სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ სექტემბრის ბაშოს პირველი დღე ტრიუმფალური გამოდგა ქართველი სეკიტორებისთვის. უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში რიცხულმა სამივე ქართველმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ პირველი გამარჯვებები იზეიმეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავი ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის ასპარეზობაა. 22 წლის ქართველი ივლისში კომუსუბის ტიტულს ატარებდა, თუმცა, წარუმატებელი გამოსვლის გამო, დასავლეთის მე-2 მაეგაშირობამდე დაქვეითდა და ახლა, დაკარგულის ანაზღაურებას ცდილობს.
გორგაძემ პირველი ნაბიჯი ჩრდილო ოსეთის მკვიდრ არანთან ბრძოლისას გადადგა, რომელიც აკი ბაშოს სეკივაკეს რანგში შეხვდა, თუმცა, კარიერის პიკზე მყოფი, ქართველს მაინც ვერ გაუმკლვდა. 26 წლის ალან გაბარაევი გორგაძეს ლამის წუთს დაუდგა, თუმცა, “გაწელილი” შერკინების ბოლოს მაინც ლევანმა იმარჯვა და მარცხენა მხრიდან ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების შემდეგ, ოსი იორიკირით დამარცხა.
ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავა იქნება, რომელმაც ტურნირი კიოკუტენჰოს ძლევით გახსნა. ქართველი სუმოისტი 27 წლი მონღოლს პირველად დაუპირისპირდება.
წარმატებული სტარტი აიღო ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამაც, რომელსაც სუმოს სამყარო კოკაის მეტსახელით იცნობს. 29 წლის “შავი ზღვა” თავის დროზე კომუსუბის წოდებას ატარებდა, ამჟამად კი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა გახლავთ. დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკა ცაგურიას პირველი ეკვეთა, მაგრამ ქართველმა საპასუხო სუკუინაგე განახორციელა და დოჰიო გამარჯვებულმა დატოვა.
კოკაი კარგად დაწყებული საქმის შესაბამისად გაგრძელებას ტოკიოს მკვიდრ კიტატაიკისთან (აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა) ეცდება, რომელმაც პირველ ტურში მონღოლ ასასეკირიუს აჯობა. გასული წლის მარტში იაპონელმა ქართველს ოშიდაშით სძლია, მაისში კი – იორიკირით, ასე რომ, ცაგურიამ რევანშის ასაღებად უნდა იბრძოლოს.
ქართული ტრიოდან პირველად დოჰიოზე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა გაგამარუ გამოჩნდა. თეიმურაზ ჯუღელი მაკუუჩის ბანძუკეს ქვედა ნაწილში იმყოფება და ელიტაში დასარჩენად, აუცილებლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება, რისთვისაც წარმატებული სტარტი სწორედაც რომ მისწრება გახლდათ.
ორცენტნერიანმა ქართველმა (ჯუღელი 202 კგ-ს იწონის) პირველი ორთაბრძოლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კაკიძოესთან ჩაატარა. იაპონელმა სუმოისტმა შეტევა პირველმა წამოიწყო და მეტოქის კორპუსში შესვლა შეძლო, თუმცა, გაგამარუმ მეტოქის მავაში მარცხენა ხელის ზემოდან მოიგდო და 137-კილოგრამიანი მეტოქე დოჰიოდან იორიკირით განდევნა.
ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე ჰიროშიმელი ვეტერანი ტოიოძაკურა იქნება. 36 წლის იაპონელი სექტემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და პირველ შერკინებაში ძურიოს დივიზიონის ფავორიტ გოეიდოსთან წაიფორხილა, ქართველი სეკიტორის პირისპირ კი პირველად დადგება.
წლის მორიგი სუპერტურნირის საწყის დღეს გამარჯვება იზეიმეს რეიტინგის ხუთ უმაღლეს საფეხურზე მდგარმა სეკიტორებმა. იოკოძუნა ჰაკუჰომა და ოძეკებმა ჰარუმაფუჯიმ, კოტოოშუმ, ბარუტომა და კაიომ აკი ბაშოზე პირველი მოგებები მიითვალეს.







