რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნოს” ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულებაზე არ უფიქრია.
-ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, თბილისის “დინამოს” პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა დაითხოვეს...
-“დინამო” საქართველოს უდიდესი კლუბია, თავისი ტრადიციებით და მდიდარი ისტორიით. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “აქტობესთან” წავაგეთ და გათამაშებას გამოვეთიშეთ. ალბათ, კლუბის პრეზიდენტი გაბრაზდა და ყველა ფეხბურთელთან კონტრაქტების გაწყვეტა გადაწყვიტა. გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეები დარჩნენ. ხელმძღვანელობამ კლუბის ნოლიდან აშენება გადაწყვიტა. ასეთი იყო კლუბის პრეზიდენტის ხედვა, რომლის თქმით, ფეხბურთელებზე ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ევროთასებზე შედეგს ვერ მიაღწია.
- “დინამოდან” წასვლის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება არ დაგრჩათ?
- არა. სიმართლე გითხრათ, რომან ფიფიას შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვი. პირიქით, მისი მადლიერი ვარ. გუნდში ძალიან თბილად მიმიღეს, მითუმეტეს, რომ “ალანიას” შემდეგ ნახევარი წელი არ მეთამაშა. “დინამომ” ფეხბურთში დაბრუნების ყოველგვარი შესაძლებლობა მომცა. გუნდის ხელმძღვანელობის საუცხოოდ მესმოდა და მათ ჩემი. კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და კარიერის “ტოსნოში” გაგრძელება გადავწყვიტე. ხელშეკრულება “დინამოს” ბევრ ფეხბურთელთან გააუქმეს. კლუბს მფლობელი ჰყავს და ასეთ საკითხებს ისე წყვეტს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.
-“ალანიას” შემდეგ ნახევარი წელი არ გითამაშიათ. საქართველოში იმ განწყობით დაბრუნდით, რომ ეს თქვენს კარიერაში დროებითი ეტაპი იყო და კვლავ რუსეთს მიაშურებდით?
- ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი თბილისის “დინამოში” თამაშზე ოცნებობს. თავდაპირველად ექვსთვიანი კონტრაქტი მქონდა და მისი ამოწურვის შემდეგ, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ თამაში მსურდა. მაგალითად, რუსეთში. პირველ ხანებში ბევრი ვარიანტი არ მქონდა, მაგრამ შემდეგ “ტოსნომ” წინადადებით მომმართა და რუსულ ფეხბურთში დაბრუნება გადავწყვიტე.
- “ტოსნოს” ვარიანტი როგორ წარმოიშვა? თქვენს არჩევანზე რამ იმოქმედა?
- “ტოსნოში” რამდენიმე ჩემი თანამემამულე თამაშობდა. გარდა ამისა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკოლაი კოსტოვსაც ვიცნობდი. ეს ფაქტორები გადამწყვეტი აღმოჩნდა. კლუბის ხელმძღვანელობასა და გუნდის თავკაცს მიწვევისთვის მადლობას ვუხდი.
- გუნდში თქვენი თანამემამულეების ყოფნა ახალ გარემოსთან შეგუებას გიადვილებთ?
- რუსეთში რომელ გუნდშიც უნდა ვითამაშო, ქართველი ფეხბურთელები ბევრნი არიან. “ტოსნოში” სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებთან ერთად “სკა-ენერგიასა” და “ალანიაში” გამოვდიოდი. ადაპტაციამ კარგად ჩაიარა. თავიდანვე ყველაფერი მომცეს, რათა მეთამაშა და თავი როგორც სახლში ისე მეგრძნო.
- ზოგიერთი სპეციალისტი “ტოსნოს” პრემიერლიგაში გადასვლის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევს. კლუბს ასეთი ამოცანა აქვს?
- ჩვენი ამოცანა ყოველ მატჩში გამარჯვებაა. ცხადია, პრემიერლიგაში გადასვლის ძალიან გვსურს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
- იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთის პირველ დივიზიონში ბოლოს ითამაშეთ, დონე გაიზარდა?
- ძალიან გაიზარდა. არ დაგვავიწყდეს, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით, პრემიერლიგის 4 გუნდი პირველ დივიზიონში გავარდა, ხოლო მათი ადგილი მანამდე იქ მოთამაშე გუნდებმა დაიკავეს. მიმდინარე სეზონში თამაში გაცილებით ძნელია, ვიდრე ადრე. ადვილი არც მაშინ იყო, მაგრამ ახლა პირველ დივიზიონში პრემიერლიგის ბევრი ექსწარმომადგენელია. ყველას თავისი ამოცანა აქვს. მათთანაც კი ძნელია თამაში, ვინც მიზნად პრემიერლიგაში გადასვლას არ ისახავს.
- 2011-2012 წლების სეზონი პრემიერლიგაში თქვენთვის ბოლო აღმოჩნდა. კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშის რამდენად დიდი სურვილი გაქვთ?
- გულწრფელად გეტყვით, უდიდესი სურვილი მაქვს. ახალგაზრდა აღარ ვარ, 30 წელი შემისრულდა. კარიერის დასრულებამდე პრემიერლიგაში თამაში კიდევ მსურს. მანამდე, პრემიერლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ და დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს.
- საქართველოს ნაკრებში თქვენი თამაშის პერსპექტივას როგორ აფასებთ? მისი მთავარი პრობლემა რაა? თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ნაკრებს ხომ ხუთი წელი არაფრისთვის მიუღწევია...
- ჩემთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეებია. სანაკრებო მატჩების დროს პირველ დივიზიონში შესვენება არაა და ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში კლუბში რამდენიმე მატჩს გამოვტოვებ. ნაკრებში გამოსვლა და შემდეგ გუნდში სათამაშოდ დაბრუნება ძნელია. ქეცბაია ეროვნულ გუნდს დიდი ხანია ხელმძღვანელობს და შედეგის არქონის მიუხედავად, ცდილობს გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ჯერ არაფერი გამოსდის. ვფიქრობ, ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ, რადგან საერთაშორისო არენა სულ სხვა დონეა. ჩემი აზრით, ნაკრებში უფრო გამოცდილი ფეხბურთელების მიწვევა აუცილებელია, მაგრამ ახალგაზრდებიც არ უნდა დავივიწყოთ. მოთამაშეები არის და ყოველ წელს კარგი ფეხბურთელები სულ უფრო ბევრია. რთულია გიპასუხოთ საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა რაა.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ნაკრებში კარიერა დაასრულეთ?
-რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ამ ეტაპზე რთული სიტუაციაა. ირლანდიასთან მატჩში ნაკრებში არ ვიყავი გამოძახებული. სამწვრთნელო შტაბმა ასე გადაწყვიტა. თორემ, ცხადია, ეროვნულ გუნდში კარიერას ვაგრძელებ. თუ “ტოსნო” პრემიერლიგაში მოხვდება და ნაკრებში მარცვალაძე ვინმეს დასჭირდება, ყოველთვის მზად ვარ.