მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპრინტერს ასაფა პაუელს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, რომელსაც სპორტსმენმა მიმართა, 18-თვიანი დისკვალიფიკაცია 6 თვემდე შეუმცირა. პაუელს დისკვალიფიკაცია იამაიკის ანტისადოპინგო სააგენტომ 2013 წლის 21 ივლისს პრეპარატ ოქსილოფრინის გამოყენებისათვის გამოუტანა. მძლეოსანმა აღნიშნული დისკვალიფიკაცია იმიტომ გაასაჩივრა, რომ საკუთარი დანაშაული უმნიშვნელოდ მიიჩნია, რადგან აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში საკვები დანამატის მეშვეობით მოხვდა. სასამართლომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და პაუელს სასჯელის ზომა ამიტომ შეუმცირა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ერთი წელი ხდება რაც პაუელი სასჯელს იხდის, სასამართლომ კი სასჯელის ზომა 6 თვემდე შეუმცირა, მას უფლება აქვს ნებისმიერ ტურნირში იასპარეზოს.