ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში 17 სექტემბერს დაიწყო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის პირველივე დღეს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ოთარ კაიდარაშვილმა.
კაიდარაშვილმა 3 მეტოქე ჩამოიცილა - უკრაინელი ვალენტინ კოპილოვი, აზერბაიჯანელი ელსევარ სადიგ ზადა და ჰოლანდიელი იანიკ კლეპროთი, ფინალში კი სომხეთის წარმომადგენელ გრიგორ ივანიანს დამატებით დროში აჯობა.
პირველ დღეს ტატამზე ვაჟთა შორის კიდევ 2 ქართველი გავიდა - 60 კგ წონით კატეგორიაში შმაგი ლაგაზაურმა, 66-ში კი ლაშა შავდათუაშვილმა იჭიდავეს, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდნენ.
გოგონათა შორის 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე დარინა აბულაძე გავიდა და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავა, თუმცა ხელი მოეცარა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







