კალათბურთი

2:17 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარკერმა საფრანგეთი ფინალში გაიყვანა

საკალათბურთო ევროპირველობაზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ წინა ევრობასკეტის ფინალისტები – ესპანეთი და საფრანგეთი წარსდგნენ და სანახაობრივი თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ. 

პირველი მეოთხედი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ესპანელებმა 18:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში, პარკერის და პეტროს ზუსტმა ორქულიანებმა ანგარიში საყაიმო გახადა. ამის შემდეგ, 9 წუთის განმავლობაში ესპანელებმა სპურტი მოაწყვეს. ორენგას შეგირდებმა 16 ქულა ჩააგდეს, ხოლო ფრანგებმა მხოლოდ – 2  და შესვენებაზე პირენეელები 14-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ (34:20). პირველ ტაიმში ტონი პარკერმა 14 ქულა მიითვალა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

შესვენებამ ფრანგებზე კარგად იმოქმედა: მესამე მეოთხედის სტარტიდან 6 წუთში, ანგარიში უკვე 39:33 იყო, მე-18 წუთისთვის კი, ფრანგები სულაც სამი ქულით აგებდნენ (44:41). ბოლო მეოთხედის სტარტს ესპანელები 6 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ (49:43). კვლავ შეუჩერებელი იყო ტონი პარკერი. კოლეს გუნდმა 30 წუთში 43 ქულა ჩააგდო, აქედან პარკერის ანგარიშზე 23 ქულა იყო.

უკანასკნელი მეოთხედი დე კოლომ ზუსტი სამქულიანი სროლით გახსნა და ამის შემდეგ, მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა. 33 წუთისთვის, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ქულა იყო პირენეელთა სასარგებლოდ (52:51). ზუსტად ერთ წუთში, რუდი ფერნანდესმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და უპირატესობა კვლავ ესპანელებს დაუბრუნა. 38-ე წუთზე ტონი პარკერმა სამქულიანი ზუსტად შეასრულა და ფრანგები გასულ მატჩში პირველად დააწინაურა – 64:63. საპასუხო შეტევის დროს, მარკ გასოლმა ისევ ესპანელები გაიყვანა წინ (65:64)...

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე აჯინკაზე რუდი ფერნანდესი დაჯარიმდა. ფრანგმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა (65:65). ფრანგების ბოლო შეტევა საკუთარ თავზე პარკერმა აიღო, სამწამიანში შეიჭრა, თუმცა ფერნანდესმა შესანიშნავი მოხსნა მიითვალა. დარჩენილ წამებში კი, კალდერონს და კლავერს შეეძლოთ ესპანეთის ფინალში გაყვანა, თუმცა მიზანს ვერცერთმა უწია. შეხვედრა ფრედ, 65:65 დამთავრდა და ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებითი დროის დასრულებამდე წუთითა და 30 წამით ადრე, ანგარიში 67:67 გახლდათ. ესპანელები პარკერზე ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ. ფრანგმაც ოთხიდან ოთხივე სროლა ზუსტად გამოიყენა (71:67). მალევე როდრიგესმა სხვაობა ქულამდე შეამცირა და ორიოდე წამში შეგნებული ჯარიმა დიოტზე თავადვე აიღო. 24 წლის ფრანგს ნერვებმა არ უმტყუნა და ანგარიში 75:72 გახადა. ზუსტად ბოლო წამზე, მარკ გასოლის არაზუსტი სამქულიანი ტყორცნის შემდეგ, საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი, რაღა თქმა უნდა, ტონი პარკერი გახდა. “სან ანტონიოს” ვარსკვლავმა, 32 ქულას 6 მოხსნა და პასი მიამატა. პარკერმა ევრობასკეტის ისტორიაში საუკეთესო მექულეთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა, ფრანგს 984 ქულა აქვს მოგროვებული და თუ კი ფინალში 20 ქულაზე მეტს ჩააგდებს, ბერძენი ნიკო გალისის რეკორდს გააუმჯობესებს.

ფინალური დაპირისპირება საფრანგეთსა და ლიტვას შორის 22 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. ფინალამდე კი, ესპანეთი და ხორვატია მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

 

ლუბლიანა. “სტოჟიცე-არენა". 9 060 მაყურებელი   

ესპანეთი - საფრანგეთი 72:75 (18:14, 16:6, 15:23, 16:22, ო.ტ 7:10)

ესპანეთი: აგილარი (3ქ. 1მ. 1პ), ფერნანდესი (17ქ. 3მ. 1პ), როდრიგესი (11ქ. 6მ. 9პ), რეი (2ქ. 1მ), კალდერონი (4ქ. 3მ. 1პ), რუბიო (2ქ. 2მ. 1პ), კლავერი (3ქ. 4მ), სან ემეტერიო (5ქ. 2მ), ლული (6ქ. 1პ), გასოლი (19ქ. 9მ. 2პ).

მწვრთნელი: ხუან ორენგა.

საფრანგეთი: ლოვერნი (2ქ. 2მ. 1პ), ბატუმი (3ქ. 2პ), დიოტი (10ქ. 1მ. 1პ), პეტრო (2ქ. 2მ), კაჰუდი (1პ), პარკერი (32ქ. 6მ. 1პ), პიეტრუსი (5ქ. 8მ), დე კოლო (3ქ. 2პ), დიავუ (8ქ. 8მ. 3პ), აჯინკა (3ქ. 6მ), ჟელაბალე (7ქ. 5მ).

მწვრთნელი: ვინსენ კოლე.

 

გიორგი ბალახაძე

0.236399