იტალიური “მილანის” ტრავმირებული ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. Football Italia-ს ცნობით, იტალიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.
“ჩემი მდგომარეობა თანდათან უკეთესდება. მართალია, აღდგენითი პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს, მაგრამ პროგრესი ყოველდღიურად თვალშისაცემია. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ იმისთვის, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე. ბალოტელი? მისი ამბავი ნამდვილად მახარებს. მარიომ ბრაზილიელებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. იმედია, მომავალშიც ასეთივე წარმატებით ითამაშებს”, - განაცხადა პაცინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ტრავმა თვის დასაწყისში, “ჯენოასთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. მილანელთა სამედიცინო შტაბმა პაცინის 4-კვირიანი მკურნალობის კურსი გამოუწერა.