ძიუდო

19:20 | 15.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი მედალს ვერ შეწვდა, ხვალ ოთხი შეეცდება

2011 წლის სეზონის პირველი საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთათვის წარუმატებლად დაიწყო. დღეს, ბაქოში 200 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიანი უპრესტიჟულესი შეჯიბრი – მსოფლიოს მასტერსი გაიხსნა და მედლების 7 კომპლექტიც გათამაშდა. მამაკაცებმა ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-სამ წონით კატეგორიაში გამოავლინეს, ქალებმა – პირველ-ოთხში. მასტერსში მონაწილეობას, როგორც წესი, მხოლოდ მაღალრეიტინგიანი ძიუდოისტები იღებენ და რა გასაკვირია, რომ აზერბაიჯანულ განაცხადში საქართველოს ქალთა გუნდის ვერც ერთი წევრი ვერ მოხვდა. მამაკაცთაგან კი, ინდივიდუალური მიწვევა ექვსმა სპორტსმენმა მიიღო. დღეს კიმონო ორმა მათგანმა მოირგო – 60 კილოგრამში მოჭიდავეებმა: ამირან პაპინაშვილმა და დავით ასუმბანმა, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლას ორივე საწყისი ეტაპებიდანვე გამოეთიშა.
მსოფლიოს რეიტინგ-სიის მეთერთმეტეადგილოსანმა, ამირან პაპინაშვილმა მასტერსი მსოფლიოს იტალიელი პრიზიორის, ელიო ვერდეს (მე-8 ადგილი რეიტინგში) ძლევით გახსნა. ქართველმა 2 იუკოთი მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც ავტომატურად, მე-5 ადგილს და 80 სარეიტინგო ქულასაც ნიშნავდა. მეორე მოგებით ამირანი მინიმუმ ბრინჯაოს და 160 ქულას ინაღდებდა, მაგრამ რეიტინგის ერთპიროვნულ ლიდერს, მსოფლიოს უზბეკ ჩემპიონ, რიშოდ სობიროვს გადაეყარა და წმინდად დამარცხდა. ცნობისთვის, სობიროვი შარშანდელი მასტერსის გამარჯვებული იყო და დღესაც წაუგებლად ჩაამთავრა სუპერტურნირი.
დავით ასუმბანი (მე-16) პირველ წრეში ევროპის 2009 წლის ჩემპიონს, რეიტინგის მეოთხეადგილოსან რუსს, არსენ გალსტიანს დაუპირისპირდა და მეხუთე წუთზე იპონით დამარცხდა. გალსტიანმა ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ ორი მეტოქე ჩამოიცილა და ფინალში გასვლით 240 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ჩემპიონი სობიროვი კი, 400 ქულით და 6 ათასი დოლარით გამდიდრდა.
66 და 73 კილოგრამები, ქართველი ძიუდოისტების გარეშე ჩაჭიდავდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აქაც მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომრები ავიდნენ. 66-ის ფინალში, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა და შარშანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა, მონღოლმა ცაგაანბაატარ ჰაშბაატარმა სლოვენიელ როკ დრაკშიჩს (მე-12) სძლია, 73-ში კი, ასევე, მსოფლიოს შარშანწინდელმა ჩემპიონმა და შარშანდელმა ბრინჯაოსანმა, სამხრეთკორეელმა კი-ჩუნ ვანგმა რუსი მანსურ ისაევი (მე-3) დაჩაგრა.
ქალებში მოლოდინისამებრ, ყველაზე მეტად იაპონელებმა იყოჩაღეს. 48 და 52 კილოგრამებში კი სულაც, იაპონური ფინალები შედგა.
ხვალ მედლები კაცთა ოთხ და ქალთა სამ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით ტატამზე ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) გავლენ.

წიკლაური (მე-13) პირველ წრეში იაპონელ ტაკაჰირო ნაკაის (მე-8) დაეჭიდება. მოგების შემთხვევაში კი, მეოთხედფინალში სლოვენიელი ალჯაზ სედეჟისა (23-ე) და ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩის (მე-12) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. 81 კილოგრამი ერთადერთი წონაა, რომელიც რეიტინგის ლიდერს მოისაკლისებს – სამხრეთკორეელი მსოფლიოს ჩემპიონი, ჯაე-ბუმ კიმი მასტერსზე ტრავმის გამო ვერ ჩავიდა.
ლიპარტელიანი (მე-9) ტურნირს უზბეკ ხურშიდ ნაბიევთან (მე-11) შეხვედრით გახსნის. თუ ჩამოიცილებს, მეოთხედფინალში იაპონელ დაიკი ნიშიამასა (მე-5) და აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს (მე-7) შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
ჟორჟოლიანს (მე-12) პირველ მეტოქედ ბაქოს მასტერსის ყველაზე დაბალრეიტინგიანი მონაწილე, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი (33-ე) ერგო. მოგების შემთხვევაში კი, რეიტინგის ლიდერთან, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონთან, ტაკამასა ანაისთან მოუწევს დაჭიდება, თუკი ეს უკანასკნელი, იქამდე, მონღოლ ტამუულენ ბატულგას (მე-17) ჩამოიცილებს.
ხანჯალიაშვილი (21-ე) მასტერსს იაპონელ კეიჯი სუძუკისთან (მე-5) შეხვედრით გახსნის. ამ წყვილიდან გასული კი, პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩსა (მე-17) და ბელარუს იჰარ მაკარაუს (მე-20) შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

ძიუდო
მსოფლიოს მასტერსი
ბაქო. 15 იანვარი


კაცები
60 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

66 კგ
1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
2 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)

73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 მანსურ ისაევი (რუსეთი)
3 იასუჰირო ავანო (იაპონია)
3 ატილა უნგვარი (უნგრეთი)

ქალები
48 კგ

1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 ემი იამაგიში (იაპონია)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

52 კგ
1 მისატო ნაკამურა (იაპონია)
2 იუკა ნიშიდა (იაპონია)
3 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)

57 კგ

1 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
2 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
3 კონჩეპსიონ ბელორინი (ესპანეთი)
3 იან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)

63 კგ
1 ჯევრის ემანე (საფრანგეთი)
2 სოში უენო (იაპონია)
3 იარდან გერბი (ისრაელი)
3 კლაუდია მალზანი (გერმანია)


ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159272