ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში მიმდინარე დიდ პრიზზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ პაპინაშვილი ჩემპიონობასთანაც ძალიან ახლოს გახლდათ, თუმცა, ფინალში დასანანი მარცხი განიცადა.
ამირანმა გზიდან დომინიკელი ვანდერ მატეო, ფინელი ვალტერი იოკინენი, ფრანგი სოფიან მილო და მონღოლი ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი ჩამოიცილა (ყველას წმინდად აჯობა), გადამწყვეტ ბრძოლაში კი ასევე მონღოლ ტუმურხელუგ დავაადორჯს ვაზარითა და იუკოთი უგებდა, თუმცა ბოლო წუთზე ორი ვაზარი მიიღო და მეორე პოზიციას დასჯერდა.
ამსტერდამულ ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ.), რისთვისაც 40 სარეიტონგო ქულა მიიღო. ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლ ოდბაიარ განბაატარს, გერმანელ კრისტოფერ ვოელკსა და რუს მურატ კოძოკოვს სძლია, მეოთხედფინალში კი ფრანგ უგო ლეგრანთან დამარცხდა. ამავე წონაში თენგიზ პაპოშვილმა სერბი მილოშ მიალკოვიჩი კი დაჯაბნა, თუმცა, პოლონელ კშიშტოფ ვილკომირსკისთან ვეღარაფერი გააწყო.
66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი უკრაინელი სერჰიი დრებოტი დაამარცხა, თუმცა, მერვედფინალში პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან იპონით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
20 ნოემბერს სამეულები დარჩენილ ოთხ წონაში დაინომრება. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.) სერბ მიროიჯუბ ივეზიჩს შეხვდება, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ.) – ყაზახ ალექსანდრ კასაჩევს, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) – ლატვიელ ვიქტორ რეშკოს, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – ჰოლანდიელ ბერენდ როორდას, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) – რუს ანდრეი ვოლკოვს, ხოლო ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) – პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს.
შეგახსენებთ, ამსტერდამის დიდი პრიზის ჩემპიონები 200 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. ვერცხლის პრიზიორები – 120-ს, ბრინჯაოსნები 80-ს, მე-5 ადგილზე გასულები – 40-ს.







