სხვა

21:45 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ჰიკი: “საქართველოსთვის პრობლემის შექმნას არავინ შეეგუება”

თბილისს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე გვიდო დე ბონდი სტუმრობენ. დღეს მათ თბილისში არსებული სპორტული დარბაზები დაათვალიერეს, ასევე ის ტერიტორია, სადაც ევროპის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ობიექტები უნდა აშენდეს. გარდა ამისა, ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან. დღის ბოლოს კი სამუშაო ვიზიტი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად შეაჯამეს.

პრესკონფერენცია სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნა. მან დამსწრეთ აუწყა, რომ თბილისი 2015-ის ობიექტების მშენებლობა წინასწარ დაგეგმილ ვადებში დასრულდება და უშუალოდ ფესტივალამდე, მათზე სატესტო შეჯიბრებების ჩატარებაც კი მოესწრება. პატრიკ ჰიკმაც დაადასტურა, რომ საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობით კმაყოფილია და უკვე დარწმუნებულია, რომ 2015 წლამდე ყველაფერი მოესწრება. შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

- პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეთ თუ არა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების თაობაზე?

- სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. ცხადია, სოჭის თემაც განვიხილეთ. ხაზი გავუსვი, რომ ბოიკოტს აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად სპორტსმენები იჩაგრებიან. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ბოიკოტს არ აცხადებს და ამ გადაწყვეტილებას მთავრობაც მხარს უჭერს. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა არც თავისი ქვეყნის სპორტული დელეგაცია გაუშვა და სხვა ქვეყნებსაც გამოაცხადებინა ბოიკოტი. მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მემუარებში დაწერა, რომ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის გამო ნანობდა.

- ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ჟურნალისტების სააკრედიტაციო ფორმაში აფხაზეთი და ოსეთი ცალკე რესპუბლიკებად შეიტანა. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც დროულად ეცნობა საქართველოდან, მაგრამ დარღვევა სააკრედიტაციო ვადის ამოწურვამდე არ გამოუსწორებიათ...

- პირადად მე ამ დარღვევის შესახებ გუშინ შევიტყვე. დაველაპარაკე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს და მან მითხრა, რომ ორგანიზატორებს კატეგორიულად მიუთითეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერაა აღიარებული და მისთვის პრობლემის შექმნას არავინ შეურიგდება.

- თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები გაგრძელდება?

- სოკ-ი 100 პროცენტით თქვენს გვერდით დგას. სოჭის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს გაფრთხილება მიღებული აქვს და დარწმუნებული ვარ, წესებს აღარ დაარღვევს.

- თუკი საქართველო სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს მაინც გამოუცხადებს, უნდა ელოდოს თუ არა სოკ-ისგან სანქციებს?

- საქართველო ბოიკოტს არ აცხადებს, მაგრამ თუ რაიმე შეიცვლება, ვერ გეტყვით, რა მოხდება. მე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს სოკ-ის პრეროგატივაა.

- თბილისი 2015-ის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული შენიშვნა ხომ არ გაქვთ?

- დღეს მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია პრეზენტაციის სახით. ნანახით და საქმიანი შეხვედრებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დამარწმუნეს, რომ თბილისის ოლიმპიურ ფესტივალს მთავრობის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

- აგვისტოში, ბრაზილიაში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს დაესწარით. ცნობილია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ოლიმპიურ პროგრამაში გუნდური შეჯიბრების შეტანა სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რამე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ძიუდო ისევე არ მესმის, როგორც მაგალითად მუსიკა. თუმცა, ის კი ვიცი, რომ ამ სახეობაში ქართველები განსაკუთრებით ძლიერები ხართ, ისევე, როგორც ჭიდაობაში და ევროპის ოლიმპიურ ფესტივალებზე უამრავ მედალს იღებთ ხოლმე. რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის პროგრამაში ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის შეტანა გამორიცხულია. დანარჩენზე კი ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ანალოგიური წინადადება კალათბურთელთაგანაც მიიღო, რომლებსაც პროგრამაში სამი-სამზე თამაშის შეტანა სურთ. სოკ-ის ახალი პრეზიდენტი ამ საკითხს დეტალურად შეისწავლის და საბოლოო გადაწყვეტილებაც შემდეგღა იქნება მიღებული. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს გეტყვით. 2015 წელს ბაქოში გასამართ ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში გუნდური შეჯიბრებაც გაიმართება.

პატრიკ ჰიკის შემდეგ ჟურნალისტებმა ერთი შეკითხვა ლერი ხაბელოვსაც დაუსვეს.

- სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხი უკვე ამოწურულია?

- სპორტული კუთხით გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და სავარაუდოდ აღარაფერი შეიცვლება. თუკი კიდევ რამე მოხდება, მაშინ მთავრობა ალბათ რეკომენდაციით მოგვმართავს.

პრესკონფერენციის მიწურულს მოკლე კომენტარი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების პრობლემა უკვე მოგვარებულია. 12 ობიექტის სამშენებლო სამუშაოები 18 ნოემბრიდან დაიწყება და დიდი ალბათობით, 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შესაბამისად, ქართველ სპორტსმენებს საკმარისი დრო ექნებათ ახალ დარბაზებთან შესაჩვევად.


0.205494