ძიუდო

13:26 | 15.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი რეიტინგს მეოთხედფინალით გაიუმჯობესებს

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტებმა, ამირან პაპინაშვილმა და დავით ასუმბანმა მსოფლიოს მასტერსზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს. 2011 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ორიოდ საათის წინ დაიწყო. დღეს, მედლები პირველ-სამ წონით კატეგორიაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში თამაშდება. საქართველოს ნაკრებს კი, მონაწილეები მხოლოდ უმსუბუქეს წონაში ჰყავდა.
ამირან პაპინაშვილმა (მე-11 ადგილი რეიტინგში) მასტერსი მსოფლიოს იტალიელი პრიზიორის, ელიო ვერდეს (მე-8) ძლევით გახსნა. ქართველმა 2 იუკოთი მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც ავტომატურად, 80 სარეიტინგო ქულასაც ნიშნავს. მეორე მოგებით ნახევარფინალს და 160 ქულას გაინაღდებდა, მაგრამ რეიტინგის ერთპიროვნულ ლიდერთან, მსოფლიოს უზბეკ ჩემპიონთან, რიშოდ სობიროვთან ვეღარას გახდა.
დავით ასუმბანი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილზე დგას, პირველ წრეში ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, რეიტინგის მეოთხეადგილოსან რუსს, არსენ გალსტიანს დაუპირისპირდა და მეხუთე წუთზე იპონით დამარცხდა.
ჩემპიონ-პრიზიორები საღამოს გამოვლინდებიან. დარჩენილ ოთხ წონაში კი, მედლები ხვალ გათამაშდება. საქართველოს სახელით, ტატამზე ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) გავლენ.

ოთარ მაღლაკელიძე




 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090444