ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში კვლავ შვიდი ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს, რომელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ანა ტატიშვილს გააჩნია. 21 წლის ტატიშვილს 787 ქულა შერჩა და ისევ 85-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის პერსონალურ რეკორდს სამი პოზიციით ჩამორჩება.
85 (85). ანა ტატიშვილი – 787 ქულა; 208 (211). ოქსანა კალაშნიკოვა – 275; 213 (215). მაკა ჩახნაშვილი – 273; 295 (296). სოფო შაფათავა – 185; 432 (453). ეკატერინე გორგოძე – 89; 460 (448). სოფო ქვაცაბაია – 78; 470 (474). თათია მიქაძე – 75;
საქართველოს პირველი ჩოგანი აშშ-ს ღია პირველობის დაწყებამდე აღარსად იასპარეზებს, მიმდინარე კვირაში კი ქართველ გოგონათა უმეტესობა თურქეთის ქალაქ სტამბულს სტუმრობს, სადაც 50-ათასიანი ტურნირი იმართება.
კვალიფიკაციის პირველ რაუნდში სოფო ქვაცაბაიამ ეკეტარინე გორგოძე 6:0, 6:3 დაამარცხა და შემდეგ წრეში ჩეხ ევა ჰრდინოვას გაეჯიბრება, თათია მიქაძე კი მერვე ნომრად განთესილ ბულგარელ ისაბელა შინიკოვასთან 3:6, 1:6 დამარცხდა. თუ არაფერი შეიცვალა, წესით, ძირითად ბადეში მეოთხე განთესვით უნდა ითამაშოს სოფო შაფათავამ.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და მიქაძე მესამე ნომრად მიჩნეულ ფრანგულ-ბრიტანულ დუეტს (ლარიერე-საუსი) დაუპირისპირდებიან.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში სამი ქართველი ვაჟი რჩება: 847 (844). ლადო ჩიხლაძე – 13 ქულა; 1223 (1214). გიორგი ცივაძე – 3; 1504 (1496). ალექსანდრე მეტრეველი – 1;







