საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლევან გუგავამ (73 კგ), ბერლინში დღეს დაწყებულ “ევროპის თასზე” ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. შეჯიბრებაზე, რომელიც გია გუგავას გაწვრთნილი გუნდისთვის, 20-22 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში შეტანილი ბოლო ტურნირია, სულ 26 ქართველი უნდა ჩაერთოს. ამათგან 12, გერმანულ ტატამზე დღეს გავიდა.
ლუხუმ ჩხვიმიანმა “ევროპის თასი” უნგრელი როლანდ პეტკას 48 წამში ძლევით გახსნა. ფრანგ ვანგ-სი ნზაუს წუთსა და 46 წამში ორი ვაზარი შეუსრულა. შემდეგ კანადელი ნიკოლას დიბარტოლო წუთსა და 37 წამში დასცა ბეჭებზე. მეოთხედფინალში კი, აზერბაიჯანელ ორუჟ ვალიზადასთან მეოთხე წუთზე წააგო იპონით და “ბრინჯაოს გზაზე” გადაერთო, სადაც ავსტრიელ შტეფან კუდერას სამ წუთში აჯობა, აზერბაიჯანელ ელბრუს ზამანოვს სულ რაღაც 19 წამში, ხოლო რეპეშაჟის ფინალში, რუს პაველ პოლტორაკს ვაზარი აკმარა.
ლევან გუგავამაც მეოთხედფინალში დაკარგა ჩემპიონობის შანსი, კანადელ არტურ მარგელიდონთან ვაზარით წაგებით. ამ შეხვედრამდე, ქართველმა ძიუდოისტმა უნგრელი გიულა პალი ვაზარით ჩამოიშორა, ჰოლანდიელი ხოერი ბიეკმანი იუკოთი, ავსტრალიელ ჯეკ ბენსტედს კი, წუთსა და 45 წამში ორი ვაზარით მოუმთავრა საქმე. დამამშვიდებელ ეტაპზე, ლიტველ დეივიდას ტარულისს ვაზარით გასცდა, ბრაზილიელ გაბრიელ მენდესს ოქროს დროში შესრულებული იუკოთი, ხოლო შვედ ტომი მაციასს, ბრინჯაოს მომტანი ერთადერთი იუკო ძირითად დროშივე აუღო.
გელა კელიხაშვილსა და ტრისტან ფეიქრიშვილს (ორივე 66 კგ) საპრიზო სამეულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ და მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებს გუნდური ჩათვლისთვის, ქულა ფრიდონ გიგანმაც (73 კგ) მოუტანა მე-7 ადგილით. შვიდეულს მიღმა კი დარჩნენ: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი საჩალელი (სამივე 55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ანდრო ბერუაშვილი (66 კგ), მიხეილ მეზურნიშვილი და აპოლონ ზურაბიანი (ორივე 73 კგ).
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: უშანგი მარგიანი, ბექა დონღვანი, თეიმურაზ ხაჩიძე, ნიკოლოზ ციმაკურიძე (ოთხივე 81 კგ), ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი, ილია მანველიშვილი (სამივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი, კობა ოთინაშვილი, გიორგი სეტიელი (სამივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი და გუგა კიბორძალიძე (ოთხივე +100 კგ).