ძიუდო

17:13 | 21.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორმხრივი დასკვნა: მესამე სიახლე აღარ იქნება

ბოლო ორ დღეში ქართულ ძიუდოში დატრიალებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ მთელი ქართული ძიუდოს სამყარო ნაკრების მთავარ მწვრთნელად შოთა ხაბარელის დაბრუნებაზე საუბრობდა. კულუარული ინფორმაცია თავად ხაბარელმა ჩვენს ვებგვერდთან ინტერვიუში გაახმაურა, მაგრამ...

ამ ინტერვიუს ჩაწერიდან სულ რაღაც ოციოდ საათში მორიგი ოფიციალური განცხადება გავრცელდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ ქართული ტელეკომპანიებისთვის გაკეთებულ კომენტარში ნაკრების სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილება უარყო. მოვლენები რომ უკვე სხვაგვარად განვითარდა, თავად ხაბარელმაც დაადასტურა.
“მსოფლიო სპორტი” სიტუაციაში უკეთ გასარკვევად გიორგი ალექსიძეს ესაუბრა.
- იქნებ გაგვაგებინოთ, რა ხდება?
- მეც გაოცებული ვარ. შოთა ხაბარელი ნაკრებში მთავარ მწვრთნელად რომ ბრუნდებოდა, ამის შესახებ მეც მასმედიიდან შევიტყვე. პირადად არაფერი მსგავსი არ გამიგია...
- გამოდის, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ჭორი იყო?
- ნამდვილად ასეა. კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ არა ზაიზენბახერის წასვლაზე, არამედ ერთობლივად მუშაობის თაობაზე, ნაკრების კურირებაზე.
- ამბობენ, თბილისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის სტუმრობის ერთ-ერთი მიზეზი ზაიზენბახერის ხაბარელით ჩანაცვლება იყოო... თავად ხაბარელმაც დაადასტურა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში, ეს საკითხი ვიზერის თანდასწრებით წყდებოდაო...
- ტყუილია. ვიზერი სხვა თემაზე იყო ჩამოსული. უბრალოდ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც დააფიქსირა თავისი აბსოლუტურად ნეიტრალური აზრი – თქვენი გადასაწყვეტიაო. ეს ყველაფერი აგორებული ჭორია.
- საინტერესოა, რა იყო ვიზერის თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი?
- ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს პირადად ჰყავდა მოწვეული.
- ორ დღეში ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. უახლოეს დღეებში კიდევ უნდა ველოდოთ ხმაურიან სიახლეს?
- არანაირი ცვლილება აღარ მოხდება. პეტერ ზაიზენბახერი ჩვეულებრივად აგრძელებს ნაკრების წვრთნას. შოთა ხაბარელი კი, გარდა იმისა, რომ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, სანაკრებო მზადებას გაუწევს კურირებას.
გიორგი ალექსიძესთან საუბრის შემდეგ “მსოფლიო სპორტი” შოთა ხაბარელს დაუკავშირდა.
- გუშინ გვითხარით, უახლოეს დღეებში ნაკრებში დავბრუნდებიო, დღეს კი ეს გამოირიცხა. რა ხდება?
- ერთს გეტყვით, ჩემი მხრიდან არც ინიციატივა წამოსულა და არც ამჯერად მითქვამს უარი. მხოლოდ შემოთავაზებას დავთანხმდი. სულ ეს იყო.
- ითქვა, რომ ნაკრებში დაბრუნების შემთხვევაში, ზაიზენბახერთან ერთად მუშაობა არ გსურდათ...
- ტყუილია. მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს. არც ამ და არც სხვა დეტალზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მხოლოდ ზოგადად ვიცოდი, რომ ვბრუნდებოდი.
- და რა შეიცვალა ამ ერთ დღეში?
- არ ვიცი. ალბათ უბრალოდ, როგორც მოიფიქრეს, ისე გადაიფიქრეს.
- იქნებ გაგვიმხილოთ, კონკრეტულად ვინ გთავაზობდათ ნაკრებში დაბრუნებას?
- ამ საკითხს ღიად დავტოვებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უფრო მაღალი ინსტანცია, ვიდრე ძიუდოს ფედერაცია.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081177