ბლოგი

18:16 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორნი დუნიაზე

ისევ ისინი იტანენ გოლებს, გუშინ რომ იტანდნენ. ისევ ისინი არიან გამორჩეულები, ბოლო წლების მანძილზე რომ იყვნენ... ისევ ისეთი რეალობაა, როგორიც გუშინ იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ წლევანდელი პრიმერა დივიზიონი, კვლავ ორი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის საჯლიგინო ასპარეზი იქნება და თუკი, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ამ ფეხბურთელების გუნდები გავლენ ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილებზე.

ფეხბურთი ომი და მიწისძვრა არაა, მთელი ერის სრული მობილიზაცია რომ მოახდინო. ამიტომ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ყელში ამოუვიდათ მესისა და რონალდუს ჰეგემონია და ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც პრიმერა დივიზიონი, უფრო დაძაბული და ტევადი ტურნირი იყო. მაგრამ, ადამიანს ორი თვალი იმიტომ აქვს, რომ ყველაფერი ნათლად დაინახოს და ალბათ, ისიც უნდა აღიაროს, რომ ლეო და კრიშტიანუ, დღეს უდავოდ უპირველესნი არიან. ამის დასადგენად, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ გემოვნებას უნდა მოვუხმოთ. თუმცა, არის სრულიად სხვა და განსხვავებული შეფასების პრინციპიც. მაგალითად, როდესაც ტელევიზორში სხვადასხვა არხებზე ერთბაშად რამდენიმე საფეხბურთო რეპორტაჟს გადმოსცემენ, გვერდით უნდა მოისვათ ფეხბურთში ნაკლებად ჩახედული ადამიანი (მაგალითად, ცოლი) 10-10 წუთი აყურებინოთ ყველა მატჩი და ბოლოს ჰკითხოთ: რომელი შეხვედრის ცქერას არჩევდა. დამერწმუნეთ, 10-დან 9 შემთხვევაში აუცილებლად იმ მატჩებს გეტყვით, სადაც რონალდუ და მესი იქნებიან მინდორზე. მიზეზი მარტივია: ეს ფეხბურთელები, გარდა იმისა, რომ ყველაზე ცნობადები არიან, განსაკუთრებული სტილითაც გამოირჩევიან და შოუს დადგმა ყველაზე კარგად ხელეწიფებათ. ფეხბურთის მაცქერალთა დიდი ნაწილი კი, სპორტის ამ სახეობისგან შოუს ელის.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურში თუკი ისე დაემთხვა, რომ “რეალი” და “ბარსელონა” შეხვედრებს სხვადასხვა დღეს ატარებენ (ხშირად ასე ხდება ხოლმე), ერთ რამედ ღირს იმის ცქერა, როგორ ცდილობს კრიშიანუ რონალდუ, ლეო მესის მიერ წინა დღეს გატანილი ორი გოლი “გაქვითოს” და არანაკლებად გამოიჩინოს თავი. იგივეს აკეთებს მესიც, თუკი მისი გუნდის თამაში “რეალის” მატჩიდან მეორე დღეს ტარდება. ათეულობით ტურის გახსენება შეიძლება, როდესაც ”რეალიცა” და
“ბარსელონაც” ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მათი ჯილა, უშუალო მეტოქეს არ ჩამორჩენოდა. ყველა პასს მათ აძლევდნენ, მთელს თამაშს მათზე აწყობდნენ და პენალტის დანიშვნის შემთხვევაში ვინ მივიდოდა პენალტის ნიშნულთან, რთული გამოსაცნობი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერმა, უკვე, ერთგვარი კომედიის სახე მიიღო და დღეს, ესპანეთის საფეხბურთო პირველობის ინტრიგაცა და ნაკლოვანებაც, სწორედ ამ ორი ბიჭის დაპირისპირებაზე გადის.

ახლა, მთავარი უნდა ვთქვათ... მთლიანობაში, კარგია თუ ცუდი ის, რომ პრიმერა დივიზიონი პორტუგალიურ-არგენტინული ჯახის ასპარეზი გახდა. არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ, არაფერია იმაში ცუდი, რომ ჩვენ დღეს ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელების დაპირისპირების მომსწრენი ვართ. ეს არის ის დაპირისპირება, რომელზეც შემდგომი ათწლეულები ილაპარაკებენ და ყოველთვის იარსებებენ “მესისტებიცა” და “რონალდუსტებიც”. ეს კი, თავის მხრივ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ფეხბურთს, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანები და დიდი ვარკვლავები ქმნიან. ვარსკვლავების გარეშე, ფეხბურთი არ იქნებოდა ის, რის გამოც ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები მილიონობით ადამიანი ცოცხლობს. ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ კი, ჭეშმარიტად დიდი და კაშკაშა ვარსკვლავები არიან! 

0.120677