” ეს 1958, 1962 და 1970 წლების მუნდიალებზე მოახერხა. პელემ მშობლიურ “სანტოსთან” ერთად ორჯერ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი (1962, 1963), 1970 წელს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, 1973-ში კი სამხრეთ ამერიკის ყველა დროის უძლიერეს ფეხბურთელად. ფიფამ პელე მეოცე საუკუნის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. სადღეისოდ 73 წლის პელე მუნდიალ2014-ის ელჩია.
- თქვენ მიერ მოპოვებულ ტიტულთა ჩამონათვალი მეტად შთამბეჭდავია. ამის მიუხედავად, ფეხბურთში აუხდენელი ოცნება თუ დაგრჩათ?
- ვერავის დავაჯერე, რომ “უემბლიზე” არასდროს მითამაშია. როდესაც ეს ამბავი ბობი ჩარლტონს ვუთხარი, მანაც არ დამიჯერა. 1963 წელს ბრაზილიის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, მაგრამ ჩემი ქვეყნის უპირველესმა გუნდმა ლონდონში უჩემოდ ითამაშა. ნამდვილად არ მახსოვს, რატომ ვერ მოვირგე მაშინ ბრაზილიის ნაკრების მაისური – ან დამტვრეული ვიყავი, ან “სანტოსს” ექნებოდა მეტად მჭიდრო საასპარეზო გრაფიკი. ამ ფაქტზე გული დღემდე მწყდება. ისე, 1990 წელს, ჩემ ორმოცდაათწლიან იუბილესთან დაკავშირებით, მატჩის ჩატარება სწორედ “უემბლიზე” იყო დანიშნული. ვიფიქრე, ძლივს ამ სარბიელზე თამაში მეღირსა, მაგრამ ეს პატივი წილად მაინც არ მხვდა – “უემბლიზე” იმხანად წინასწარ ბევრი მატჩი და სხვადასხვა სახის ღონისძიება იყო დანიშნული, ამიტომაც ხსენებული შეხვედრა მილანის “სან სიროზე” გადაიტანეს.
- ბრაზილიაში პროფესიულ დონეზე მხოლოდ “სანტოსის” ღირსებას იცავდით. რითაა განპირობებული თქვენი ერთგულება ამ კლუბისადმი?
- როდესაც 14 წლისა ვიყავი, “სანტოსი” მთელი შემადგენლობით ჩემ მშობლიურ ქალაქ ბაურუში ჩამოვიდა. მამაჩემი წარსულში ფეხბურთელი იყო და კლუბის პრეზიდენტს შორიდან იცნობდა. იგი სანტოსელთა თავკაცს ეახლა და ჩემთან ერთად კიდევ 3 ბაურუელი ყმაწვილის გასინჯვა შესთავაზა. 2-3 ვარჯიშის შემდეგ “სანტოსმა” ოთხივე ახალბედა გუნდში დაგვიტოვა, ხოლო მომდევნო წელს, როდესაც 15 წლისა შევსრულდი, ოფიციალური კონტრაქტიც გამიფორმა. 16 წლისა უკვე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი გახლდით, ხოლო ჩვიდმეტისა შვედეთის მუნდიალზე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ამის შემდეგ სხვა კლუბებიდან ბევრი წინადადება მქონდა, მაგრამ “სანტოსი” როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე ბრწყინავდა და სხვაგან თამაში კარგა ხანს არც მიფიქრია.
- თქვენ სამშობლოში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის თარიღი თანდათან გვიახლოვდება. როგორი განწყობით ელით მუნდიალს?
- როგორც იქნა, ვეღირსე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ბრაზილიაში ჩატარებას. პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგა. თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორეა-იაპონიაში და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მუნდიალებს ვუწევდი პოპულარიზაციას. ვფიქრობ, მეც მიმიძღვის წვლილი ამ ქვეყნებში უპირველესი საფეხბურთო ფორუმები წარმატებით რომ ჩატარდა. ამჯერად ჩემი სამშობლოს ჯერია და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მინდორზე გასასვლელად ვემზადები.
- მოდით, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბროთ. როგორ გგონიათ, ახალგაზრდა ფეხბურთელები, თუნდაც ნეიმარი, სამუნდიალე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლებენ?
- “ახალგაზრდა” ასაკის ზუსტი კი არა, ფარდობითი ცნება. ნეიმარი უკვე 21 წლისაა, მე კი 17-სა გახლდით, როდესაც შვედეთში პირველად მოვიპოვე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. როდესაც ბრაზილიის ეროვნულ გუნდში აგიყვანენ, ახალგაზრდობასა და გამოუცდელობაზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. ისე კი, მათ დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მხოლოდ ინდივიდუალური თვისებების წარმოჩენით თანამედროვე ფეხბურთში შორს ვერ წახვალ. ბრაზილიას ყოველთვის ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, როგორც უცხოეთში, ასევე საშინაო პირველობაზე. მთავარია, მათი შეკავშირება და ერთ მუშტად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბებაა. საამისო დრო მწვრთნელებს ნამდვილად აქვთ. მახსოვს, ჩემ უკანასკნელ მუნდიალზე, მექსიკაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ბევრი ვარსკვლავი, რიველინო, ტოსტაო, ჟაირზინიო, გერსონი, პელე, თამაშობდა, თუმცა გაჩემპიონების გადამწყვეტი მომენტი ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი გახლდათ.
- სპორტის მინისტრობის პერიოდში თქვენ “პელეს კანონი” შეიმუშავეთ. რა ბედი ეწია მას?
- კანონს ბრაზილიის პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა და იგი მოქმედებს. ჩემ მიერ ინიცირებულმა და შემუშავებულმა კანონმა ხელი შეუწყო ბრაზილიის კლუბების ფინანსურ მომძლავრებას. კანონი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელების სამშობლოში დარჩენის წინაპირობად იქცა.