ლოს ანჯელესის "კლიპერსს" მიმდინარე რეგულარულში ორჯერ ჰყავდა დამარცხებული "სან ანტონიო" და Staples Center-ში დღეს გასამართ მატჩსაც ფავორიტის სტატუსით შეხვდა. თან "სპურსს" გასვლითი ტურნე აქვს და ზედიზედ მეშვიდედ თამაშობდა სტუმრად. მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორებისა გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან და უშანსოდ დატოვეს "კლიპერსი" 116:90. კალიფორნიულ გუნდთან წინა ორი დაპირისპირებისას ტონი პარკერს შესაბამისად 4 და 11 ქულა ქონდა ჩაგდებული, დღეს კი სრული რეაბილიტაცია მოახდინა. მან დაცვაშიც ბრწყინვალედ გაართვა თავი კრის პოლის და ჩონსი ბილაფსის მეურვეობას, ხოლო შეტევაში პარკეტზე გატარებულ 28 წუთში 31 ქულა და შვიდი შედეგიანი პასი მიითვალა. პოზიციურად ძალიან კარგად ეთამაშნენ "სპურსის" მაღლები ბლეიკ გრიფინს და დეანდრე ჯორდანს. ტიაგო სპლიტერმა რამდენიმეჯერ მოძრაობაზე დაიჭირა ბლეიკი და არასაჭირო ფოლები აკიდა, გამოცდილმა ტიმმა თავბრუ დაახვია დეანდრეს, თითქოს როდესაც ბურთი უნდა ესროლა დანკანს შედეგიან პასს აკეთებდა, როცა მძიმე მდგომარეობაში გახლდათ მაშინ უტევდა მეტოქის კალათს. არაორდინალური გადაწყვეტილების ფონზე მასპინძელთა სათამაშო სქემა სულ მოიშალა. პირველ და მესამე მეოთხედებში სტუმრებმა "კლიპერსს" ჯამში 68 ქულა ჩაუგდეს და უკანასკნელ 12 წუთს 28 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში პოპოვიჩმა სათადარიგო კალათბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომელთაც თავისმხრივ მშვიდად შეინარჩუნეს მოპოვებული კოლოსალური უპირატესობა და ძალზედ მტკივნეული მარცხი აგემეს მეტოქეს საკუთარ ტერიტორიაზე.
მოქმედი ჩემპიონი "მაიამი" დერიკ როუზის გარეშე მყოფ "ჩიკაგოს" ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება 86:67. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ (22:22) "ჰიტის" სათადარიგოებმა მეტოქის განადგურება დაიწყეს, რასაც სათავეში უბერებელი რეი ალენი ჩაუდგა. ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილმა გუნდმა მშვენივრად მოახერხა 3 წამიანი ზონის გადაკეტვა, შეზღუდა ჟოაკიმ ნოას და კარლოს ბუზერის თავისუფალი გადაადგილება, რამაც შედეგი უმალვე მოიტანა. მეორე პერიოდში მასპინძლებმა მხოლოდ 13 ქულა ჩააგდეს, საკუთარ კალათში 23 მიიღეს და დიდ შესვენებაზე -10_ით გავიდნენ.
მეორე ტაიმში მთელი სიმძლავრით ამუშავდა ლებრონ ჯეიმსისა და დუეინ უეიდის სუპერდუეტი, რომელთაც სწრაფ კონტრშეტევებზე არაერთი ქულა მოუტანეს საკუთარ გუნდს. ნეიტ რობინსონი ცდილობდა თავისი აქტიური თამაშით სახიფათო დისტანციაზე მაინც მიეეახლოვებინა "ჩიკაგო" მეტოქესთან, თუმცა მოქმედი ჩემპიონები 10 ქულიან დისტანციას მშვიდად ინარჩუნებდნენ. მეოთხე მეოთხედის მიმდინარეობისას ერთ ეპიზოდში ლებრონმა ტრავმა მიიღო, თუმცა იგი მალევე დაბრუნდა პარკეტზე, ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო და საბოლოო წერტილი დასვა მატჩში 86:67. აშკარად გამოჩნდა, რომ დერეკ როუზის გარეშე პლეი ოფში ეს გუნდები რომ გადაეყარონ ერთმანეთს, "ბულზს" არანაირი შანსი არ გააჩნია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 შედეგიანი პასი დააკლდა 26 ქულა, 12 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "მაიამიმ" კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა აღმოსავლეთ კონფერენციაში (38-14) და უკვე სოლიდური სხვაობით უსწრებს მეორე საფეხურზე მყოფ "ნიქსს" (32-19).
ჩიკაგო - მაიამი 67:86 (22:22, 13:23, 19:20, 13:21)
ჩიკაგო: რობინსონი (14), ჰემილტონი (7), ნოა (11), ბუზერი (12+11მ), დენგი (6); გიბსონი (6), ბატლერი, ბელინელი (3), ტიგი (6), კუკი, მოჰამედი (2), რადმანოვიჩი
მაიამი: ჩალმერსი (8), ვეიდი (17), ბოში (12), ჰასლემი, ჯეიმსი (26); ბეტიე (3), ანდერსენი (1), ალენი (11), კოული (8), ენტონი, ლუისი, ჯონსი
კლიპერსი - სან ანტონიო 90:116 (21:34, 22:24, 21:34, 26:24)
კლიპერსი: პოლი (4), ბილაფსი (6), ჯორდანი (2), გრიფინი (17), ბატლერი (11); კროუფორდი (15), ბარნსი (18), ოდონი (4), ბლედსოუ (5), ჰილი, გრინი (6), ჰოლინსი (2)
სან ანტონიო: პარკერი (31), ნილი (5), სპლიტერი (10), დანკანი (9), გრინი (15); ჯინობილი (10), დიაუ (4), ბონერი (7), დე კოლო (9), ჯექსონი (5), ბლერი (2), მილსი (3), ბეინსი (6)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 56 | 44 | 12 | 5850:5364 | 0.786 |
2. | ოკლაჰომა | 54 | 39 | 15 | 5739:5278 | 0.722 |
3. | კლიპერსი | 57 | 39 | 18 | 5715:5363 | 0.684 |
4. | მემფისი | 53 | 35 | 18 | 4971:4773 | 0.660 |
5. | დენვერი | 55 | 34 | 21 | 5771:5571 | 0.618 |
6. | გოლდენ სტეიტი | 54 | 31 | 23 | 5460:5476 | 0.574 |
7. | იუტა | 55 | 31 | 24 | 5422:5427 | 0.564 |
8. | ჰიუსტონი | 56 | 30 | 26 | 5959:5800 | 0.536 |
9. | ლეიკერსი | 55 | 26 | 29 | 5601:5548 | 0.473 |
10. | პორტლენდი | 54 | 25 | 29 | 5221:5384 | 0.463 |
11. | დალასი | 53 | 24 | 29 | 5381:5439 | 0.453 |
12. | მინესოტა | 51 | 20 | 31 | 4850:4948 | 0.392 |
13. | ნიუ ორლეანი | 55 | 19 | 36 | 5174:5346 | 0.345 |
14. | საკრამენტო | 55 | 19 | 36 | 5331:5712 | 0.345 |
15. | ფინიქსი | 55 | 18 | 37 | 5217:5503 | 0.327 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 52 | 38 | 14 | 5350:4997 | 0.731 |
2. | ნიუ-იორკი | 51 | 32 | 19 | 5108:4911 | 0.627 |
3. | ინდიანა | 54 | 33 | 21 | 5044:4855 | 0.611 |
4. | ბრუკლინი | 55 | 33 | 22 | 5255:5222 | 0.600 |
5. | ჩიკაგო | 54 | 31 | 23 | 5004:4933 | 0.574 |
6. | ატლანტა | 52 | 29 | 23 | 5035:5008 | 0.558 |
7. | ბოსტონი | 54 | 28 | 26 | 5172:5191 | 0.519 |
8. | მილუოკი | 53 | 26 | 27 | 5175:5233 | 0.491 |
9. | ფილადელფია | 52 | 22 | 30 | 4794:4958 | 0.423 |
10. | ტორონტო | 55 | 22 | 33 | 5357:5426 | 0.400 |
11. | დეტროიტი | 56 | 22 | 34 | 5340:5439 | 0.393 |
12. | კლივლენდი | 54 | 17 | 37 | 5244:5467 | 0.315 |
13. | ვაშინგტონი | 52 | 15 | 37 | 4745:4952 | 0.288 |
14. | ორლანდო | 54 | 15 | 39 | 5076:5381 | 0.278 |
15. | შარლოტი | 54 | 13 | 41 | 5081:5537 | 0.241 |
გიორგი ბარბაქაძე