სხვა

14:04 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ჰიკმა ემზარ ზენაიშვილი საპატიო ორდენით დააჯილდოვა

რომში დამთავრებულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 42-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე, “სოჭი 2014”-ის, “რიო 2016”-ის, “ბაქო 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტებთან ერთად, 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ანგარიში გაკეთდა და ითქვა, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება ამ მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმისთვის.

ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წინაშე გამოვიდა თბილისის მერი გიგი უგულავა, პრეზენტაცია მზადების თაობაზე გააკეთა ორგკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხაჩიძემ. ასამბლეას საქართველოდან ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი.

რომში შედგა შეხვედრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტთან პატრიკ ჰიკთან და ეოკ-ის სხვა ხელმძღვანელებთან, სადაც დეტალურად იქნა განხილული ფესტივალისთვის მზადების კონკრეტული საკითხები.

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარების ნიშნად, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი პატრიკ ჰიკმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

www.geonoc.org.ge

0.134489