ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის ბაშოს მე-12 დღე ქართველი სუმოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა. ლევან ცაგურიამა (კოკაი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) დადებითი ბალანსის დაფიქსირება შესძლეს, რაც მათი წოდებაში დაწინაურების მომასწავებელია.
ქართული სუმოს პიონერმა ექს-კომუსუბმა კოკაიმ, რომელიც აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, მე-8 გამარჯვება მე-14 მაეგაშირა ტამავაშისთან იზეიმა. “შავმა ზღვამ” მარჯვენა ხელით სუკუინაგე შეასრულა და “მონღოლი არწივი” დოჰიოდან ისე გაიყვანა.
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ცაგურიას რეიტინგში წინსვლა განაღდებული აქვს, თუმცა, თუ შედარებით დიდი ნახტომის გაკეთება სურს, დარჩენილ ბრძოლებშიც უნდა იყოჩაღოს. კოკაის შემდეგი მოწინააღმდეგე იაპონელი მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე იქნება, რომელიც თანამემამულე ტაკეკაძესთან ერთად, იოკოძუნა ჰაკუჰოს ერთ-ერთი მდევარია.
იოშიკაძეს 12-დან 10 შერკინება აქვს მოგებული (მათ შორის ერთი გაგამარუსთან), ცაგურიასთან კი უარყოფითი ბალანსი აქვს. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, იაპონელმა ქართველთან ოშიტაოშით, ცუკიდაშითა და იორიკირით წააგო და მხოლოდ ივლისის ბაშოზე აიღო რევანში ოშიდაშის წყალობით.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დარჩენა და სატიტულო მატება გარანტირებული აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ტოკიოში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. 202-კილოგრამიანმა ქართველმა მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკას ძალით აჯობა და იორიტაოშით დაამარცხა.
გაგამარუს კოკაის დარად, 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო ბრძოლას კი მე-11 მაეგაშირა კოტოკასუგასთან ჩაატარებს, რომელსაც თანაბარი ბალანსი (6-6) გააჩნია. 33 წლის ფუკუოკელმა სექტემბრის ტურნირის მე-6 დღეს ცაგურიას სუკუინაგეთი სძლია, ჯუღელი კი მარტში ცუკიოტოშით ჰყავს დამარცხებული, ხოლო მაისში იორიკირით თავად წააგო.
აკი ბაშოზე ქართველ სუმოისტთაგან ყველაზე ცუდი შედეგი 22 წლის ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინის გააჩნია. მან ტურნირი სამი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა, შემდეგ წაგებებს უხშირა და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს დილით ტოჩინოშინი კომუსუბი კაკურიუსთან იორიკირით დამარცხდა და მოგება-წაგებათა რაოდენობა თანაბარი გაუხდა – 6:6.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინის ტოკიოში სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი და შემდგომი წინსვლისთვის მინიმუმ ორ მათგანში მაინც უნდა იმარჯვოს. გორგაძეს შემდეგი მეტოქე მონღოლი ექს-კომუსუბი ჰაკუბაა (ამჟამად, მე-5 მაეგაშირა), რომელმაც კაჩი-კოში უკვე გაფორმებული აქვს. წლეულს, მარტსა და მაისში ტოჩინოშინიმ ჰაკუბა ცურიდაშით დაამარცხა, ივლისში კი ლევანმა ტოტარით წააგო.
მოგებათა სერია უკვე 59-მდე (!) აიყვანა იოკოძუნა ჰაკუჰომ. “თეთრ ფენიქსად” წოდებულმა მონღოლმა ამჯერად ოძეკი კაიო დასცა და აკი ბაშოზე მიჯრით მე-12 გამარჯვება გაიფორმა. როგორც აღვნიშნეთ, ჰაკუჰო იოშიკაძესა და ტაკეკაძეს ორი მოგებით უსწრებს, ამდენად, არსებობს შანსი ჩემპიონის ტიტული და “იმპერატორის თასი” მომდევნო ტურშივე მოიპოვოს, როდესაც ესტონელ ოძეკი ბარუტოს დაუპირისპირდება.







