საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის, ვარშავული მსოფლიოს თასის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. დღეს, პოლონურ ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-სამ წონაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქმეში ოთხი ქართველი ჩაერთო, მაგრამ ოთხივე წინასწარი ეტაპის შეხვედრებიდანვე გამოეთიშა ტურნირს.
შედარებით წინ, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამბაკო ავალიანი წავიდა – ებრაელი იოზეფ პალელაშვილისა და ჩინელი ვეი ლიუს ძლევის შემდეგ, მერვედფინალში, რუმინელ კოსტელ დანკუელასთან დამარცხდა. ამავე წონაში, თენგიზ პაპოშვილმა მხოლოდ თურქი სეზერ ჰუისუზის ჩამოშორება შეძლო, ფრანგ იორდან ამოროსთან კი ვეღარას გახდა.
დავით ასუმბანმა (60 კგ) და გიორგი შოშიაშვილმა (66 კგ) კიმონო თითოჯერ მოირგეს. ასუმბანისთვის დაუძლეველი ბარიერი გერმანელი რობერტ კოპისკე აღმოჩნდა, შოშიაშვილისთვის – რუსი კამალ ხან-მაგომედოვი.
ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი პაატა ღვინიაშვილი (81 კგ), გიორგი ცოციაშვილი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







