ძიუდო

21:47 | 8.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარიზში კენჭი ყარეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თბილისურ “ევროპის ღია ტურნირზე” ნაჭიდავები შემადგენლობიდან 9 რჩეული მოკრიბა და ნაკრების გამოცდილ წევრებთან – ბეთქილ შუკვანთან (60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილთან (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანთან (90 კგ) საფრანგეთში იახლა. ხვალ-ზეგ პარიზში უპრესტიჟულესი ტურნირი – “დიდი სლემი” გაიმართება.
შაბათს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონით კატეგორიაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან. კვირას კი მედლები დარჩენილ ოთხ წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. უკვე გაიმართა წილისყრა და ჩვენებურთა მეტოქეებიც გამოვლინდნენ.
უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ქართველები საქმეში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვებიან. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი შუკვანი “დიდ სლემს” უნგრელ ლასლო ბურიანთან დაპირისპირებით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი ფრანგ ადრიენ რეიმონდსა და ებრაელ არტემ არშანსკის შორის უძლიერესს დაეჭიდება. ამირან პაპინაშვილის პირველი მეტოქე მაროკოელი იასინე მუდატირი იქნება. თუ აჯობებს, მაშინ ან ამერიკელ ნიკოლას კოსორს შეხვდება ან ხერლენ განბოლდს.
ტრისტან ფეიქრიშვილს კენჭისყრაში ნაკლებად გაუმართლა – მეორე წრეში 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ყველაზე მაღალრეიტინგიან წევრს, იაპონელ ჯუნპეი მორიშიტას დაუპირისპირდება, ოღონდ იქამდე ტუნისელი ჰოუსემ ხალფაუის უნდა მოუგოს. ამავე წონაში თორნიკე თათარაშვილი კიმონოს მეორე წრიდან მოირგებს, კანადელ პატრიკ განესთან შესახვედრად. გამარჯვების შემთხვევაში მასაც საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება, სამხრეთკორეელი იუნ ჰო ჩოს სახით.
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) სატურნირო ბადეში პირველ ნომრად განთესილი ტიტულოვანი ჰოლანდიელის დექს ელმონის სიახლოვეს მოხვდა. მათი გზები მერვედფინალში იკვეთება, ოღონდ საამისოდ ორივემ თითო მეტოქე უნდა ჩამოიცილოს. ტატალაშვილი ჰაიტელ რობენსონ ბეაუჩიჩაუს დაეჭიდება. ამავე წონაში, ზებედა რეხვიაშვილიც მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, ჰონკონგელ ჩი იპ ჩენგთან შეხვედრით. შემდეგ კი სავარაუდოდ რუსი მურატ კოძოკოვის პირისპირ დადგება.
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) პირველ წრეში ყველაზე დიდი ინტერესით სერბი ალექსეი ნეფედოვისა და სეიშელის კუნძულების ნაკრების წევრ ლესლი ფილოეს ბრძოლას დააკვირდება, რადგან მეთექვსმეტედფინალში სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.
ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) “დიდ სლემს” რუს ვიქტორ სემენოვთან დაჭიდებით გახსნის. მერვედფინალში კი ამ წყვილიდან გასული აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვსა და რუმინელ ვალენტინ რადუს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, გაჰრამანოვმა გასულ უქმეებზე თბილისის სპორტის სასახლეშიც იჭიდავა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
დავით ლორიაშვილს (100 კგ) პირველივე მეტოქედ ებრაელი ორ სასონი ერგო, ვისთანაც თბილისურ ტურნირზე ნახევარფინალში დამარცხდა. თუ რევანშს შეძლებს, მერვედფინალში ფრანგ ტიერი ფაბრესა და გერმანელ დინო პფაიფერს შორის მოგებულს შეხვდება. მეოთხედფინალში კი შეიძლება ერთ-ერთ ფავორიტს, უზბეკ რამზიდინ საიდოვს შეხვდეს.
ლაშა გურულს (100 კგ) არანაკლებ მძიმე ბადე შეხვდა. ალჟირელი ლიეს ბუიაკუბის ძლევის შემთხვევაში მონღოლი ტემუულენ ბატულგას პირისპირ დადგება. ხოლო მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ილიას ილიადისი, გერმანელი დიმიტრი პეტერსი და ფრანგი კირილ მარე არიან.
ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება, ფრანგ ჟან-სებასტიან ბონვუასინსა და მონღოლ სუგარიარგალ ბოლდპურევს შორის უძლიერესთან შეხვედრით. თუ მოუგებს, შემდეგ სავარაუდოდ კუბელ ოსკარ ბრისონს გადაეყრება. მეორე ქართველი მძიმეწონოსანი გიორგი ზაქარიაძე პირველივე წრიდან დაიწყებს, ყაზახ რუსლან აბდრაზაკოვთან ბრძოლით. ამ წყვილიდან გასულს კი სამხრეთკორეელი სუნგ-მინ კიმი ელის.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092074