საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრან-პრიზე მედალი გაინაღდა. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ლიბანელი ზიადე დამიენი და ამერიკელი ნიკოლას კოსორი იპონ-იპონ ჩამოიცილა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურის მოსაპოვებლად რუსეთის ნაკრების წევრი ბესლან მუდრანოვი და ბრაზილიელი დიეგო სანტოსი იჭიდავებენ. გრან-პრიზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ნახევარფინალში დამარცხებულები უმალ ბრინჯაოს პრიზიორები ხდებიან.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდებიან. ამ წონაში საქართველოს სახელით საქმეში იაკობ გაზდელიანი ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა იაპონელ მასაში კოდერასთან.
ფინალური პროგრამა თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება და GMG-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ოთარ მაღლაკელიძე







