წლევანდელი ზაფხული სპორტული მოვლენებით დატვირთული იქნება. ქართული სპორტის მოყვარულებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას იმსახურებს ევროპის 2016 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ჩეხეთის, პორტუგალიის და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, ჩვენი კალათბურთელები კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ ორჯერ გამოვიდნენ, შესაბამისად ქართული კალათბურთის ქომაგთათვის მისაღები შედეგი მხოლოდ ევროპირველობაზე გამოსვლა იქნება. საქართველოს ნაკრების კანდიდატი გახლავთ ჩვენი რესპოდენტი ოთარ ფხაკაძე, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. როგორც ვიცით იგორ კოკოშკოვმა გასულ წელს ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელიც აშშ-ში საუნივერსიტეტო ლიგაში გამოდის, სლოვენიაში წაიყვანა. მართალია, ახალბედა გამთამაშებელს სლოვენიაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია, მაგრამ ფაქტია რომ გამოცდილი სერბი სპეციალისტი მასზე იმედებს ამყარებს. ჩვენ სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით ოკეანისგაღმა მყოფ სპორტსმენს და ინტერვიუ ვთხოვეთ, რომლის საშუალებითაც შევეცდებით “მსოფლიო სპორტის” მკითხველებს ახლოს გავაცნოთ ეროვნული ნაკრების წევრი.
-ოთარ, პირველ რიგში მოგესალმები, თავდაპირველად გავეცნოთ ჩვენი პორტალის მკითხველებს. როდის დაიწყე კალათბურთის თამაში?
- დავიბადე ქუთაისში, სადაც დავიწყე კიდეც ვარჯიში სპორტის ამ მართლაც გამორჩეულ სახეობაში. 6 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუამ, გაიოზ ღიბრაძემ კალათბურთის სექციაში მიმიყვანა. ჩემი პირველი მწვრთნელი გიგა დოლაბერიძე იყო. პირველი ნაბიჯები ისევე როგორც ყველა დამწყებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. ისე ბაბუას ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში და წინსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
-შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა, ვიცით გარკვეული პერიოდი ლიტვაშიც გაატარე?
-ლიტვაში ერთი წელიწადი შარუნას მარჩულიონისის სკოლაში გავატარე. ბალტიისპირეთში გატარებული დრო ძალზე ნაყფიერი გამოდგა ჩემთვის. ლიტვაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც ძალიან წამეხმარა შემდგომ წინსვლაში.
-ლიტვიდან დაბრუნებულმა, გარკვეული ხანი საქართველოში გაატარე, შემდეგ კი აშშ-ში გადაბარგდი?
- 16 წლის ასაკში ძალიან დიდი სურვილი მქონდა აშშ-ში წავსულიყავი იქ მეთამაშა. ბუნებრივია, ეს ყველა კალათბურთელის ოცნებაა. ამ იზნის მიღწევაში დამეხმარა ჩემი აგენტი, რომელმაც მომიძებნა სკოლა კალიფორნიის შტატში. “ლიბერტი ქრისტიან სქული”, ეს იყო ჩემი პირველი გუნდი ოკეანისგაღმა. მწვრთნელი იყო თოდ ფრანკლინი. ბოლო ორი წელიწადი “ფაირმონტ სტეიტში” გავატარე. ახლა კი გუნდის ძიებაში ვარ, სად ვიასპარეზებ მომავალ წელს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
- რა შეიძინე როგორც სპორტსმენმა აშშ-ში?
- ამერიკაში დიდი გამოცდილება მივიღე. მოგეხსენებათ, აშშ-ში სპორტსმენების ფიზიკური მზადების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. მეც ამ კუთხით აშკარად ვგრძნობ პროგრესს. კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე კი, დიდ სპორტში ყოფნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
- სათამაშო სტილი ხომ არ შეგიცვლია?
- თამაშის სტლი არ შემიცვლია, თუმცა აქ დიდი გამცდილება მივიღე. ფიზიკურად მოვუმატე და აქაური მწვრთნელების საკალათბურთო ფილოსოფიასაც ვეცნობი, რაც ვფიქრობ მმავალში აუცილებლად წამადგება.
- უკანასკნელმა ჩემპიონატმა როგორ ჩაიარა შენი გუნდისათვის?.
-თავად ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა. სეზონი 20 მოგებით და 10 წაგებით დავასრულეთ, მაგრამ შემდეგ საპლეოფო ნახევარფინალში გამოვეთიშეთ ასპარეზობას. მართალია, ეს საწყენი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კლუბისათვის წარუმატებლობა იყო.
- რომელიმე გუნდიდან შემოთავაზება თუ გაქვს?
- როგორც ზემოთ ვთქვი, ამჟამად გუნდის ძიებაში ვარ. სად გავატარებ მომავალ წელს ჯერ ნამდვილად არ ვიცი. აჩქარება ამ კუთხით არ ივარგებს, ვნახოთ, ყველაფერი სავარაუდოდ მალე გაირკვევა. მაისის ბოლოს საქართველოში უნდა ჩამვიდე, ვფიქრობ, მანამდე ამ კუთხით ყველაფერს ნათელი მოეფინება.
- შარშან ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს და სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც იყავი. როგორ შეაფასებ ჩვენი ნაკრების გამოსვლას სლოვენიაში?
-პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერი სპორტსმენისათვის ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პატივია. ნაკრებში გამოძახებამ უზომდ გამახარა, ხოლო როცა სლოვენიაში წამსვლელთა რიგებში მოვხვდი ეს სიხარული გაათმაგდა. ყველაფერ ამისათვის დიდი მადლობა ნაკრების ხელმძღვანელებს და კონკრეტულად იგორ კოკოშკოვს, რომლემაც ამ ნაბიჯით დიდი ნდობა გამომიცხადა. სლოვენიაში გუნდმა ყველაფერი გააკეთა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ სამწუხაროდ ნაკრებს რამდენიმე მატჩში ფორტუნამ უმუხთლა. თანაც, გვქონდა ყველასათვის ცნობილი პრობლემები წამყვანი მოთამაშეების ტრამვებთან დაკავშირებით.
- მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფს როგორ შეაფასებ?
- ბოლო პერიოდის გამოსვლებიდან გამომდინარე იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუიდან გასვლის ძალიან კარგი შანსები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოთამაშეები შესარჩევ ტურნირს ჯანმრთელნი შეხვდნენ. საერთოდ სუსტი მეტოქეები ნაკლებად არსებობენ და ყველა გუნდი გასვლისთვის თავგანწირულად იბრძოლებს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დასახულ მიზანს მივაღწიოთ და ქართული კალათბურთის ქომაგებს კიდევ ერთხელ მივცეთ საშუალება, გვიგულშემატკივრონ კონტინენტის პირველობაზე.
- დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაუხანგრძლივა იგორ კოკოშკოვს. შენი შეფასება როგორი იქნება?
- იგორ კოკოშკოვის მიმართ ჩემი პოზიცია და პატივისცემა უკვე გამოვხატე, მაგრამ დავამატებ იმას, რომ სერბი ძალიან კარგი და კვალიფიციური მწვრთნელია. იგი ჩინებულად იცნობს ჩვენს შესაძლებლობებს. ვფიქრობ, ფედერაციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. სერბს დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ნაკრების წინსვლაში. კოკოშკოვზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
- შენი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, ვინ მიგაჩნია საუკეთესო გამთამაშებლად?
- დღესდღეობით საკმაოდ ბევრი კარგი გამთამაშებელია საკალათბურთო სამყაროში, მაგრამ მე პირადად იდეალურ ფლეიმეიქერად ფრანგი ტონი პარკერი მიმაჩნია, რომელიც უზადოდ თამაშობს და იმ იშვიათ ევროპელ კალათბურთელთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც ამ პოზიციაზე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უმაღლეს დონეს მიაღწიეს. ჩემთვის პარკერი საუკეთესოა.
- რადგან ნაცონალური საკალათბურთო ასოციაცია ახსენე, ისიც გვითხარი, რომელ გუნდს ქომაგობ და საერთოდ ფავორიტად რომელი გუნდი მიგაჩნია?
- “სან ანტონიო სფურზ”-ს ვქომაგობ და ფავორიტადაც გრეგ პოპოვიჩის გუნდი მიამაჩნია. ტეხასელები მაღალი დონის კალათბურთს თამაშობენ და შარშან ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ უიღბლობამ პლეიოფის მოგების საშუალება არ მისცა. ჩემი აზრით, ის რაც შარშან ვერ შეძლეს, “სან ანტონიოს” კალათბურთელებმა, წლეულს ამას აუცილებლად მიაღწევენ.