ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრჰიმოვიჩი ევროტურნირების მომდევნო 2 შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი “ვალენსიასთან” გამართულ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათია.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “ვალენსიასთან” გამართული შეხვედრის მიწურულს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უხეშად ითამაშა და არბიტრისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. როგორც მოსალოდნელი იყო, შვედ თავდამსხმელს მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება არ აკმარეს და იგი ევროტურნირების მომდევნო ორ შეხვედრას დააკლდება. ერთ-ერთი მათგანი “ვალენსიასთან” გასამართი განმეორებითი შეხვედრა იქნება, ხოლო მე-2, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩი.
UEFA-ს სადიცისციპლინო კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა და შემდეგი გადაწყვეტილებები გამოიტანა:
- “ფენერბაჰჩეს” ნახევარმცველი რაულ მეირელეში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. იმის გათვალისწინებით, რომ მან ერთი თამაში უკვე გამოტოვა, პორტუგალიელის დისკვალიფიკაცია ევროპის ლიგის 1/8-ფინალში, “პლზენთან” გასამართი 2 შეხვედრის შემდეგ ამოიწურება;
- ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა, სეზარ ნავასმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
- “ფენერბაჰჩეს” მიერ ევროტურნირების მომდევნო საშინაო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება. გარდა ამისა, თურქული კლუბი 60 ათასი ევროთი და ორწლიანი პირობითი სასჯელითაც დაისაჯა. თუ მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში, “ფენერბაჰჩეს” გულშემატკივრები ქცევის წესებს კვლავ დაარღვევენ, თურქულ კლუბს ევროტურნირებზე თამაში ერთი წლით აეკრძალება.