ფეხბურთი

18:06 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორკვირიანი შესვენების შემდეგ…

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი კვირას განახლდება. დროის ამ მონაკვეთში ზოგმა ამხანაგური შეხვედრები გამართა, ზოგს დამრიგებელი შეეცვალა, ზოგიც საერთოდ უმწვრთნელოდ დარჩა.

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი)

20 ოქტომბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 15:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, გ. ჩიგოგიძე, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

გასულ ტურში ამბიციურმა ”მეტალურგმა” მცხეთაში “ვიტ ჯორჯიასთან” დიდი ანგარიშით (2:5) წააგო და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მათი მთავარი მწვრთნელი, გელა სანაია დანარჩენი მოთამაშეების გარჯითაც უკმაყოფილო დარჩა. ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზს ეხება. არც გაემტყუნება, ევროთასებზე მოხვედრის მსურველი გუნდისთვის ახლანდელი მე-8 ადგილი შესაფერისი ნამდვილად არ არის, ამიტომ რუსთაველები “მერანთან” მხოლოდ გასამარჯვებლად გავლენ მინდორზე.

საინტერესოა მარტვილელთა ამბავიც. ახალ სეზონში “მერანი” ლამის წლის აღმოჩენად იქცა. მალხაზ ჟვანიამ სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც თანამედროვე, ლამაზ ფებურთს თამაშობს, თუმცა ჟვანია თბილისის “დინამოში” წავიდა სამუშაოდ და როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, ჭყონდიდელებს ექსქუთაისლი კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. როგორი იქნება ჩხეტიანის “მერანი”, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. რამდენიმე დღის წინათ მისი ხელმძღვანელობით მარტვილელებმა ამხანაგურ მატჩში ლანჩხუთის “გურიას” მოუგეს (1:0), კვირას კი კახას ოფიციალური დებიუტი შედგება მთავარი მწვრთნელის რანგში.  

დილა (გორი) – ზუგდიდი

20 ოქტომბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: თემურ ღონღაძე (“დილა”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, ი. მაჩიტიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

გორის “დილა”, რომელიც სეზონის წინ ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა, მისთვის უჩვეულო მე-7 ადგილზეა. მეტ-ნაკლებად წარმატებული ევროკომპანიის შემდეგ გუნდში რაღაც მოიშალა, თითქოს საყრდენი გამოეცალათო და შედეგად გუნდი რამდენიმე დღის წინათ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმაც დატოვა. მიზეზი კვლავაც ფინანსური პრობლემებია. ახლა “დილაში” ისევ  გაურკვეველი ვითარებაა, უკვე მერამდენედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.…

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი)

20 ოქტომბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ნიკა კვეკვესკირი (“სპარტაკი”)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, კ. ტეფნაძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

“სპარტაკი” ჩვეულებრივ, მოწინააღმდეგეებს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინლობს ხოლმე, მაგრამ 17 წლამდელთა ევროშესარჩევი ტურნირის გამო, ცხინვალელები ლანჩხუთელებს მცხეთაში, “მცხეთა პარკზე” დაუხვდებიან. ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოგება აქვთ აქტივში და 3 ქულით ცხრილში ბოლო ადგილზე დგანან, რაც მათ ყოველ მატჩში მაქსიმალურ მობილიზებას აიძულებს. ლანჩხუთელები კი უამრავი პრობლემების მიუხედავად, მოულოდნელად ჩინებულ სეზონს ატარებენ. წინა ტურში მათ “დილა” დაამარცხეს (2:0), მანამდე კი თბილისის “დინამოსაც” კი სძლიეს (2:1) და ამაყად დგანან მე-4 ადგილზე. მადა ჭამაში მოდისო და გუნდი, რომელიც სეზონის წინ ლამის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, ზედა ექვსეულში დასამკვიდრებლად იბრძვის და ალბათ არც საპრიზო ადგილებზე იტყოდა უარს. ვნახოთ...

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)

20 ოქტომბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: მერაბ გიგაური (“ტორპედო”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ბ. ჭიჭინაძე, ზვ. ერქვანია, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

ახალგაზრდული “ტორპედო” წლევანდელი ჩემპიონატის უდავოდ გამორჩეული გუნდია. ჩინებული ხარისხის თამაშს უჩვენებს მაყურებელს და 8 ტურის შემდეგ ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება უმაღლეს ლიგაში. “სიონს” კი ჩემპიონატში 25 აგვისტოს შემდეგ აღარ გაუმარჯვია.

“სიონთან” მატჩის წინ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს კომენტარები მისცეს ტორპედოელთა კაპიტანმა და მე-8 ნომერმა.

მაქსიმე ქვილითაია: „სიონისგან“ დიდი წინააღმდეგობის გაწევას ველოდებით. გახსენებაც არ გვინდა მათთან ბოლო ურთიერთშეხვედრის, რომელიც ძალიან უიღბლო გამოდგა ჩვენთვის. ამრიგად, დროა, ახლა პასუხი მოგებით გავცეთ. ბოლნისს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაგან გამოვარჩევდი თორნიკე აფციაურს, თუმცა ჩვენი კოზირი მოძრაობაა, ვეცდებით, შესაძლელობები ბოლომდე გამოვიყენოთ და დამაჯერებლად დავამარცხოთ ისინი“.

ნიკა საბანაძე: „სიონი“ ნორმალური გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილის ქვედა ნაწილშია, ჩვენთან, როგორც მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდთან, დიდი მოტივაციით გამოვა მოედანზე, ამიტომ, ვფიქრობ, გაგვიჭირდება 3 ქულის აღება, მაგრამ ჩვენგან მხოლოდ წარმატებულ გამოსვლას ელიან და აუცილებლად უნდა მოვიგოთ“.

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

20 ოქტომბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 16:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. კურტანიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

მარგველთა სერბი დამრიგებელი, რატკო დოსტანიჩი თავიდანვე ამბობდა, შეკრება დაგვიგვიანდა, ამიტომ ფორმაში ჩემპიონატის მსვლელობისას შევალთ და შედეგიც თანდათან მოვაო. “სპარტაკთან” და მერე ქვეყნის თასზე “სიონთან” წაგებების შემდეგ, ზესტაფონელებმა ზედიზედ 2 მატჩი მოიგეს, ჯერ კერკეტი “გურია” დაამარცხეს, შემდეგ განმუხურში ზუგდიდელები გაანადგურეს და სატურნირო მდგომარეობა ცოტა გამოისწორეს, თუმცა სასურველი ფორმისგან ჯერ შორს არიან, რასაც ცხრილში მათი ადგილიც ადასტურებს. სანაკრებო შესვენებისას მარგველებმა საკუთარ ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართეს “ჩიხურასთან” და 1:1 ითამაშეს. თავის მხრივ, ტესტ-მატჩი ვეტერინარებმაც ითამაშეს და თავის “მცხეთა პარკზე” პირველლიგელ თელავის “კახეთს” გადახალისებული შემადგენლობით 2:0 სძლიეს, მანამდე კი ჩემპიონატის შეხვედრაში რუსთავის “მეტალურგი” 5:2 გაანადგურეს და “დავით აბაშიძეს” კარგი განწყობით ესტუმრებიან.

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე)

20 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი გველესიანი (“დინამო”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, გ. კიკაჩეიშვილი, დ. სანოძე, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

თბილისის დინამოელები ნელ-ნელა დგებიან მწყობრში და მათი თამაშიც უფრო მიმზიდველი ხდება. თუ ხობის “კოლხეთთან” სათასო მატჩსაც ჩავთვლით, ბოლო 3 შეხვედრაში დუშან უჰრინის შეგირდებმა 17 გოლი გაიტანეს, რაც, დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი მაჩვენებელია. საერთოდაც, “დინამოს” სადღეისოდ ყველაზე მეტი – 19 ბურთი აქვს ჩემპიონატში გატანილი და მეტოქედაც, ამ მხრივ, მეორე მაჩვენებლის მქონე (17 გოლი) “ჩიხურა” ეყოლება. თუ ამათ შარშანდელ უხვგოლიან შეხვედრებსაც გავიხსენებთ (პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, დანარჩენ სამში კი “დინამომ”  5:2, 3:0 და 4:2 იმარჯვა), წესით, მაყურებელმა არ უნდა მოიწყინოს.

 

1      დინამო (თბილისი)       8           6           1           1          19:7           19     
2 ტორპედო (ქუთაისი)            8 5 3 0 13:4 18
3 ჩიხურა (საჩხერე)         8 5 1 2 17:11  16
4 გურია (ლანჩხუთი)         8 4 0 4 8:9 12
5 მერანი (მარტვილი)         8 4 0 4 11:14 12
6 ვიტ ჯორჯია (თბილისი)  8 3 2 3 13:11 11
7 დილა (გორი)                      8 3 2 3 10:10 11
8 მეტალურგი (რუსთავი)     8 3 2 3 9:14 11
9 ზესტაფონი         8 3 1 4 9:7 10
10 სიონი (ბოლნისი)          8 2 2 4 10:13 8
11 ზუგდიდი                  8 1 2 5 3:13 5
12 სპარტაკი (ცხინვალი)                                                  8 1 0 7 4:13 3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 – ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.115296