კალათბურთი

2:11 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორმა იმარჯვა, სამმა წააგო

ქართველ კალათბურთელთა მეტოქეებიდან უქმად არავინ დარჩენილა

23 აგვისტოს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებმა მორიგი მოსამზადებელი მატჩები გამართეს და ისე გამოვიდა, რომ საქართველოს კალათბურთელთა გუნდის მეტოქეებიდან საქმეში ყველა ვიხილეთ. მათგან გამარჯვებები D ჯგუფის ფავორიტებად შერაცხულმა ესპანეთმა და სლოვენიამ იზეიმეს, პოლონეთს, ხორვატიას და ჩეხეთს კი მარცხი შეემთხვათ.

მიუხედავად არცთუ სოლიდური სხვაობისა (81:74), დამაჯერებლად იმარჯვა ევრობასკეტის მასპინძელმა სლოვენიამ. ბოჟიდარ მალკოვიჩის შეგირდებმა კოპერში ჩერნოგორიასთან გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ (43:43) დაასრულეს, მეორეში კი მათი უპირატესობა გამოიკვეთა.

სლოვენიელებმა მეტოქე განსაკუთრებით ფარქვეშ დაჯაბნეს. მოხსნებში მასპინძელთა უპირატესობა კოლოსალური (41:24) გახლდათ, რაც მათი წარმატების უმთავრეს საფუძვლად იქცა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ბოსტიან ნახბარი იყო, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:50 წუთში 16 ქულა ჩააგდო, ამასთან ჩერნოგორიელები მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მის გარდა 10-ქულიან ზღვარს ასევე სამარქაფო ედო მურიჩი გადასცდა – 13 ქულა.

შაბათს სლოვენიელები კოპერშივე იტალიას უმასპინძლებენ, მოსამზადებელ ციკლს კი 31 აგვისტოს დაასრულებენ, როდესაც ლიუბლიანაში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მიიღებენ.

აი, გუშინ კი, ფრანგები მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ესტუმრნენ და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, ხუან ანტონიო ორენგას ბიჭების ძლევამოსილი სვლა ვერ შეაჩერეს.

ესპანელებს მანამდე 4 საკონტროლო მატჩი ჰქონდათ მოგებული და წარმატებული სერია ხუთამდე აიყვანეს. მადრიდში გამართული თამაშის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 24:17 მოიგეს და საბოოლოოდ – 85:76 იმარჯვეს.

შეხვედრის გმირი სერხიო როდრიგესი გახდა, რომელმაც 12-ვე ქულა (!) უკანასკნელ ათწუთეულში ჩააგდო და სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი გადაუწურა. მის გარდა, 10-ქულიან ზღვარს რუდი ფერნანდესი (13), სერხიო ლული (12) და მარკ გასოლიც (12) გადასცდნენ, ფერნანდო სან ემეტერიომ კი ზუსტად 10 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ფრანგების თავკაც ვინსენ კოლეს გაურკვეველ მიზეზთა გამო, თამაშში საერთოდ არ ჩაურთავს გუნდის ლიდერი ტონი პარკერი, მის არყოფნაში კი სტუმრებს ნიკოლა ბატუმმა (17 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი), მიკაელ ჟელაბალმა (16 ქულა) და ნანდო დე კოლომ (13 ქულა) ულიდერეს.

26 აგვისტოს ფრანგები ესპანელებს უკვე მონპელიეში მიიღებენ და რევანშის შანსიც მიეცემათ, იმ მატჩის მერე კი, პირენეელები კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. ესპანეთის ეროვნული გუნდი 28-29 აგვისტოს დიდ ბრიტანეთს, შესაბამისად, მურსიასა და სარაგოსაში უმასპინძლებს და საკონტროლო შეხვედრების სერიასაც დაასრულებს.

მოულოდნელი მარცხი შეემთხვა პოლონეთის ნაკრებს შეემთხვა, რომელიც შინაურ ლუბლინში დასკვნით საკონტროლო შეხვედრებს ატარებს და მეტოქეებიც ისეთები შეარჩია, რომ სლოვენიაში კარგ ხასიათზე გამგზავრებულიყო...

ლუბლინის ტურნირის პირველ შეხვედრაში შვედეთმა დიდ ბრიტანეთს ძალიან იოლად – 85:68 სძლია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრიტანელებს მომავალ ტურნირზე ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრები ეყოლებათ.

საღამოსკენ კი მოედანზე პოლონეთის და უკრაინის ნაკრებები გავიდნენ და ისევ გამოჩნდა, რომ რომელიმე ლიდერის (საუბარია მარცინ გორტატსა და მაჩიეი ლამპეზე) არყოფნის შემთხვევაში, პოლონელები არც ისე მრისხანედ გამოიყურებიან.

ამჯერად, იდაყვის ტრავმის გამო, მასპინძელთა განაცხადში ლამპე ვერ მოხვდა, რაც დირკ ბაუერმანის შეგირდებს არცთუ ძლიერ უკრაინასთან წაგებად დაუჯდათ. პოლონელები მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე კი ანგარიში 83:77 იყო, თუმცა, მასპინძლებმა წაგება მაინც “მოახერხეს”.

დარჩენილ დროში ნატიაშკომ 2 საჯარიმო ჩააგდო, გლადირმა სამქულიანი გამოიყენა, რასაც კოშარეკმა ყოვლად გაუმართლებელი დაკარგვა მიაყოლა და უკრაინელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მცველმა პუჰ ჯეტერმა გადამწყვეტი ორქულიანი სირენასთან ერთად მიითვალა – 83:84.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ჩინებულად გამოიყურებოდა და გუნდს 23 ქულა შესძინა, პოლონელებს კი მოულოდნელად მატეუშ პონიტკმა ულიდერა, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ასევე 23 ქულა ჩააგდო. რაც შეეხება გორტატს, მან მოედანზე 28:39 წუთი დაჰყო და 18 ქულას 5 მოხსნა წაამატა.

შაბათს ერთმანეთის პირისპირ ჯერ უკრაინა და შვედეთი დადგებიან, შემდეგ კი საქმეში პოლონეთს და დიდ ბრიტანეთს ვიხილავთ.

საკუთარ თავს აშკარად არ ჰგავს ხორვატიის ნაკრები, რომელმაც მოსამზადებელ ციკლში უკვე მე-5 მატჩი წააგო. იასმინ რეპეშას გუნდი ამჯერად სტამბულის “ოთხთა ტურნირში” ჩაება და პირველ ტურში სერბეთთან, რომელსაც ქართველმა კალათბურთელებმა 75:71 სძლიეს, 71:88 განადგურდა.

ხორვატებმა თამაშის პირველი მეოთხედი 8 ქულით დათმეს და მართალია, ბოლო მეოთხედის წინ 5-ქულიანი ჩამორჩენა გარკვეულ იმედებს კიდევ იძლეოდა, დასკვნით ათწუთეულში სერბები შეუჩერებელნი იყვნენ – 26:14. შედეგად, სერბთა თავკაცმა დუშან ივკოვიჩმა აღნიშნულ პოსტზე მისთვის საიუბილეო მე-100 მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

ხორვატებს 16 ქულით მარკო ტომასმა ულიდერა, ხოლო ის კალათბურთელები, რომლებიც წესით პირველ პლანზე უნდა იყვნენ, დიდად არ გამორჩეულან. ბოიან ბოგდანოვიჩმა 4-ვე სამქულიანი ააცილა და 7 ქულას დასჯერდა, ანტე ტომიჩმა 8 ქულა ჩააგდო, როკო ლენი უკიჩმა – 9, ხოლო დამირ მარკოტამ – 3.

ხორვატებს გონს მოსასვლელად კიდევ 2 შეხვედრა აქვთ. შაბათს მათი მეტოქე თურქეთი იქნება, რომელმაც ბელგია 77:53 გაანადგურა და ცხადია, მე-2 ტურის მატჩშიც ფავორიტად მოსჩანს, ხოლო კვირას ხორვატია-ბელგიის შეხვედრა გახლავთ დაგეგმილი და იქნებ, რეპეშას შეგირდებმა ხასიათი იმ თამაშში მაინც გამოიკეთონ.

ვილნიუსის ტურნირის სასტარტო დღეს რუსების ძლევის (74:72) კვალად, მომდევნო 2 მატჩი დათმო ჩეხეთის ნაკრებმა. პაველ ბუდინსკის ბიჭებმა ფინეთთან 89:98 წააგეს, გუშინ კი სათანადო წინააღმდეგობა ვერც მასპინძელ ლიტვას გაუწიეს (55:69), რომელმაც საშინაო ტურნირი უპრობლემოდ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და მხოლოდ საკუთარ ფარზე იმდენი ბურთი მოხსნეს (33), რაც მეტოქემ – ჯამში, სულ კი სტუმრებს მოხსნებში 41:33 აჯობეს.

გუნდებმა ერთობლივად 38 სამქულიანი სტყორცნეს, საიდანაც მხოლოდ 7 გამოიყენეს, ლიტველთა უპირატესობა კი საჯარიმო ტყორცნებმა განაპირობა. მასპინძლებმა 22-დან 17 საჯარიმო სროლა ჩააგდეს, სტუმრებმა კი უშეცდომოდ ესროლეს, თუმცა, აღნიშნულის უფლება რვაზე მეტჯერ არ მისცემიათ.

აშკარად არ წაუვიდათ თამაში ჩეხების ყველაზე სახელოვან კალათბურთელებს – ტომაშ სატორანსკის და იან ვესელის, რომელთაც ჯამში 10 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვეს. ზუსტად ამდენი ქულა მიითვალა პაველ პუმპრლამ, ყველაზე შედეგიანი კი ვოიტეხ ჰრუბანი იყო – 11 ქულა.

ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ბოლო მოსამზადებელი მატჩები ბელგიაში ელის. 28 და 29 აგვისტოს, ბუდინსკის შეგირდები ბელგიელებს, შესაბამისად, პეპინსტერსა და ბრიუსელში გაეჯიბრებიან.

 

ესპანეთი – საფრანგეთი 85:76 (18:18, 16:15, 27:26, 24:17)

ესპანეთი: კალდერონი (21 წ. 5 ქ.), რუბიო (22 წ. 8 ქ. 8 პ. 3 ჩ.), კლავერი (19 წ. 3 მ.), ლული (21 წ. 12 ქ.), მ.გასოლი (30 წ. 12 ქ. 5 მ.); აგუილარი (21 წ. 4 მ.), ფერნანდესი (19 წ. 13 ქ.), როდრიგესი (18 წ. 12 ქ. 3 პ.), რეი (10 წ. 8 ქ. 3 მ.), სან ემეტერიო (13 წ. 10 ქ.), მუმბრუ (7 წ. 5 ქ.). 

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ორენგა.

 

სლოვენია – ჩერნოგორია 81:74 (24:22, 19:21, 17:11, 21:20)

სლოვენია: ბლაჟიჩი (22 წ. 10 ქ. 4 მ.), გ.დრაგიჩი (21 წ. 7 ქ. 3 მ. 6 პ.), ვიდმარი (17 წ. 7 ქ. 3 მ.), ბალაჟიჩი (11 წ. 3 მ.), ზ.დრაგიჩი (14 წ. 8 ქ. 3 მ.); სლოკარი (15 წ. 4 ქ.), ლაკოვიჩი (19 წ. 5 ქ. 6 პ.), იოკსიმოვიჩი (12 წ.), მურიჩი (18 წ. 13 ქ. 5 მ.), ნახბარი (18 წ. 16 ქ.), დ.ლორბეკი (14 წ. 7 ქ.), ბეგიჩი (19 წ. 4 ქ. 5 მ.).

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალკოვიჩი. 

 

ლუბლინის ტურნირი (პოლონეთი)

პოლონეთი – უკრაინა 83:84 (21:21, 19:18, 27:18, 16:27)

პოლონეთი: შუბარგა (19 წ. 8 ქ.), პონიტკა (24 წ. 23 ქ.), გორტატი (29 წ. 18 ქ. 5 მ.), კოშარეკი (23 წ. 6 ქ. 5 მ.), კელატი (21 წ. 3 მ.); ჩილინსკი (19 წ. 12 ქ. 3 პ.), ზამოისკი (18 წ. 6 ქ. 4 მ.), იგნერსკი (20 წ. 4 მ.), ვაჩინსკი (16 წ. 7 ქ.), კარნოვსკი (11 წ. 3 ქ.3 მ.).

მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი.

 

დიდი ბრიტანეთი – შვედეთი 68:85 (12:27, 17:21, 25:15, 14:22)

 

სტამბულის ტურნირი (თურქეთი)

ხორვატია – სერბეთი 71:88 (13:21, 22:20, 22:21, 14:26)

ხორვატია: ტომიჩი (21 წ. 8 ქ. 6 მ.), ბოგდანოვიჩი (30 წ. 7 ქ. 5 პ.), ტომასი (22 წ. 16 ქ. 5 მ.), უკიჩი (21 წ. 9 ქ.), მ.დელასი (12 წ. 4 ქ.); ანდრიჩი (15 წ. 4 ქ.), დრეიპერი (19 წ. 11 ქ. 4 პ.), რუდეზი (12 წ.), სიმონი (16 წ. 5 მ.), მარკოტა (16 წ. 3 ქ.), პლანინიჩი (3 წ. 2 ქ.), სარიჩი (12 წ. 2 ქ.).

მწვრთნელი: იასმინ რეპეშა.

 

თურქეთი – ბელგია 77:53 (19:15, 17:10, 17:11, 24:16)

 

ვილნიუსის ტურნირი (ლიტვა)

ლიტვა – ჩეხეთი 69:55 (14:10, 16:14, 16:13, 23:18)

ჩეხეთი: ბალვინი (10 წ. 2 ქ.), ჰრუბანი (21 წ. 11 ქ.), სატორანსკი (29 წ. 4 ქ. 5 მ. 4 პ.), პ.ჰოუსკა (28 წ. 4 ქ.), ვესელი (26 წ. 6 ქ. 5 მ. 3 ჩ.); პუმპრლა (19 წ. 10 ქ. 5 მ.), ველში (23 წ. 7 ქ. 3 მ.), ბარტონი (14 წ.), იელინეკი (15 წ. 7 ქ.), სვრდლიკი (14 წ. 4 ქ. 3 მ.).

მწვრთნელი: პაველ ბუდინსკი.

 

ფინეთი – რუსეთი 73:90 (21:25, 17:23, 11:19, 24:23)

 

ულმის ტურნირი (გერმანია)

მაკედონია – საბერძნეთი 77:75 (15:17, 19:23, 20:18, 23:17)

გერმანია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 62:73 (20:10, 11:20, 15:20, 16:23)

0.113925