თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა რეპეშაჟის ფინალში ბულგარელ ისმაილ ემინ რეჯეპს დამაჯერებლად სძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კენჭისყრამ თუშიშვილი პირველ წრეში დაასვენა და პირდაპირ მერვედფინალში განთესა. იტალიელ რაიმონდო კამპანას იოლად აჯობა. ასევე უპრობლემოდ დაძლია უკრაინელი ანდრეი სტადნიკის ბარიერიც. ნახევარფინალში კი რუს მაგომედმურატ გაჯიევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. პირველი სეტის შემდეგ ქართველი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილიც (120 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულს ვერც ერთი ვერ შეწვდა.
ოთარ მაღლაკელიძე







