ჭადრაკი

0:22 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ნაკრები მესამეზეა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო გუნდები კვლავაც მარცხის გარეშე თამაშობენ. აღნიშნული განსაკუთრებით სასიხარულო ვაჟებისგან გახლავთ, რომელთაც მხოლოდ მე-14 განთესვა გააჩნიათ და ფავორიტთა შორის ნამდვილად არ მოიაზრებოდნენ.

მე-5 ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრები 29-ე განთესვის მქონე ისრაელს დაუპირისპირდა და მეტოქე 3.5:0,5 გაანადგურა. გამარჯვებები იზეიმეს ბაადურ ჯობავამ (2695), მიხეილ მჭედლიშვილმა (2631) და გაიოზ ნიგალიძემ (2494), ლევან ფანცულაიამ კი საკუთარი პარტია ფრედ დაასრულა.

შედეგად, ქართველებმა თავი 8.0 ქულას მოუყარეს და საბერძნეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ, დამატებითი მაჩვენებლებით კი მესამეზე არიან. ერთპიროვნული ლიდერი კვლავაც საფრანგეთია, რომელიც აქამდე დანაკარგის გარეშე თამაშობდა, ამჯერად კი უნგრეთს დაუზავდა და 9.0 ქულა მოუგროვდა.

მე-3 ადგილზე იმყოფება საქართველოს ქალთა ნაკრებიც, რომელსაც ვაჟების დარად 3 მოგება და 2 ფრე გააჩნია. ქართველები ასევე 8.0 ქულის მქონე პოლონეთს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან, ლიდერი კი უკრაინაა, რომელსაც 10.0 ქულა გააჩნია.

გასულ ტურში მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ქალები უხერხულ მეტოქე სომხეთს (მე-6) დაუპირისპირდნენ და ყაიმს დასჯერდნენ. ელინა დანიელიანთან (2457) მარცხი განიცადა გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2556), ბელა ხოტენაშვილმა (2524) იმარჯვა, მერი არაბიძე (2374) და ნინო ხურციძე (2462) კი დაზავდნენ.

13 ნოემბერს ვარშავულ ტურნირზე დასვენებაა, 14-ში კი მე-6 ტურის პარტიები შედგება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, ხოლო ქალები უკრაინას ეთამაშებიან.

0.112851