პსჟ-ჩელსი
“პარი სენ ჟერმენისა” და “ჩელსის” წყვილი მეოთხედფინალში ყველაზე თანაბარია. ფრანგულ-ინგლისურ ორრაუნდიან დაპირისპირებას ფავორიტი არ ჰყავს.
დღევანდელ მატჩში, მასპინძლის სტატუსის გამო, ფავორიტად “პარი სენ ჟერმენი” უნდა მივიჩნიოთ, რომელიც “ჩელსის” კარგი განწყობით ხვდება. ლორან ბლანის შეგირდებმა ლიგა ერთის ბოლო 7 თამაში მოიგეს და შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში ზედიზედ მეორედ გაჩემპიონება გაინაღდეს. ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პარიზელები მდევარს 13 ქულით უსრებენ.
პრემიერლიგის ბოლო 3 ტურიდან 2 წააგო “ჩელსიმ”, რის შემდეგაც ლონდონელებმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს. ამას ისიც ემატება, რომ მე-3 ადგილზე მყოფ “სიტის”, რომელსაც ლონდონელები 2 ქულით უსწრებენ, 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
გუნდები ერთმანეთს, ოფიციალურ მატჩში, 2-ჯერ შეხვედრიან. 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პარიზში, სტუმრებმა 3:0 მოიგეს. იმ თამაშში პირველი გოლის გამტანი ჯონ ტერი “ჩელსიში” კვლავ თამაშობს. ასევე აღსანიშნავია, რომ “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის რანგში, ეს ჟოზე მოურინიოს პირველი თამაში იყო ევროტურნირებზე. ამ გუნდებს შორის გამართული ჯგუფის მე-2 მატჩი უგოლოდ დასრულდა.
პსჟ და “ჩელსი”, 2012 წლის ზაფხულში, ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ. თამაში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
“პარი სენ ჟერმენს” ინგლისურ გუნდებთან სულ 7-ჯერ უთამაშია. ფრანგებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს, ხოლო სამ-სამჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებულ 3 შეხვედრაში პსჟ-ს თითო მოგება, ფრე და მარცხი დაუგროვდა.
ევროტურნირის ფლეი ოფში პსჟ ინგლისურ გუნდს მესამედ ხვდება. წინა 2 მცდელობიდან პარიზელებიმა ასპარეზობა ერთხელ განაგრძეს.
“ჩელსისა” და ფრანგული გუნდების დაპირისპირება 10 მატჩს ითვლის. ლონდონელებმა 4-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და ამდენჯერვე წააგეს. მეტოქის მოედანზე გამართულ 5 თამაშში “არისტოკრატებს” 1 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს.
ევროტურნირის ფლეი ოფში, საფრანგეთის წარმომადენელს “ჩელსი” აქამდე ერთხელ შეხვედრია. 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ლონდონელები “მონაკოსთან” დამარცხდნენ, რომელიც ფინალში ჟოზე მოურინიოს “პორტუმ” გაანადგურა.
პსჟ მატჩს თითქმის უდანაკარგოდ ხვდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მხოლოდ გრეგორი ვან დერ ვილის თამაში. სტუმართა მხრიდან მსგავ სიტუაციაში არიან დავიდ ლუიზი და სამუელ ეტოო, ხოლო მოჰამედ სალაჰსა და ნემანია მატიჩს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვთ.
შეხვედრას სერბი არბიტრი მილორად მაზიჩი მოემსახურება, რომელსაც პსჟ-ს მატჩში მონაწილეობა აქამდე ერთხელ მიუღია. 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, პარიზელები “ვალენსიას” დაუზავდნენ, ანგარიშით 1:1.
“ჩელსის” თამაშში მაზიჩი მონაწილეობას პირველად მიიღებს.
- “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჟოზე მოურინიომ ევროტურნირის პირველი მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარა. პარიზში გამართული ის თამაში ლონდონელებმა 3:0 მოიგეს;
- პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ თამაშობს;
- პსჟ-ს ევროტურნირის ბოლო 28 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს;
- ჩემპიონთა ლიგის წინა 10 გათამაშებაში “ჩელსი” 1/2-ფინალში 6-ჯერ გავიდა;
- პსჟ-ს, ყველა ტურნირზე, ზედიზედ 9 თამაში აქვს მოგებული, რაც კლუბის რეკორდია. პარიზელებმა გოლი მხოლოდ 2 მატჩში გაუშვეს;
- პსჟ-ს ცენტრალური მცველი ალექსი, 2007-2012 წლებში, “ჩელსიში” თამაშობდა. ლონდონური კლუბის მაისურით მან 135 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა;
- ტიაგო მოტამ, მიმდინარე გათამაშებაში, 780 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 702 ზუსტი გამოდგა. ორივე მაჩვენებლით ის მხოლოდ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 36 თამაშში 41 გოლი გაიტანა;
- პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსიმ” უკვე 24 გოლი გაუშვა. ჟოზე მოურინიოს გუნდში პირველად მისვლის დროს, მთელს სეზონში, ლონდონელებს მხოლოდ 15 გოლი ჰქონდათ გაშვებული;
- “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა;
- “ჩელსის”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 თამაშში პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია;
- პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-ს ფეხბურთელების მიერ კარში დარტყმებიდან 28.2% გოლით დასრულდა, რაც საუკეთესო შედეგია;
- პსჟ-მ გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 თამაშში მოახერხა. უკანასკნელ 12 შეხვედრაში პარიზელებს მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდათ.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლემპარდი, რამირესი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, ტორესი.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
რეალი-დორტმუნდი
“რეალს”, გასული სეზონის შემდეგ, “დორტმუნდზე” შური აქვს საძიებელი. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, გერმანელებმა ესპანელებთან 4 ქულა აიღეს. მოგვიანებით, იურგენ კლოპის გუნდმა “სამეფო კლუბი” ნახევარფინალშიც დაამარცხა.
გასულ სეზონში, ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, “დორტმუნდმა” “რეალი” 4:1 გაანადგურა, მაგრამ მას შემდეგ, დღევანდელ მატჩამდე, გერმანულ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. იმ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან დღეს მოედანზე მხოლოდ ოთხს ვიხილავთ. ესენი არიან ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი და როისი. მარიო გიოტცემ გუნდი დატოვა, სუბოტიჩი, ბენდერი, გიუნდოგანი, ბლაშჩიკოვსკი და შმელცერი ტრავმირებულები არიან, ხოლო “რეალის” კარში 4 გოლის გამტან რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია აქვს.
უდანაკარგოდ არც “რეალია”. აქამდეც ტრავმირებულ ხედირას, არბელოასა და ხესეს, გუშინ, მარსელოც შეუერთდა.
გუნდები ერთმანეთს მეცხრედ დაუპირსიპირდებიან. წინა 8 შეხვედრიდან 3 “რეალმა” მოიგო, 2 – “დორტმუნდმა”, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. მადრიდში გამართული 4 თამაშიდან სამში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ერთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
“რეალისა” და გერმანული გუნდების დაპირისპირების ისტორია 54 თამაშს ითვლის. მადრიდელებმა 24 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 20 წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებულ 25 თამაშში “რეალს” 19 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა.
ევროტურნირების ფლეი ოფში “რეალი” გერმანელებს 19-ჯერ დაუპირისპირდა. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე 11-ჯერ გავიდნენ. ბოლო ასეთი შემთხვევა მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალში დაფიქსირდა, როდესაც ესპანელებმა “შალკე”, 2 მატჩის ჯამში, 9:2 გაანადგურეს.
“დორტმუნდი” ესპანურ გუნდებს სულ 22-ჯერ შეხვედრია. გერმანელებს 7-7 მოგება და ფრე, ასევე 8 წაგება აქვთ. სტუმრად ჩატარებულ 10 თამაშში “დორტმუნდს” 1 მოგება, 4 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა.
ევროტურნირის ფლეი ოფში, ესპანურ გუნდებთან გამართული 6 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “დორტმუნდმა” 5 მოიგო.
“რეალი” დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით არ ხვდება. ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდელებმა “რაიო” 5:0 კი გაანადგურეს, მაგრამ ანჩელოტის გუნდმა წინა 2 თამაში “ბარსელონასთან” და “სევილიასთან” წააგო, რის შემდეგაც, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
“დორტმუნდი” რომ ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებდა, ეს დიდი ხნის წინათ გახდა ცნობილი. გერმანიის ჩემპიონატის ბოლო 3 თამაშში კლოპის შეგირდებმა 7 ქულა დააგროვეს და ისინი, ჯერჯერობით, მე-2 ადგილს ინარჩუნებენ.
შეხვედრას მარკ კლატენბურგი განსჯის. ინგლისელ არბიტრს “რეალის” თამაშში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. 2011 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდელებმა “აიაქსი” 3:0 გაანადგურეს. მიმდინარე სეზონში, კვლავ ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაისთან” სტუმრად გამართულ მატჩში, “რეალმა” კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოიგო – 6:1.
“დორტმუნდის” მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში მარკ კლატენბურგს აქამდე არასდროს უმსაჯია.
- “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეოთხედ თამაშობს. მადრიდებელი წინა სამ შემთხვევაში 1/2-ფინალში გადიოდნენ, მაგრამ ტურნირს ამ ეტაპიდან ეთიშებოდნენ. გასულ სეზონში, “სამეფო კლუბი” 1/2-ფინალიდან “დორტმუნდმა” გამოაგდო;
- “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 საშინაო თამაში მოიგო, მაგრამ უკანასკნელ სამ მათგანში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
- მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 13 გოლით, კრიშტიანუ რონალდუა;
- ნური შაჰინი, 2011-12 წლების სეზონში, “რეალში” თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით მან 10 თამაში ჩაატარა;
- დღეს, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 თამაშს ჩაატარებს. მას ამ ტურნირზე 63 გოლი აქვს გატანილი, რაც რაულისა და ლიონელ მესის შემდეგ მე-3 შედეგია;
- “რეალმა” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 33 თამაშში გაიტანა, რაც რეკორდია;
- კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 43 თამაშში 53 გოლი გაიტანა;
- კრიშტიანუ რონალდუმ, “რეალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 47 თამაშში 48 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა;
- “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მადრიდელები ბოლოს “დორტმუნდთან” დამარცხდნენ;
- ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში, “დორტმუნდმა” 40 გოლი გაიტანა. აქედან ოცში მონაწილეობა რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო, რომელიც დღეს ვერ ითამაშებს.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, დი მარია, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი, სოკრატისი, დურმი, შაჰინი, კელი, ობამეიანგი, მხითარიანი, გროსკროიტი, როისი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).