ჭიდაობა

11:25 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს ამბავი პოლონეთიდან

პოლონეთის ქალაქ დაბროვა გორნიცაში გუშინ დაწყებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ვაცლავ ზიოლკოვსკის XXIII მემორიალზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 57, 65, 74 და 97 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრები პოლონეთში სამი სპორტსმენითაა ჩასული. მათგან ორი: ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ხალიჩაზე გუშინ გავიდა და ორივე ჩემპიონი გახდა.

ჯუმბერ ყველაშვილმა ფინალის გზაზე პოლონელი ანდრეი სოკალსკი (12:2), ვენესუელელი კრისტიან სერკო (9:1) და პოლონელი კრისტსიან ბრზოზოვსკი (8:3) დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ რეზა აფზალიპაემამს საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე შესრულებული ილეთით მოუმთავრა საქმე (4:3).

ელიზბარ ოდიკაძემ ტურნირი თურქი ფათიჰ იასარლის ძლევით (7:0) გახსნა, შემდეგ პოლონელ კამილ ვოჟციეჩოვსკის (10:0) მოუგო, ნახევარფინალში - ბელარუს იუსუპ ჯალილაუს აჯობა (4:1), ბოლოს კი მასპინძელი რადოსლავ ბარანი საკმაოდ ადვილად დაამარცხა (6:1).

დღეს პოლონურ ხალიჩაზე მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი საქმეში ალექსანდრე ჯაჭვაძე (70 კგ) ჩაერთვება.

0.114043