“დინამო” – “ტოტენჰემის” 40 წლის წინანდელ დაპირისპირებას ლონდონელებიც იხსენებენ. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ლეგენდარული მეკარის – პატ ჯენინგსის მოგონებები გამოქვეყნდა. ჯენინგსმა მაშინ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
“ყოფილ საბჭოთა კავშირში 1973 წლის 28 ნოემბერს, უეფას თასის მესამე რაუნდის (ჩვენებურად მერვედფინალის – რედ.) სათამაშოდ ჩავედით. სტუმრად მატჩი ფრედ – 1:1 დამთავრდა, ჩვენგან რალფ კოუტსმა გაიტანა, “უაით ჰარტ ლეიზე” კი, 12 დეკემბერს, 5:1 გავიმარჯვეთ. მარტინ პიტერსმა და მარტინ ჩივერსმა 2-2 გოლი გაიტანეს, ერთიც კრის მაკგრათმა დაამატა, - წერს ვებსაიტი.
თბილისური მატჩის შემდეგ რალფ კოუტსმა ჟურნალისტებს უთხრა: კარიერაში ეს ჩემი საუკეთესო გოლი იყოო. პატ ჯენინგსი, რომელმაც 1964-77 წლებში 590-ჯერ მოირგო “ტოტენჰემის” მაისურა, იხსენებს: “რალფმა მართლაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა საჯარიმოს კუთხიდან. ის შეუდარებელი იყო საპასუხო შეხვედრაშიც, როცა პასს პასზე არიგებდა. რალფი მართლაც დიდებული ფეხბურთელი გახლდათ.”
Daily Mirror-მა მაშინ “ლოკომოტივის” (ახლანდელი “მიხეილ მესხი” – რედ.) სტადიონის მინდორს “ხრეშის გროვა” უწოდა. ეს ამბები კარგად ახსოვს ჯენინგსს. “ევროპის ასეთ ქვეყნებში თამაში ჩვენთვის განსხვავებული გამოცდილება იყო, - აგრძელებს ჯენინგსი, - მე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში ნათამაშები მქონდა ალბანეთის მსგავს ქვეყნებში. თანაც ყოფილ საბჭოთა კავშირში მგზავრობა ადვილი არ იყო. ჯერ მოსკოვში უნდა ჩაფრენილიყავი და იქიდან გადასულიყავი ადგილზე. თანაც მოწინააღმდეგე ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი გახლდათ და არ ვიცოდით რა გველოდა. ბილ ნიკოლსონმა (“ტოტენჰემის” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი – რედ.) გვითხრა, რომ თბილისში რთული თამაში გველოდა და ასეც მოხდა. მთავარი იყო, რომ მეტოქის მინდორზე შევძელით გატანა. საპასუხოში კი 5:1 გავიმარჯვეთ.”