ფეხბურთი

18:07 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ხიზანეიშვილი გუშინ და დღეს: “გამოცდილებაა, როცა ორი წამით, ან სულაც წამის მეათედით ადრე ხვდები მეტოქის ჩანაფიქრს”

3-4 წლის წინ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ოთარ ხიზანეიშვილი ისევ ითამაშებდა ფეხბურთს და თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნებოდა. “ხიზანეი”, ასე ვთქვათ, ფეხბურთელად უკვე დავიწყებულიც იყო. 30 წელს გადაცილებულმა კი ჯერ თბილისის “დინამოში” ჩაატარა კარგი სეზონი და ასევეა გორის “დილაშიც”.

ხიზანეიშვილი 17 წლისა იყო, როცა იოჰან ბოსკამპმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ათამაშა. მას შემდეგ ჰქონდა აღმავლობა (ბუნდესლიგაში თამაში “ფრაიბურგის” მაისურით), შემდეგ ჩავარდნა და უქმობა, ტრავმები, არასაფეხბურთო პრობლემები... “მსოფლიო სპორტი” ყველა ამ თემაზე ესაუბრა ოთარს:

-       30 წელს გადაცილებულმა, ფეხბურთში დაბრუნება მოახერხეთ. რის ხარჯზე? როგორ სძლიეთ პრობლემებს?

-       მონდომება, ბევრი ვარჯიში და ფეხბურთის სიყვარული. არ დავმალავ: მეც ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ არ გავჩერდი. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ამან ითამაშა მთავარი როლი.

-       რამდენად განსხვავდება “ფრაიბურგის” ხიზანეიშვილი დღევანდელისგან?

-       მაშინ უფრო ჯანზე ვიყავი, მეტი შემეძლო. სამაგიეროდ, ახლა გამოცდილება მეხმარება. ორი წამით ადრე ვხვდები მეტოქის ჩანაფიქრს. თუნდაც წამის მეათედი იყოს, ესეც საქმეა.

-       “დილაში” ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა კონტრაქტი. თქვენ რას აპირებთ, რჩებით გუნდში?

-       ჯერ არ ვიცი. ახალი წლის შემდეგ გაირკვევა.

-       დღეს უკვე აღარაა აქტუალური, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ: “დილას” ვენის “რაპიდთან” გასვლის შანსი ჰქონდა?

-       ორი მატჩის ჯამში 0:4 წავაგეთ და თითქოს რაღაა სალაპარაკო, მაგრამ უშანსოდ არ ვყოფილვართ. ჩემი აზრით, თბილისში საპასუხო მატჩის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაშვებულმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი. მანამდე მომენტები გვქონდა და ერთიც რომ გაგვეტანა, შანსები 50/50-ზე გახდებოდა. ვენაშიც გვქონდა საგოლე მომენტი, თანაც 0:0-ისას. გამოცდილება დააკლდა “დილას”. მთლიანობაში, კლუბის ევროტურნირებზე გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან “ოლბორგი” და “ჰაიდუკი” გამოვთიშეთ. “დილა” ერთი ოჯახია, კარგი ატმოსფეროა გუნდში და ამანაც იქონია გავლენა.

-       “დილამდე” “დინამოში” თამაშობდით. რატომ მოგიწიათ წასვლა?

-       “დინამოს” დიდ მადლობას ვუხდი, რომ უთამაშებელს მენდო. მთელი წრე ვითამაშე, ვუმატებდი და ამას ყველა აღნიშნავდა. შემდეგ მცირე ტრავმა მივიღე. იმ დროს ბუბა ტყავაძე წყვეტდა ასეთ საკითხებს და მან ჩემი გუნდში დატოვება არ ისურვა. ტრავმა კი მალევე მოვირჩინე.

-       საქართველოს ჩემპიონატიდან 2004 წელს წახვედით. სათამაშო დონის მიხედვით, ძალიან შეცვლილი გეჩვენებათ?

-       ვერ ვიტყვი, რომ დონემ მოიმატა, მაგრამ თითქოს ახლა უფრო ძნელია თამაში. ადრე, “დინამოში” როცა ვთამაშობდი, სხვა გუნდებს იოლად ვუგებდით, ახლა კი ასე აღარაა. ანუ, დონე გათანაბრდა და არა – მოიმატა. ინფრასტრუქტურა უკეთესობისკენ თუ არ წავიდა, კლუბებში ფული თუ არ ჩაიდო, წინსვლა არც იქნება.

-       ბევრი გაგიცდათ, თორემ, ალბათ, ნაკრებში დაბრუნებაც გენდომებოდათ.

-       ტრავმების შემდეგ ისე ვიყავი, ნაკრებზე რეალურად ვერც ვფიქრობდი. ვერც ვერავისზე ნაწყენი ვიქნებოდი, რატომ არ მიძახებენ-მეთქი. არ ვიყავი მზად. ზოგადად კი, ნაკრებში თამაშის სურვილი რომ არ მქონდეს, ეგ უფრო უცნაური იქნებოდა. სურვილზე ვამბობ. ყველაზე მძიმე ტრავმები სწორედ ნაკრებში მაქვს მიღებული. ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდიოდი, გულს უხაროდა.

-       ყველაზე სასიამოვნოდ რომელი სანაკრებო მატჩი გახსენდებათ?

-       რუსეთთან 1:0. იმ დღეს თითქოს ვიგრძენი, რომ უკვე სხვა ფეხბურთელი ვიყავი.

-       ყველაზე არასასიამოვნო თამაში?

-       ყველა წაგება სამწუხაროა, მაგრამ მაინც ჩემს სადებიუტო მატჩს გავიხსენებ. საბერძნეთთან თბილისში 1:2. ვიგებდით და ბოლო 5 წუთში 2 გოლი გავუშვით. საბერძნეთს ძლიერი ნაკრები ჰყავდა, მაგრამ არაფერი დავუთმეთ. სამწუხაროდ, ბოლოს ორჯერ გავუშვით. იმ დროს 17 წლის ვიყავი.

-       დღეს ნაკრებში არსებულ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?

-       აჯობებს, რომ დასხდნენ და ადამიანურად, გულწრფელად ისაუბრონ, თუ როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. ატმოსფერო თუ კარგი არ იქნება, იქ წარმატებაზე ფიქრი ძნელია. ისაუბრონ და შეჯერდნენ, როგორ უნდა წაიყვანონ საქმე უკეთესობისკენ. გული მწყდება, რომ ჯაბა დვალს ამდენი წელია, ნაკრებში შანსი არ მისცემია. ვლაპარაკობ ფეხბურთელზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში სეზონიდან სეზონამდე გამორჩეული თავდამსხმელია. ლევან კობიაშვილი დღემდე ბუნდესლიგაშია და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახავდით, რამდენიმე დღის წინ როგორ ითამაშა “დორტმუნდის” წინააღმდეგ. ამხელა გამოცდილება აქვს. მერე რა, რომ 36 წლისაა – ნაკრებში ჯერ მარტო მისი უბრალოდ ყოფნა წაადგებოდათ ახალგაზრდა ბიჭებს. ყველამ იცის, “კობი” როგორი ადამიანია. მისგან რაიმე ნეგატიური ხომ წარმოუდგენელია.

-       გასაგებია. ახლა უკვე წარსულია, მაგრამ რამდენად რეალური იყო “შალკეს” ინტერესი თქვენს მიმართ?

-       ჩემთან კონკრეტულად არავინ მოსულა და კონტრაქტი არ უჩვენებია, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, “შალკეა” დაინტერესებულიო. იმ პერიოდში “შალკეს” რალფ რანგნიკი წვრთნიდა. არ ვიცი, რამდენად რეალური იქნებოდა. ისე კი, ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანა Kიცკერ-მა, რაც ცოტას არ ნიშნავდა. სამწუხაროდ, სწორედ იმ პერიოდში თურქეთთან სანაკრებო მატჩში ტრავმა მივიღე.

-       ვინ იყო ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

-       მიროსლავ კლოზე და ლუკა ტონი.

-       თქვენი ძველი ინტერვიუ წამიკითხავს, სადაც აღნიშნავდით, რომ მძიმე ბავშვობა გქონდათ. კონკრეტულად?

-       იყო სიღარიბე, გამომიცდია. ერთი და იგივე საჭმელი დილასაც და საღამოსაც, უშუქობა, უგაზობა და კიდევ ბევრი რამ. ამ ყველაფერმა, ალბათ, გამომაწრთო. რამდენიმე წლის წინათ, როცა საქმე არეული მქონდა და ფეხბურთს ვერ ვთამაშობდი, სწორედ იმ ძველი გაჭირვების დამსახურებით ვძლიე პრობლემებს. ადრე უკვე გადატანილი მქონდა და ამან ფსიქოლოგიურად მეორედაც გადამატანინა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანის დახმარებით. გვერდში დამიდგნენ.

-       იცით, კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?

-       მწვრთნელი ნამდვილად არ გავხდები. ისე კი, საფეხბურთო სფეროში დარჩენას ვაპირებ.

-       მწვრთნელი რატომ არა?

-       უბრალოდ, არ ჯდება ჩემს ხასიათში.

-       საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები მოგწონთ? რას იტყვით მათზე, რამდენად პერსპექტიულები არიან?

-       ბევრი ახალგაზრდაა. კონკრეტულად, რომელი?

-       თუნდაც თქვენი თანაგუნდელი გიორგი აბურჯანია.

-       უდავოდ ნიჭიერია და შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, თუ სწორად წარმართავს თავის კარიერას. აბურჯანია პიროვნულადაც კარგი ბიჭია. ასევე, ძალიან მომწონს ლაშა პარუნაშვილი და არჩილ ტვილდიანი – ისინიც იყვნენ ჩემი თანაგუნდელები “დინამოში”. კარგები არიან “ზესტაფონის” ნახევარმცველები, ვახტანგ ჭანტურიშვილი და გიორგი ჭანკოტაძე. კიდევ იქნებიან სხვები და არ მინდა გამომრჩნენ. ეს ბიჭები უფრო დამამახსოვრდნენ.

-       კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით? გული არ გწყდებათ, რომ მეტი ვერ შესძელით?

-       გული მწყდება, რომელია... რა თქმა უნდა, ბევრი დავაკელი. ის შეცდომები, რაც დავუშვი, არ მინდა ახალგაზრდებმა გაიმეორონ და ყველას ვეუბნები ამას. შრომა, მონდომება და ნიჭის სწორად გამოყენება – არ დაიზარონ. 

 

0.141773