კალათბურთი

8:18 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორივე “ქართულმა” გუნდმა იმარჯვა

იშვიათი დღე გახლდათ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ორივე გუნდმა, რომელთა ღირსებასაც ქართველები იცავენ, გამარჯვება იზეიმა. ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” “ბოსტონ სელტიქსს” 92:85 სძლია, ხოლო თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმა” “მემფისი გრიზლიზი” 97:88 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ “ბაქსმა” ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ ლიგაში მხოლოდ მე-3 მოგება მიითვალა და აქედან მეორედ ბოსტონელებს აჯობა. ქართველი ცენტრი ამჯერად სასტარტო ხუთეულში აღარ გამოჩენილა, მოედანზე გატარებულ 22:16 წუთში კი 2 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ფაჩულიამ თამაშიდან 4-ვე ტყორცნა გააცუდა, 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ორჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. მილუოკელებს შესაბამისად 22 და 20 ქულით ო ჯეი მაიომ და ბრენდონ ნაიტმა ულიდერეს. ჯონ ჰენსონმა, რომელიც ცენტრის პოზიციაზე ფაჩულიას ნაცვლად იყო გამწესებული, ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 13 მოხსნა.

მიუხედავად წარმატევისა, “ბაქსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში უკანასკნელ ადგილზე რჩება, შემდეგი შეხვედრა კი 4 დეკემბრის დილას იმავე “სელტიქსთან” უკვე ბოსტონში ელის.

როგორც აღვნიშნეთ, მემფისში “გრიზლისთან” მოიგო “ბრუკლინ ნეთსმა” და ეს გუნდისთვის სეზონში მე-5 გამარჯვება გახლდათ. შენგელიამ 09:54 წუთს ითამაშა და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 17 ქულით მეტი ჩააგდეს.

ქართველ ფორვარდს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და აქტივში ერთადერთი მოხსნა ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი. “ნეთსს” 26 ქულით ჯო ჯონსონმა ულიდერა.

5 გამარჯვებით და 12 მარცხით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე რჩებიან, მომდევნო მატჩი კი 4 დეკემბრის დილას შინ “დენვერ ნაგეთსთან” ელით.

0.12199