ფეხბურთი

13:05 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორიჯი: “როჯერსი მენდობა”

“ლივერპულის” ახალწვეულმა, დივოკ ორიჯიმ SkySports–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ლილში” განათხოვრების მიუხედავად, მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მას ენდობა.

ბელგიელმა თავდამსხმელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. საბოლოოდ, 19 წლის ფორვარდმა არჩევანი “ლივერპულზე” შეაჩერა და იმის მიუხედავად, რომ “ლილის” შემადგენლობაში კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევს, თავისი გადაწყვეტილებით ორიჯი ძალიან კმაყოფილია.

“როჯერსს სურს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოვყალიბდე. მერსისაიდელებს ჩემი სრულად გამოსყიდვა წელსვე სურდათ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და სათამაშო დრო მჭირდება.

საოცარი გრძნობაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაგაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს “მარაკანაზე” ხდება. ამას კი, “ლივერპულის” შემოთავაზება მოჰყვა და თავი სიზმარში მეგონა. სტივენ ჯერარდს გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ გუნდში კიდევ ერთი წელი ვერ ვითამაშებდი, მაგრამ მოთმინება მირჩია.

“ლივერპული” დიდხანს მაკვირდებოდა. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც კლუბის ოფისში ის სტატისტიკა მაჩვენეს, რომელიც 15 წლის ასაკში მქონდა. ამან დამარწმუნა, რომ კლუბს ვჭირდებოდი და კონტრაქტი მაშინვე გავაფორმე”, – განაცხადა ორიჯიმ.

ცნობისთვის, ორიჯის, თავისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბელგიის ეროვნული ნაკრების მაისურით რვა შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი გოლის გატანაც შეძლო – მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, რუსეთის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.12672