“მილანის” ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი მტკივნეულად განიცდის მისი ყოფილი კლუბის ბოლოდროინდელ დაღმასვლას. ლეგენდარული უკანახაზელი მშობლიურ კლუბში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებზე საკუთარ დამოკიდებულებას “გაძეტა დელო სპორტის” კორესპონდენტთან საუბრისას აკონკრეტებს.
- ბარბარა ბერლუსკონი და ტიფოზები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ “მილანი” სატრანსფერო ბაზარზე ცუდად და უნიათოდ მუშაობს. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- კლუბმა ცალსახად უნდა გამოაცხადოს უახლოესი პერსპექტივის მიზნები. “როსონერის” ტურინის “იუვენტუსსა” და ევროპის რამდენიმე ტოპკლუბთან ტოლსწორად პაექრობა არ ძალუძს. “მილანში” არ არსებობს პროექტი, ყველა დღევანდელობაზე ფიქრობს, მომავლის პერსპექტივა კი ბურუსითაა მოცული. აუცილებელია ძლიერი ფეხბურთელების ყიდვა და არა თავისუფალ აგენტებზე ნადირობა. გალიანი კარგი მენეჯერია, მაგრამ მას ფეხბურთელებისა არ ესმის. მასზე მეტად ბევრი ფუნქციაა აკიდებული. შეუძლებელია სინიორ ადრიანომ ყველაფერს თავი გაართვას. არასწორია ყოველთვის ერთსა და იმავე აგენტებზე დაყრდნობა. ბოლო დროს ბრაიდა ჩრდილში მოექცა. თავის დროზე ის ლეონარდოს ეხმარებოდა და ორივეს ჩემი კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე დანიშვნა უნდოდათ. მაშინ გალიანიმ განაცხადა, ეს თანამდებობა წარსულის გადმონაშთიაო. ამგვარ მიდგომას კატეგორიულად არ დავეთანხმები. როდესაც კლუბში ბევრი გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი მუშაობს, შეცდომის დაშვების ალბათობაც მინიმუმამდეა დასული. მაგალითისთვის ანდრეა პირლოს ამბავი ავიღოთ. თუკი მწვრთნელი იტყვის, რომ მას პირლო არ სჭირდება, ვინმემ ხომ უნდა კატეგორიულად განუცხადოს – ანდრეა “როსონერის” ლეგენდაა და ის არსად წავა. ასე რომ მომხდარიყო, “იუვენტუსს” ესოდენ ძვირფას საჩუქარს არ გავუკეთებდით. დღევანდელ “მილანს” კატასტროფულად აკლია ნიჭიერი სკაუტები. ამ მხრივ ჩვენ მოკრძალებული კლუბებიც კი გვჯობნიან.
- კი მაგრამ, გალიანის მუშაობის მეთოდები მრავალი წლის განმავლობაში სასურველ მაღალ შედეგს იძლეოდა...
- არ ვდაობ, მაგრამ გუნდის შედეგი მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურება არასდროსაა. გალიანი ბევრ რამეშია მიბაძვის ღირსი, მაგრამ ადრე “მილანის” შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც სიტუაციას მართავდნენ მინდორსა და მის გარეც. თუკი რომელიმე ფეხბურთელს კლუბთან გაშინაურება უჭირდა, პარტნიორები ყოველმხრივ გვერდით ვუდგებოდით. ადრე ბევრს ეგონა, “მილანის” წარმატებები დიდწილად გალიანის უკავშირდებოდა, თუმცა, ტრიუმფებში არაკლები წვლილი გამოცდილ და მაღალი სათამაშო კვალიფიკაციის მქონე მოთამაშეებს მიუძღოდათ. ნუ დავივიწყებთ ბერლუსკონის ფინანსურ ინექციებსაც. ყველაფერი მაშინ დაინგრა, როცა “მილანიდან” “დინოზავრები” წავიდნენ.
- თქვენი აზრით, გალიანი უნდა წავიდეს თუ დარჩეს?
- ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა. როდესაც თავს ყოვლისშემძლებ მიიჩნევ, ვერ ხვდები, გუნდის შედეგი მხოლოდ შენი მუშაობის დამსახურება რომ არაა. ტრიუმფის მისაღწევად ახალი იდეები, მათი ხორცშესხმის გზების დასახვა და შემართებაა საჭირო. სამწუხაროდ, “მილანს” ამ თვისებებიდან სადღეისოდ მხოლოდ შემართებაღა გააჩნია.
- კლარენს ზეედორფს “მილანში” გამოსვლის დიდი გამოცდილება აქვს. თქვენი აზრით ჰოლანდიელი ის მწვრთნელია, რომელიც ამჟამინდელ “მილანს” ესაჭიროება?
- მიუხედავად იმისა, კლარენსს სადამრიგებლო გამოცდილება რომ არ აქვს, იგი ჩამოყალიბებული პიროვნება და მამაცი ადამიანია. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელ “მილანს” გვარდიოლაც ვერაფერს მოუხერხებდა.
- ამბობენ სამომავლოდ ზეედორფს პიპო ინძაგი შეცვლისო...
- პიპო ორი წელიწადია ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მწვრთნელ-დებიუტანტს ყოველგვარი დახმარება სჭირდება. თავის დროზე არიგო საკისა და ფაბიო კაპელოსაც ფეხბურთელთა მხრიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.
- 1996-98 წლებში “მილანი” მეთერთმეტე და მეათე ადგილებს იკავებდა, 1999-ში კი ჩემპიონი გახდა. დღევანდელთან მიმართებაში შესაფერისი ანალოგიაა?
- ამჟამინდელი “მილანი” იმდროინდელთან შედარებით სუსტია. გუნდის გარდასაქმნელად ინვეტიციებია აუცილებელი. როდესაც 2007 წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, გალიანის ვუთხარი, ნუ თვლით, რომ ევროპაში საუკეთესონი ვართ, ასეა არაა. მესმოდა, რომ გარდაქმნა აუცილებელი იყო.
- რა პერიოდია საჭირო, “მილანი” კვლავინდებურად კონკურენტუნარიანი გუნდი რომ გახდეს?
- ყველაფერი ამოცანის სწორად დასმასა მისი რეალიზების გზების სათანადოდ დასახვაზეა დამოკიდებული. თაობათა ცვლა “მილანისთვის” მომაკვდინებელი აღმოჩნდა.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ სილვიო ბერლუსკონის კლუბის ბედი აღარ აღელვებს?
- შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბერლუსკონი კლუბში მიმდინარე პროცესებში ჩართული არაა. “უწინდელი” სინიორ სილვიო გადამჭრელ ზომებს მიიღებდა და ზეგავლენას მოახდენდა მინდორსა და მის გარეთ მიმდინარე პროცესებზე.