მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალი მოკრივის, მენი პაკიაოს გუნდი ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის ორგანიზების ჩიხში შესვლის შიშით, პარალელურად სხვა მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბოლო ინფორმაციით, პაკიაო მეივეზერის პასუხს ივლისის შუა რიცხვებამდე დაელოდება. თუ თანხმობას ვერ მიიღებს, მაშინ 2 შესაძლო ვარიანტს შორის გააკეთებს არჩევანს. ფილიპინელი მოკრივის მრჩეველი მაიკლ კონცი ახლახან მიგელ კოტოს შეხვდა და მატჩ-რევანშის ორგანიზების შესახებ ესაუბრა. ამასთან, საკმაოდ აქტიურად განიხილება ანტონიო მარგარიტოს კანდიდატურაც.
“დარწმუნებულები რომ ვოყოთ, ფლოიდ მეივეზერისგან უახლოეს ორ კვირაში ხელმოწერილ კონტრაქტს მივიღებთ, სხვა ვარიანტებზე ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდით, მაგრამ ამ გაურკვევლობის ჟამს უქმად ჯდომა არ გვარგებს. თუკი, საბოლოო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ახალი ვარიანტის დასამტკიცებლად, შედარებით ნაკლები დრო დაგვეხარჯება”, – განაცხადა “BoxingScene”--ისთვის გაკეთებულ კომენტარში პაკიაოს მრჩეველმა.







