კალათბურთი

0:45 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ქართველი ევროლიგაში?

თუკი სატრანსფერო მიდი-მოდი არ შეეხოთ, მომავალ სეზონში საკალათბურთო ევროლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 4 წევრი ითამაშებს. იტალიურმა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უკვე ცნობილია 23 გუნდის ვინაობა, რომლებიც ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და მათ შორის ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკი”, მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი”, გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" და ტურნირის ახალწვეული – გიორგი ცინცაძის “ბუდიველნიკიც” იმყოფებიან.

სრულად, იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებსაც ევროპის უძლიერეს საკალათბურთო ტურნირზე ადგილი დაბევებული აქვთ, ასე გამოიყურება:

ესპანეთი (რეალი, ბარსელონა, კახა ლაბორალი, უნიკახა)

რუსეთი (ცსკა, ლოკომოტივი, ყუბანი)

იტალია (მონტეპასკი, მილანი)

თურქეთი (გალათასარაი, ეფესი, ფენერბაჰჩე)

ლიტვა (ჟალგირისი)

საბერძნეთი (ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი)

საფრანგეთი (ნანტი, სტრასბურგი)

გერმანია (ბროზე ბასკეტსი, ბაიერნი)

სერბეთი/ადრიატიკის ლიგა (პარტიზანი, ცრვენა ზვეზდა)

პოლონეთი (ჟიელენა გორა, პოლონეთი)

ისრაელი (მაკაბი, თელ-ავივი)

უკრაინა (ბუდიველნიკი)

ცნობისთვის, ცინცაძის კლუბმა, ისევე, როგორც ფრანგულმა “სტრასბურგმა”, ევროლიგის ორგანიზატორებისგან “უაილდ-ქარდი” მიიღო. A ლიცენზია ერგო სვეტისლავ პეშიჩის მიერ გაწვრთნილ მიუნხენის “ბაიერნსაც”.

იტალიური გამოცემის თანახმად, ცნობილია იმ 8 გუნდის ვინაობაც, რომლებიც ევროლიგის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირიდან იბრძოლებენ: ბანვითი (თურქეთი), ლიეტუვას რიტასი (ლიტვა), ოლდენბურგი (გერმანია), იგოკეა (სერბეთი), ოოსტენდე (ბელგია), ნიმბურკი (ჩეხეთი), ვარეზე (იტალია), ხიმკი (რუსეთი).

0.129106