ძიუდო

21:44 | 4.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის პარიზული ნახევარფინალი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიანმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა პირად რეიტინგს 120 ქულა შემატა - დღეს ქართველმა მსუბუქწონოსანმა პარიზის დიდ სლემზე ოთხი შეხვედრიდან სამში იმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
60 კილოგრამის სატურნირო ბადეში 50 ძიუდოისტი გადანაწილდა. შეხვედრები სამოცდამეოთხედფინალებით დაიწყო. პაპინაშვილი კი იმ განთესილ ძიუდოისტებს შორის მოხვდა, რომლებიც შეჯიბრებაში პირდაპირ მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთნენ. პირველ მეტოქეს - ფინელ იუჰო რეინვალს ვაზარით გაუსწორდა. ბრიტანელ ეშლი მაკკენზის ორი იუკოთი გასცდა, ხოლო აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან ერთხანს თავად აგებდა ორი იუკოთი და ჩამორჩენა იპონით შეატრიალა.
ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს რეიტინგში თავისზე 22 საფეხურით დაბლა მდგომ სამხრეთკორეელთან (28-ე ადგილი), ვონ ჯინ კიმთან იპონზე წამოეგო და რადგან დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, უმალ მესამე ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, კიმმა ნახევარფინალამდე ტურნირს უკრაინის სახელით მოჭიდავე ტიტულოვანი ქართველი გიორგი ზანთარაია და სომეხი ჰოვანეს დავთიანიც გამოთიშა.
მეორე ბრინჯაოს კიდევ ერთი სამხრეთკორეელი, ჯინ-მინ იანგი დაეუფლა. ეს სპორტსმენი მსოფლიოს რეიტინგში სულაც 38-ე ადგილზეა, მაგრამ თავისზე წინ მდგომებს უპრობლემოდ გასცდა, ნახევარფინალში კი წონის უპირობო ლიდერთან და მომავალ ჩემპიონთან, უზბეკ რიშოდ სობიროვთან მხოლოდ ჰანტეითი დამარცხდა.
დღესვე, პარიზულ ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს 73-ში მონაწილე არ ჰყავდა. 66-ში შალვა ქარდავამ (66 კგ) იჭიდავა, მაგრამ... ჰაერივით საჭირო წარმატების მოპოვება ვერ შეძლო. მეთექვსმეტედფინალში ქარდავამ იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან წმინდად წააგო და მხოლოდ 24 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. ამ შეხვედრამდე მან უკრაინის სახელით მოჭიდავე სომეხს, გევორქ გევორქიანს იპონით სძლია.
66 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ფრანგი დავიდ ლაროში ავიდა. მისი წარმატება მნიშვნელოვანწილად მასპინძლისადმი მსაჯების ზედმეტმა კეთილგანწყობამ განაპირობა. 73-ში კი ოქროს მედალს და 30 სარეიტინგო ქულას მონღოლი ნიამ-ოჩირ საინიარგალი დაეუფლა.
შეამჩნევდით, ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მამაკაცთა სამეულები იაპონელი ძიუდოისტების გარეშე შეივსო. უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ძიუდოს ფუძემდებლებმა საფრანგეთში ექსპერიმენტული შემადგენლობა ჩაიყვანეს.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების სახელით კი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ზურაბ ზვიადაური, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ჭრიკიშვილი საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. იქამდე 81 კილოგრამში ორი წრე ჩაჭიდავდება, რომელშიც ქართველი ძიუდოისტის სავარაუდო მეტოქეები: უზბეკი სუნატულა აზიმოვი, მონღოლი ტუვშინიარგალ განი და თურქი აჰმეთ სარიც მიიღებენ მონაწილეობას.
ზვიადაური ოცდამეთორმეტედფინალით დაიწყებს და მოწინააღმდეგედ მონღოლი ენხბარ ერდენებილეგი ეყოლება. თუ აჯობებს, თბილისის მსოფლიოს თასის ლიტველ ფინალისტთან, კაროლის ბაუზასთან მოუწევს შეხვედრა. ლიპარტელიანი კიმონოს მეთექვსმეტედფინალიდან მოირგებს, სავარაუდოდ პოლონელ კრჟიშტოფ ვეგლარზთან დასაპირისპირებლად.
ჟორჟოლიანს ოცდამეთორმეტედფინალში მეტოქედ კუბელი ხოსე ალმენტეროსი ერგო. ამავე ეტაპიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში ხანჯალიაშვილიც, ესპანელ ანხელ პარასთან ან არგენტინელ ორლანდო ბაჩინოსთან შეხვედრით. თილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი კი კიმონოს ოცდამეთორმეტედფინალშივე მოირგებს და ეგვიპტელ მოჰამედ მოტიეს დაეჭიდება.

ძიუდო
დიდი სლემი
პარიზი
4 თებერვალი
კაცები


60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ჯინ-მინ იანგი (სამხრეთ კორეა)

66 კგ
1 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
2 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)

73 კგ
1 ნიამ-ოჩირ სანიარგალი (მონღოლეთი)
2 კრისტოფერ ვოელკი (გერმანია)
3 ჟილ ბონომი (საფრანგეთი)
3 ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091041