თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ აღიარებულმა 31 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ წარმატებით დაიცვა WBO-ს ვერსიის საჩემპიონო ქამარი. 66,7 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოკრივეთა სატიტულო ბრძოლა ამერიკულ არლინგტონში გაიმართა, პაკიაოს მეტოქე კი, განელი ჯოშუა კლოტი იყო. აფრიკელს პროფესიულ ასპარეზზე მანამდე ჩატარებული 39 ბრძოლიდან 35 მოგებული ჰქონდა (აქედან 20 ნოკაუტით) და მხოლოდ 4-ჯერ დაეტოვებინა რინგი დამარცხებულს.
ბევრისთვის მოულოდნელად, კლოტმა პაკიაოსაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ფილიპინელს, რომელსაც საჩემპიონო ქამარი ოთხ სხვადასხვა წონით კატეგორიაში აქვს მოგებული, ტიტულის დასაცავად 12-ვე რაუნდის ჩატარება დასჭირდა და საბოლოოდ, ქულებით დამაჯერებლად იმარჯვა (120:108, 119:109). პაკიაოსთვის ეს პროფესიულ რინგზე გამართული 56-ე ბრძოლა იყო, რომელშიც 51-ე გამარჯვება (38 ნოკაუტით) იზეიმა. ფილიპინელი მხოლოდ 3-ჯერ არის დამარცხებული, მისი ორი შერკინება კი, ფრედ დასრულდა.
"კლოტი რთული მეტოქეა. მთელი ბრძოლის განმავლობაში ის გადამწყვეტი დარტყმისთვის მომენტს ეძებდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე, ამ დარტყმის თავიდან აცილება მოვახერხე და საჩემპიონო ქამარი კვლავ საკუთარ კოლექციაში დავტოვე", - განაცხადა პაკიოამ ბრძოლის შემდეგ.
"მენი ძალიან სწრაფია. ამის გამო, მომზადებული შეტევის განხორციელების საშუალება ერთხელაც არ მომეცა. სამწუხაროდ, მის სისწრაფეს ვერაფერი დავუპირისპირე და ვაღიარებ, რომ მეტოქემ დამსახურებლად იმარჯვა", - ეს უკვე კლოტის ბრძოლისშემდგომი კომენტარია.
აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო შერკინება ამერიკული ფეხბურთის კლუბის "დალას კოვბოის" სტადიონზე ჩატარდა და მას თვალი უშულოდ ტრიბუნიდან 51 ათასამდე გულშემატკივარმა მიადევნა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში გამართული ბრძოლებისთვის სარეკორდო რაოდენობაა.







