ამერიკელი ფლოიდ მეიუეზერისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს უკვე დაგეგმილი დაპირისპირება შეიძლება ჩაიშალოს. ყველა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით, მსოფლიოს უძლიერეს პროფესიონალ მოკრივედ დასახელებულმა პაკიაომ, დოპინგ-ტესტის ოლიმპიური წესებით ჩაბარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ინტერნეტ-გამოცემა “Fightnews”-ის ცნობით, ფილიპინელი სისხლის ანალიზის ბრძოლამდე 30 დღით ადრე ჩაბარების მოთხოვნამ გააღიზიანა.
მენი პაკიაოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აუხსნა, რომ უარის მიზეზი ცრურწმენაა. მოკრივე თანახმაა დოპინგ-ტესტი მხოლოდ ბრძოლისწინა პრესკონფერენციის წინ ჩააბაროს და თუ საჭირო გახდა, შეხვედრის დასრულების შემდეგაც.
ფლოიდ მეიუეზერის ინტერესების დამცველი პრომოუთერის, რიჩარდ შეფერის სიტყვებით, პაკიაოს საქციელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თავად მეიუეზერმა კი დასძინა, სისხლის ანალიზის ჩაბარება სასიამოვნო პროცედურა არც ჩემთვისაა, მაგრამ ჩემი მომავალი მოწინააღმდეგის დარად, სამარცხვინოდ არასოდეს მოვიქცევიო.
პაკიაო-მეიუეზერის ბრძოლა 2010 წლის 13 მარტსაა დაგეგმილი. სასწორზე კი ჭBO-ის (მსოფლიო კრივის ორგანიზაციის) 66,7 კილოგრამი წონითი კატეგორიის ქამარი დევს, რომლის ამჟამინდელი მფლობელიც ფილიპინელი მოკრივეა.







