პარიზის დიდ სლემზე წინასწარი შეხვედრების ჩატარების შემდეგ, 60 კილოგრამ წონით კატეგორიას 50 მონაწილიდან 4-ღა შერჩა. მათ შორისაა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი. ქართველმა მსუბუქწონოსანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი და 120 სარეიტინგო ქულა უკვე გაინაღდა.
ნახევარფინალში პაპინაშვილი სამხრეთკორეელ ვონ ჩინ კიმს დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი, კიდევ ერთი სამხრეთკორეელი ჟინ-მინ იანგი და უზბეკი რიშოდ სობიროვი იჭიდავებენ. აქვე ქართველი ძიუდოისტის მიერ დამარცხებული სამეულიც: იუჰო რეინვალი (ფინეთი), ეშლი მაკკენზი (დიდი ბრიტანეთი) და ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი).
დღესვე პარიზულ ტატამზე 66 კილოგრამში მოჭიდავე შალვა ქარდავაც გავიდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინის სახელით მოჭიდავე გევორქ გევორქიანი ჩამოიცილა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან ვეღარას გახდა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







