საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის დიდი სლემი 3 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით ჩაამთავრა. 6 თებერვალს, დავით ასუმბანის (60 კგ) მიერ მოგებულ ოქროს, 7-ში ლევან წიკლაურმა (81 კგ) ვერცხლი მიამატა, ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) - ბრინჯაო.
წიკლაურს დიდი სლემის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა. გადამწყვეტ ბრძოლაში იგი ბრაზილიელ ლეანდრო გილეიროს დაუპირისპირდა და ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, დამატებითში გაფრთხილებით დამარცხდა. მეორე ადგილის მომპოვებელმა ქართველმა 2400 დოლარი მიიღო და 180 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა, რაც სავარაუდოდ ათეულში დაამკვიდრებს. ფინალის გზაზე ლევან წიკლაურმა რუსი არსენ პშმახოვი ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა, ბრაზილიელ ნაციფ ელიასსა და სამხრეთ კორეელ დაე-ნამ სონგს იპონებით გაუსწორდა, ნახევარფინალში კი ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად მიჩნეულ ამერიკელს, ტრევის სტივენსს იუკოთი აჯობა.
ცირეკიძემ დიდი სლემი ფრანგი ფრედერიკ შტიგელმანის გაფრთხილებებით ძლევით დაიწყო, შემდეგ კი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გამწარებულ რუსს, ივან პერშინს დაეჭიდა და რევანშის შანსი არ დაუტოვა - 2 წუთში მორიგი იპონი აწვნია, მეოთხედფინალში კიდევ ერთი მასპინძელი კირილ მარე გაამწარა და ისიც შიდოთი. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელ ელკო ფან დერ ხესტთან იპონზე წამოეგო.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მეორე ქართველი, ნოდარ მეტრეველი პირველსავე წრეში გამოეთიშა ბრძოლას, რუს სერგეი სამოილოვიჩთან მარცხით. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ფინალშიც გავიდა და იქ ფან დერ ხესტთან წააგო.
იოსებ წელაურმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმაც (+100 კგ) პირველსავე მეტოქეებთან წაიფორხილეს. წელაურს ჩერნოგორიელმა სრჟან მრვალიევიჩმა ვაზარ-იუკოთი აჯობა, ოქრუაშვილმა კი პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან მხოლოდ 40 წამი გაძლო.
90 კილოგრამში ქართული გუნდი ერთადერთი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. საბა გავაშელიშვილმა დიდი სლემი რუმინელი ბოგდან ბარბულესკუს ძლევით დაიწყო. მოწინააღმდეგეს 2 წუთში 2 ვაზარით შეუსრულა. მეორე წრეში კი მომავალ ჩემპიონს, იაპონელ ტაკაში ონოს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია – 4 წუთში 2-2 იუკო და ვაზარი დათმო და დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების უმედლოდ დარჩენილ წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ზვიად ხანჯალიაშვილმა იჭიდავა. მძიმეწონოსანს, რომელმაც ერთი კვირის წინ, თბილისის მსოფლიოს თასი ბრინჯაოს მედლით ჩაიჭიდავა, პარიზულ ბრინჯაომდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ხანჯალიაშვილი წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში – მერვედფინალში განთესა, სადაც იაპონელი დაიკი კამიკავას 58 წამში 2 ვაზარით მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში ზვიადი ესტონელ მარტინ პადართან შებოჭვაზე მოჰყვა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
დავით ასუმბანმა მსოფლიოს თასზე მოპოვებულ ოქროს მედალს ახალი ოქრო დიდი სლემის ჩემპიონობით მიამატა. მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად წოდებულ ტურნირზე ქართველმა მსუბუქწონოსანმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში დამაჯერებლად იმარჯვა. ფინელი იუჰო რეინვალს წუთსა და 27 წამში მოუმთავრა საქმე, ჰოლანდიელ ხეროენ მურენს ვაზარით აჯობა, მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჟი და იაპონელი მასააკი ფუკუოკა იპონ-იპონ ჩამოიცილა. ფინალში კი უზბეკ რიშოდ სობიროვს პირველსავე წუთზე ვაზარი აუღო და უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნა.
პარიზული ჩემპიონობით დავით ასუმბანმა ოქროს მედალთან ერთად ფულადი პრემია – 4 ათასი დოლარიც მიიღო და სარეიტინგო 300 ქულაც მიითვალა და ახალ რეიტინგში ათეულამდე დაწინაურებაც აქედანვე გაინაღდა.
6 თებერვალს კიმონო საქართველოს ნაკრების კიდევ ხუთმა წევრმა მოირგო, მაგრამ ხუთივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა. მათგან მხოლოდ პაატა მერებაშვილმა (60 კგ) მოიპოვა ერთადერთი გამარჯვება. ბელგიელი დამიენ ბომბუას იპონით ჩამოცილების შემდეგ მან ფრანგ სოფიან მილუსთან იპონითვე წააგო. 66 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ უჩა ხუციშვილმა და ნესტორ ხერგიანმა იჭიდავეს. ხუციშვილმა კორეელ იუნ-ჰო ჩოსთან წააგო, ხერგიანმა – აზერნაიჯანელ სარხან აჰმადოვთან. 73-ში - ნუგზარ ტატალაშვილი სამხრეთ კორეელ კი-ჩუნ ვანგს ვერ გასცდა, გიორგი დილებაშვილი კი იაპონელ ჰიროუკი აკიმოტოსთან დამარცხდა.
პარიზის დიდი სლემი ქალთა შორისაც გათამაშდა. 7 წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალს იაპონელები დაეუფლნენ და ქალთა და მამაკაცთა ერთობლივ გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას საფრანგეთში ქალთა გუნდი საერთოდ არ ჰყავდა გაშვებული და მხოლოდ მამაკაცების ხარჯზე მეოთხე ადგილზე გავიდა. მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში კი ამირან ტოტიკაშვილის შეგირდები სამეულში შევიდნენ.
დასასრულ, ერთი საინტერესო სტატისტიკური დეტალიც. აქამდე ფრანგული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა მხოლოდ ოთხმა ქართველმა: შენგელი ფიცხელაურმა, ამირან ტოტიკაშვილმა, გიორგი რევაზიშვილმა და გიორგი გუგავამ შეძლო.
ძიუდო
დიდი სლემი. პარიზი
6-7 თებერვალი
კაცები
60 კგ
1 დავით ასუმბანი (საქართველო)
2 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
3 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
3 დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)
9 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 იო-ჟინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 მიარაგჩა სანიაასურენი (მონღოლეთი)
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
9 ნესტორ ხერგიანი (საქართველო)
9 უჩა ხუციშვილი (საქართველო)
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
3 იასუჰირო ავანო (იაპონია)
3 რინატ იბრაგიმოვი (ყაზახეთი)
11 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
27 გიორგი დილებაშვილი (საქართველო)
81 კგ
1 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
2 ლევან წიკლაური (საქართველო)
3 ტრევის სტივენსი (საფრანგეთი)
3 ანტუან ჯანინი (საფრანგეთი)
28 იოსებ წელაური (საქართველო)
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია)
2 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
3 ამარ ბენკლიფი (ალჟირი)
3 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
9 საბა გავაშელიშვილი (საქართველო)
100 კგ
1 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია)
2 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)
3 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
17 ნოდარ მეტრეველი (საქართველო)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 გრიმ ვუისტერსი (ჰოლანდია)
3 სუნ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 მარტინ პადარი (ესტონეთი)
5 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
9 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ემი იამაგიში (იაპონია)
2 ფრედერიკე ჟოსინე (საფრანგეთი)
3 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
3 იუნგ-იონ ჩუნი (სამხრეთ კორეა)
52 კგ
1 მისატო ნაკამურა (იაპონია)
2 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 ილსე ჰეილენი (ბელგია)
3 მერიემ მუსა (ალჟირი)
57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 მორგან რიბუ (საფრანგეთი)
3 ნაე უდაკა (იაპონია)
3 ჰედვიგ კარკაში (უნგრეთი)
63 კგ
1 გევრის ემანი (საფრანგეთი)
2 ანიკა ემდენი (ჰოლანდია)
3 იოში უენო (იაპონია)
3 ელიზაბეტ ვილებურდსი (ჰოლანდია)
70 კგ
1 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2 ანეტ მესაროში (უნგრეთი)
3 იე-სულ ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
78 კგ
1 აკარი ოგატა (იაპონია)
2 საიაკა ანაი (იაპონია)
3 სელინ ლებრუნი (საფრანგეთი)
3 ლუსი ლუე (საფრანგეთი)
+78 კგ
1 ელენა ივანიშენკო (რუსეთი)
2 ნიჰელ ჩიხრუჰუ (ტუნისი)
3 ნა-იუნ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ლდალის ორტიზი (კუბა)
გუნდური ჩათვლა. კაცები
| 1 | სამხრეთ კორეა | 2 | 0 | 1 | 2 | 0 |
| 2 | იაპონია | 1 | 1 | 2 | 1 | 0 |
| 3 | საქართველო | 1 | 1 | 1 | 1 | 0 |
| 4 | საფრანგეთი | 1 | 0 | 3 | 6 | 0 |
| 5 | ბრაზილია | 1 | 0 | 1 | 1 | 0 |
| 6 | ბელგია | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 7 | უზბეკეთი | 0 | 2 | 0 | 1 | 0 |
| 8 | მონღოლეთი | 0 | 1 | 1 | 1 | 0 |
| 9 | რუსეთი | 0 | 1 | 0 | 2 | 0 |
| 10 | ჰოლანდია | 0 | 1 | 0 | 1 | 0 |
ოთარ მაღლაკელიძე







