ბოლო სეზონები
უკანასკნელი სეზონი, “ორლანდოს” გულშემატკივრებს უფრო სკანდალებით დაამახსოვრდებათ, ვიდრე გუნდის ნაჩვენები შედეგებით. ნბა-ს საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი რეგულარული სეზონის მეორე ნახევარში გაებუტა გუნდის მთავარ მწვრთნელს სტივ ვან განდის და უარს ამბობდა თამაშზე. რამაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა იქონია, როგორც გუნდში არსებულ კლიმატზე, ასევე რეზულტატზეც. ორლანდო პლეი ოფის პირველსავე რაუნდში თითქმის უშანსოდ დამარცხდა “ინდიანასთან” 4–1. ამის შემდეგ კლუბის მენეჯმენტმა გასაოცარი გადაწყვეტილებები მიიღო, თავისივე ხელით მოანგრია ის ფუნდამენტი, რის ირგვლივაც ამდენი ხანი მიდიოდა გუნდის მშენებლობა: გათავისუფლებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივ ვან განდი, “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გაიცვალა ნბა-ს “სუპერმენად” წოდებული დუაიტ ჰოვარდი, ასევე შეელია ფორვარდ რაიან ანდერსონს, რომელსაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი სამქულიანი ქონდა ჩაგდებული ლიგაში. კლუბის გენერალური მენეჯერის რობ ჰენიგანის ამ გადაწყვეტილების ფონზე,საჩემპიონო ამბიციების მქონე “ორლანდო”, საშუალოზე დაბალი რანგის კლუბად გადაიქცა.
მთავარი მწვრთნელი: ჟაკ ვონი
პროფესიონალი მოთამაშის კარიერის დროს, ჟაკ ვონი საშუალო დონის გამთამაშებელი გახლდათ: დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, მთავარი მწვრთნელის მიერ მიცემული დავალებების ზედმიწევნით შემსრულებელი, რაც მთავარია იგი კარგად აანალიზებდა საკუთარ სუსტ მხარეებს და ცდილობდა სწორი დასკვნები გამოეტანა.შორეული წლების წინ სწორედ ამ თვისებიბის გამო, გრეგ პოპოვიჩმა უწინასწარმეტყველა მას დიდი სამწვრთნელო კარიერა. ვონს დებიუტი ექნება მთავარი მწვრთნელის რანგში, ორლანდოში მას ძირითადად სხვა გუნდებისგან უკვე ჩამოწერილი მოთამაშეები დახვდნენ, რომელთა ერთ მუშტად შეკვრა და მათთან რაიმე ღირებული მიზნის მიღწევა ცოტა არ იყოს გაძნელდება. პირველი სეზონი ალბათ სტანდარტულად ჩაივლის, მოსალოდნელია ტაქტიკური შეცდომები, რადგან ლიგის დებიუტანტი –მწვრთნელი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში იქნება.
ახალი იმედი: ნიკოლა ვუჩევიჩი
ვუჩევიჩი ჩერნოგორიის საკმაოდ ძლიერი ნაკრების, უცვლელი წევრი გახლავთ. იგი 2008 წელს ჩაირიცხა სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტში და პირველ სეზონში გაუჭირდა ადაპტაცია: საშუალოდ მატჩში, პარკეტზე ატარებდა რა 11 წუთს, აგროვებდა 2,6 ქულას და 2,7 მოხსნას. 2009–10 წლების სეზონი გაცილებით წარმატებული გახლდათ მის კარიერაში: 32 წუთში 10,7 ქულა და 9,4 მოხსნა. შემდეგ სეზონში მისი წინსვლა კიდევ უფრო აშკარა გახლდათ, დაახლოებით იმავე დროში 17,1 ქულა და 10,3 მოხსნა. ეს რათქმაუნდა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საკალთბურთო სპეციალისტებს და იგი შარშანდელ დრაფტზე მეთექვსმეტე ნომერად აირჩია “ფილადელფიამ”.
ოთხი გუნდის ურთიერთგაცვლების შემდეგ 2012 წლის ზაფხულში იგი ორლანდოში მოხვდა და ამით მას ძალიან გაუმართლა: ახალ კლუბში დახვდა საკმაოდ სუსტი კონკურენცია და შესაბამისად მიიღებს დიდ სათამაშო დროს. საკმაოდ აგრესიულია შეტევაში და მის ქმედებებში იკვეთება იუგოსლავური სკოლის დამახასიათებელი დადებითი ელემენტები. თუმცა, როგორც თითქმის ყველა ევროპელი, ისიც გაცილებით თამაშის მსუბუქი სტილით გამოირჩევა, გასაუმჯობესებელი აქვს ასევე ფიზიკური კონდიციები ათლეტიზმის ხარჯზე. ჩერნოგორიელმა ბრწყინვალე შანსი მიიღო თავის გამოჩენისათვის და უკვე მოახლოებული სეზონი გაგვცემს ყველა კითხვაზე პასუხს.
http://www.youtube.com/watch?v=dIGAUcJTu40
მთავარი ვარსკვლავი: აარონ აფლალო
“სუპერმენის” გაცვლითი პროცესების შემდეგ, კლუბის რიგები შეავსო აარონ აფლალომ, რომელსაც ვარსკვლავური იმიჯი არასდროს ჰქონია. გასულ სეზონში იგი გახლდათ “დენვერის” ლიდერი აგროვებდა რა მატჩში 15 ქულაზე ოდნავ მეტს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, დიდია ალბათობა იმისა, რომ მან ანალოგიური ვეღარ შეძლოს ორლანდოში. გუნდს გაუჭირდება პლეი ოფში შესვლა, ხოლო ახალი გუნდის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში იგი უკვე გადაზრდილის სტატუსით იქნება. აფლალო პოზიციით მსროლელი გახლავთ, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეხერხება გამთამაშებლობა. შესაძლებელია გუნდს უიმედო თამაში შემოაბრუნებინოს, ანდაც პირიქით, მარტომ წააგოს. გამოირჩევა ათლეტური აღნაგობით, ხშირად ამთავრებს შეტევებს სამწამიანში შესვლით. მისი სეზონის ჰაილაითი თარიღდება 2011 წლის 10 თებერვლით, როცა მეოთხე მეოთხედში დალასს 19 ქულა ჩაუგდო და ამასთან უკანასკნელი 2 ქულიანით სირენასთთან ერთად დააფიქსირა “დენვერის” ერთქულიანი გამარჯვება.
http://www.youtube.com/watch?v=IqgmvewSxow
მეხუთე ბორბალი: ელ ჰარინგტონი
ელ ჰარინგტონი 32 წლის გახლავთ და უკვე ალბათ ვეღარ შესთავაზებს ახალ, სასიამოვნო სურპრიზებს საკუთარ გულშემატკივრებს, მაგრამ დღევანდელ “ორლანდოში” მისი როლი საკმაოდ მნიშვნელობა იქნება: მან უნდა გაუზიაროს გამოცდილება გუნდში არსებულ მცირე ახალგაზრდა კონტინგენტს. რიგ შემთხვევებში ორლანდოს ძალიან წაადგება მისი ძალისმიერი სტილის თამაში. ასევე წარმატებით ამოდის პერიმეტრზე და ესვრის სამქულიანებს. მოწინააღდიგის სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე შეუძლია ჟაკ ვონს იგი გამოიყენოს როგორც მძიმე ფორვარდად, ასევე ცენტრად. თურქოღლუ–ჰარინგტონ–ვუჩევიჩის სახით ორლანდო მიიღებს მეტოქეთათვის “უხერხული მაღლების” სამეულს, რომელთაც მოწინააღმდეგის უყურადღებობის შემთხვევაში შეუძლიათ მეტოქის კალათის ამოვსება, როგორც ახლო, ასევე შორი დისტანციებიდან.
http://www.youtube.com/watch?v=ZG-wZkSIok4
X ფაქტორი: ჰედო თურქოღლუ
მიუხედავად სოლიდური ასაკისა (33), თურქი ფორვარდი მაინც ღირსეულად გამოიყურება საკალათბურთო არენაზე საშუალოდ აგროვებს რა მატჩში 10 ქულას და 4 მოხსნას. მისი აგრესიულობა შეტევაში ნელ-ნელა კლებულობს, მაგრამ სეზონის განმავლობაში აქვს ხოლმე რამოდენიმეჯერ გაბრწყინება. ითვლება სამქულიანების სპეციალისტად, ასევე სტაბილურია საშუალო დისტანციიდან. აქვს პასის მაღალი კულტურა. ეს, რა თქმა უნდა, ის თურქუღლო აღარაა, რომელიც ბრწყინავდა 2007–08 წლების სეზონში “ორლანდოს” რიგებში და რომელმაც 2010 წელს თურქეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა. მაგრამ “მეჯიქის” დღევანდელი შემადგენლობიდან თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ მას ძალუძს უეცარი აფეთქებები და დაუგეგმავი გამარჯვებების მოტანა
http://www.youtube.com/watch?v=tgXEV7MQrrA
სასტარტო ხუთეული: ჯამირ ნელსონი. აარონ აფლალო, ჰედო თურქოღლუ, გლენ დევისი, ნიკოლა ვუჩევიჩი.
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: აფლალო–16,1
მოხსნები: დევისი–8,2
გადაცემები: ნელსონი–5,3
ჩაჭრები: თურქოღლუ–1,0
დაფარებები: აიჰონი–1,1
დაკარგვები: ნელსონი–2,4
დასკვნა: გენერალური მენეჯერის ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებები, როდესაც მან დრაფტის წინ გაათავისუფლა ძველი სკაუტები და ახლები არ დანიშნა, “ორლანდო” ჩააბარეს გამოუცდელ მწვრთნელს, რომლის საკალათბურთო იდეებზე ჯერჯერობით არავის წარმოდგენა არ აქვს. მაღალი საკონტრაქტო ხელფასით მოყვანილი ვეტერანი კალათბურთელები, რომლებიც სხვა გუნდებმა ჩამოწერეს და თუ დავამატებთ “სუპერმენის” კატასტროფულ თრეიდს, როდესაც “ორლანდომ” უარი თქვა ისეთ მოთამაშეებზე, როგორებიც ბრუკ ლოპესი და ენდრიუ ბაინემი არიან, შესაბამისად მივიღებთ ძალიან მძიმე და ბნელი მომავლის პერსპექტივას. მომავალ დრაფტზე დევიდ სტერნისგან პირველ ნომრად არჩევის უფლებაც რომ მიიღონ, გამოსავალი მაინც არ ჩანს.
გიორგი ბარბაქაძე