ცნობილი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე მომავალ შაბათს კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოში “ჩაქუჩად”, მსოფლიოში კი “ტორნადოს” მეტსახელით ცნობილი ქუთაისელი მოკრივე კამერუნელ, თუმცა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ჰასან ნ’დამ ნ’ჟიკამს შეერკინება და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს კრივის ასოციაციის (WBA) საშუალო წონის (72.574 კგ-მდე) “დროებითი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს” დაისაკუთრებს.
ცხადია, საინტერესოა, აღნიშნული ტიტულის რაობის გაშიფვრაც. მოგეხსენებათ, მსოფლიო კრივში კარა ხანია, სრული დომხალია და სხვადასხვა ვერსიებით არაერთი წოდება თამაშდება. მაიცდამაინც მოწესრიგებულად საქმე არც WBA-ს გააჩნია, რომელმაც ხურციძე-ნ’ჟიკამის ბრძოლის წინ მორიგი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღო.
საქმე იმაშია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ქართველსა და ფრანგს სრულფასოვანი ჩემპიონის ტიტულისთვის უნდა ებრძოლათ, თუმცა, WBA-მ მის მიერვე რეიტინგში პირველ ნომრად განთესილი ყაზახი გენადი გოლოვკინის (19-0-0, 16 ნოკაუტი) ბანაკის პრეტენზიები გაითვალისწინა და ეს უკანასკნელი “დროებითი ჩემპიონის” მაგივრად “ნამდვილ ჩემპიონად” გამოაცხადა.
WBA-ს კლასიფიკაციაში, ნ’ჟიკამი მე-2 საფეხურზე იმყოფება, ხურციძე კი მესამეა, ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი გასაგებია. ორგანიზაციის ახალი ვერდიქტის თანახმად, გოლოვკინი ნოემბერში ტიტულის დასაცავად იბრძოლებს (თუმცა, ვისთან, ჯერჯერობით, გაურკვეველია) და თუ ეს წარმატებით მოახერხა, შემდეგ უკვე ხურციძესა და ნ’ჟიკამს შორის უძლიერესს შეერკინება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ WBA-ს ვერსიითვე “სუპერჩემპიონის” ტიტულს გერმანელი ფელიქს შტურმი (34-2-1, 14 ნოკაუტი) ატარებს, თუმცა, ეს უკანასკნელი საქმეში როდისღა უნდა გაერიოს, ეს ცნობილი არ გახლავთ.
ქართველი მოკრივე, რომელიც პარიზში უკრაინულ საპრომოუტერო კომპანია “ელიტ ბოქსინგ პრომოუშენს” წარადგენს, ბრძოლისთვის სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ემზადება. თავდაპირველად, ავთანდილი უკრაინელ მწვრთნელ ანდრეი სინეპუპოვთან ერთად ყირიმულ დასახლება ბალაკლავას ესტუმრა და მთელი ყურადღება სპეციალურ ფიზმომზადებას დაუთმო, სექტემბრის მიწურულიდან კი კიევში დაბრუნდა და სპარინგები სპეციალურად მისთვის ჩაყვანილ კვალიფიციურ ფრანგ, ბრიტანელ და ამერიკელ მოკრივეებთან გამართა.
30 წლის ხურციძეს პროფესიულ რინგზე 25 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 22 მოუგია (13 ნოკაუტით), 2 ფრედ აქვს დასრულებული, ერთხელ კი, 2005 წლის 13 მაისს, განელ ტონი მარშალთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. 2010 წელს “ჩაქუჩამ” ორი შეხვედრა ჩაატარა: 21 მაისს კიევში საერთაშორისო კრივის ორგანიზაციის (IBO) ვერსიით მსოფლიოს ექს-ჩემპიონი უნგრელ მიხალი კოტაის 8 რაუნდში აჯობა, 31 ივლისს კი მინსკში, ბელორუს სერგეი ხომიცკის საქმე 6 რაუნდში მოუთავა.
ხურციძე 163 სმ. სიმაღლისაა, მემარჯვენედ ითვლება, მისი ტიტულებიდან მთავარი კი WBA-ს ინტერკონტინენტური ჩემპიონის ქამარია, რომელიც უკვე ხუთჯერ აქვს დაცული, ხოლო EBA-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონის წოდება ორჯერ დაუცვია. ავთანდილი სამოყვარულო კრივში დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, რადგანაც მხოლოდ ოცამდე ბრძოლა აქვს ჩატარებული, პროფესიონალებში კი ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. მეტიც, ქართულ კრივს “პროფებში” მისნაირი წარმატებული მოკრივე არ ჰყოლია.
განვლილი კარიერის განმავლობაში, “ტორნადოს” ზურგს რამდენიმე სერიოზული გამარჯვება უმაგრებს. ხურციძემ ისეთ ცნობილ მოკრივეებს აჯობა, როგორებიც ნიჭიერი უზბეკი კუვანიჩ ტოიგონბაევი, გამოცდილი არგენტინელი ხავიერ მამანი და IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ექს-ჩემპიონი უნგრელი ატილა კოვაჩი არიან. თუკი, ავთო მომავალი მოწინააღმდეგის დაჯაბვნასაც მოახერხებს. იგი პროფესიონალური კრივის ისტორიაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი (თუნდაც, დროებითი) გახდება.
ეჭვგარეშეა, რომ 26 წლის კამერუნელი ნ’ჟიკამი ხურციძის მეტოქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ჰასანმა სახელი ჯერ კიდევ სამოყვარულო კრივში გაითქვა, როდესაც 77 გამარჯვების წილ მხოლოდ 4 მარცხი და 3 ყაიმი მოუგროვდა. 2003 წელს მან სრულიადაფრიკულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2004-ში კი მშობლიური კამერუნი ათენის ოლიმპიადაზე წარადგინა და მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ გაიდარბეკ გაიდარბეკოვთან დამარცხდა.
ნ’ჟიკამს საკუთარი ადგილის დამკვიდრება არც პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგ გასჭირვებია. გაფრანგებულმა ფრანგმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება ძლიერ რუს მოკრივე გენადი მარტიროსიანთან იზეიმა, შემდეგ კი შეუპოვარ ფრანგ აფიფ ბელგეშამსაც ბრწყინვალე სტილში აჯობა.
საერთო ჯამში, ჰასანს 24-ვე (!) ბრძოლა მოგებული აქვს, აქედან 17 კი ნოკაუტით აქვს დასრულებული. ნ’ჟიკამი, რომელსაც ხურციძესთან შერკინება მშობლიურ კედლებში მოუწევს (ისიც სათქმელია, რომ ბრძოლის ორგანიზატორი მისი პრომოუტერი – ფრანგი მიშელ აკარიესია), მომავალი ბატალიებისთვის ორ თვეზე მეტია ემზადება და მიუხედავად იმისა, მეტოქეს სათანადოდ აფასებს, საკუთარ წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.
“მზადების ძირითადი ეტაპი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გავიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა, იმ წონაში ვიყოფები, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა დავგეგმეთ. სპარინგებში ისეთი მეტოქეები შევარჩიე, რომლებიც ჩემს მომავალ მოწინააღმდეგეს ჰგვანან და საერთო ჯამში, ორასამდე რაუნდი ჩავატარე, ეს კი, სრულიად საკმარისი უნდა იყოს. ავთანდილი არცთუ მაღალია, თუმცა, ძალიან აგრესიულად ჩხუბობს. ჩემი ყოფილი მეტოქეებიდან მას აწ გარდაცვლილ ლუის გონსალო ჯეფერსონსა და მარტიროსიანს შევადარებდი.
ის, რომ ტიტულისთვის საფრანგეთში ვიბრძვი, დამატებით მოტივაციას მმატებს. არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ, პირიქით, საკუთარი ახლობლების წინ რინგზე გასვლა ძალიან სასიამოვნოა. კარიერაში მორიგი ნაბიჯის გადადგმა მსურს. WBA-მ ჩემი და ხურციძის შერკინება დროებითი ტიტულისთვის ბრძოლად გამოაცხადა და გულიც დამწყვიტა, თუმცა, ამ ორგანიზაციასაც სხვებსაც უნდა დავუმტკიცებ, რომ მათი ქამრებისა და რეიტინგების მოუხედევადაც, საუკეთესო ვარ”.
დასასრულ ერთი სასიხარულო ინფორმაციაც. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ხურციძისა და ნ’ჟიკამის ბრძოლის ჩვენების უფლება შეისყიდა და მას პირდაპირ ტრანსლაციას 30 ოქტომბერს, თბილისის დროით, 00:30 საათიდან დაიწყებს.
დათო მანჯავიძე







