პარიზის “დიდი სლემის” პირველი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედლით დაასრულა. კვარცხლბეკზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ავიდა. მან 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და მე-3 ადგილი დაიკავა.
ქართველმა მსუბუქწონოსანმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რუს ბესლან მუდრანოვთან წაგებით. იქამდე მაროკოელი იასინე მუდატირი და მონღოლი ხერლან განბოლდი ჩამოიშორა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის იპონებით გაუსწორდა.
დღესვე ფრანგულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73 კგ) გავიდნენ. ფეიქრიშვილი, თათარაშვილი და ტატალაშვილი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. შუკვანი და რეხვიაშვილი კი რეპეშაჟის ნახევარფინალამდე მივიდნენ და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდნენ.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლაშა გურული, დავით ლორიაშვილი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







