რვაწლიანი პაუზის შემდეგ, სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “რუსთავი”, გამოცდილმა მწვრთნელმა, ქვემო ქართლში კალათბურთის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა, ოთარ ხმელიძემ ჩაიბარა, რომელიც აქამდე ამავე ქალაქის ბავშვთა გუნდებში მუშაობდა. ძველი ხელმძღვანელობიდან “რუსთავში” გუნდის პრეზიდენტი კობა კობიაშვილი, გუნდის უფროსი ამირან ხაჩიძე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ვეტერანი კალათბურთელი, ბადრი კიკვიძე დარჩა. მეორე ასისტენტად ახალწვეულის ასევე ვეტერანი კალათბურთელი, რამაზ გოგიბერიშვილი იმუშავებს.
რაც შეეხება “რუსთავის” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს, იგი რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილ, ვეტერან კალათბურთელ ირაკლი ჯაფარიძესთან ერთად “რუსთავის” ახალგაზრდულ გუნდს უხელმძღვანელებს.
“მსოფლიო სპორტი” ოთარ ხმელიძეს ესაუბრა.
- რა გახდა თქვენი “რუსთავის” მთავარ მწვრთნელად დაბრუნების მიზეზი?
- დამიძახეს, გუნდი ჩაიბარეო და მეც ჩავიბარე
- გოგა ცეკვავას გარდა, რომელიც “ქუთაისი-2010”-ში გადავიდა, გამოცდილი კალათბურთელებიდან “რუსთავს” სხვებიც ხომ არ დატოვებენ?
- ცეკვავასთან ერთად გუნდი ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ და რევაზ ათანელიშვილმა დატოვეს. გუნდი მთლიანად ადგილობრივი კალათბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსთავის საკალათბურთო სკოლის რამდენიმე აღზრდილი (ანატოლი ბოისა, აკაკი დვალიშვილი, გოგა ცეკვავა...) სუპერლიგის მონაწილე სხვა გუნდებში თამაშობენ, ვერც თქვენი, “რუსთავის” სკოლის ყველა აღზრდილის თავმოყრას ახერხებთ. ასეთ შემთხვევაში რა მიზნებს გისახავთ კლუბის ხელმძღვანელობა?
- რადგან აქცენტი ადგილობრივ, “რუსთავის” სკოლის აღზრდილებზე გვაქვს გადატანილი, 1-2 წელიწადში სერიოზულ შედეგს არ უნდა ველოდეთ. მხოლოდ 3 წლის შემდეგ გვექნება პრეტენზია მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ?
- დავიბადე 1956 წლის 15 აპრილს ქალაქ რუსთავში. ვთამაშობდი კალათბურთს “რუსთავში”, ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდში, “ბურევესტნიკში”... ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი. სერიოზული ტრამვების გამო სპორტს თავი ნაადრევად დავანებე და მწვრთნელობა დავიწყე. 1987 წლიდან 2004 წლამდე ვიყავი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რუსთავის გუნდის მთავარი მწვრთნელი. 2004 წლიდან დღემდე რუსთავის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვმუშაობდი.
- რა გახდა 2004 წელს რუსთავის მთავარი გუნდიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი?
- უმართავი კაცი ხარ და ერთად ვერ ვიმუშავებთო. დამპირდნენ, მთავარი მწვრთნელის ხელფასს (1600 ლარი) შეგინარჩუნებთ და ბავშვთა გუნდში გადაგიყვანთო. სინამდვილეში 500 ლარი დამინიშნეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მადლობელი ვარ, უმუშევარი რომ არ დამტოვეს.
- ახლა რატომ დაგაბრუნეს, მართვადი გახდით?
- სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არ მგონია ჩემს ასაკში ადამიანი შეიცვალოს. მართვადი არასოდეს ვყოფილვარ და როგორიც ვიყავი, ბოლომდე ისეთი დავრჩები.
-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო იყო 1997-98 წლების ფინალი, სადაც რუსთავის გუნდი ფინალურ სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდებოდა, მოქმედ ჩემპიონ “ვითას” 2:0 უგებდა, მაგრამ მაინც წააგეთ...
- კი არ წავაგეთ, წაგვაგებინეს
- ეგ როგორ...
- პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 14 ქულის სხვაობით მოვიგეთ, დიდი შესვენება 10 წუთის ნაცვლად ნახევარი საათი გაგრძელდა. მეორე ტაიმში მსაჯები მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ უსტვენდნენ და ამიტომ დავმარცხდით. შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობა ძალით წაგვართვეს. ერთ-ერთ მსაჯს, მურმან ქურიძეს მას შემდეგ აღარ უმსაჯია.
- “ვითამ” როგორ შეძლო მსაჯებზე ზეგავლენის მოხდენა?
- “ვითა” ხომ პრივილეგირებული გუნდი იყო. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. ძალიან, ძალიან ცუდი დრო იყო, მაგრამ რას იზამ, ყველაფერი არ ითქმება და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს ამის სურვილი.
- ახლაც თუ სარგებლობს რომელიმე გუნდი “ვითას” მსგავსი პრივილეგიით?
- არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით.
- ევრო-2013-ის ფინალურ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსზე რას გვეტყვით?
- ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე ჩვენი გუნდის ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან შემცირდა.
- ევრო-2011-ის ფინალურ ტურნირზე მაკედონიასთან და ევრო-2013-ის შესარჩევ ტურნირზე თბილისში ბოსნიის ეროვნულ ნაკრებთან წაგებულ მატჩებზე რას გვეტყვით?
- ორივე თამაშის მოგება შეიძლებოდა. მაკედონიასთან შეხვედრის დროს დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა, რომ მეტოქე აქცენტს მის გამოკვეთილ ლიდერ ბო მაკალებზე გააკეთებდა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, გადამწყვეტი ბურთი მაინც მაკალებისაგან მივიღეთ.
- ჩვენს ნაკრებში მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის მუშაობას როგორ შეაფასებთ?
- ჩემი გადმოსახედიდან, ნაკრების 2-3 წევრს სხვა მოთამაშეებით შევცვლიდი. ნუ მკითხავთ, მათ ვინაობას მაინც არ გეტყვით. საერთო ჯამში კოკოშკოვს მაინც მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ორჯერ შეძლო ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.