სხვა

15:46 | 24.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორი მაკე-კოში დაფიქსირდა, იქნებ, მესამეს ავცდეთ

ის, რაც ნოემბრის ბაშოს საწყისი დღეებიდან მოსალოდნელი გახლდათ, ოფიციალურად გაფორმდა. სამი ქართველი სუმოისტიდან ორმა – ტოჩინოშინიმა და კოკაიმ უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში გაიფორმა და წოდებაში დაქვეითება არ ასცდება, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში საქართველოს კიდევ ერთ წარმომადგენელ გაგამარუს კი თავის გადასარჩენად ურთულესი ფინიშის გადატანა მოუწევს.
23 წლის ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირს დასავლეთის კომუსუბის ტიტულით შეხვდა, თუმცა, მომავალ წელს ისევ რიგითი მაეგაშირას სტატუსით დაიწყებს. კიუშიუ ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინიმ მე-8 და საბედისწერო მარცხი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კისენოსატოსთან განიცადა. 24 წლის იაპონელმა ქართველ სკეიტორს იორიკირით სძლია.
გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ჰომაშო იქნება, რომელსაც ზურგს 6 მოგება უმაგრებს. შარშან ნოემბერში ტოჩინოშინიმ 29 წლის იაპონელს ცურიდაშით სძლია, თუმცა, მარტში ოშიდაშით დამარცხდა.
მაკე-კოში მონღოლ მოკონამისთან ჭიდილში გაიფორმა ქართული სუმოს პიონერმა კოკაიმ იგივე ლევან ცაგურიამ. 29 წლის ქართველი მეტოქის იორიკირის ვერ გაუმკლავდა და სამადსამი გამარჯვება შერჩა. “შავი ზღვა” ნოემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მომავალ ბანძუკეში (რეიტინგში) კი ცხრილის ქვედა ნახევარში გადაინაცვლებს. კოკაი მდგომარეობის მცირედით შელამაზებას დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ბუშუიამასთან ეცდება, რომელიც წლის დასაწყისში ორჯერ – იორიკირითა და ჰიკიოტოშით დაამარცხა, გასულ სექტემბრის ბაშოზე კი ოშიდაშით წააგო.
დადებითი ბალანსის მოპოვების შანსს ინარჩუნებს მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც ტურნირის მე-2 ნახევარში აშკარად უკეთ ირჯება. 23 წლის ქართველმა გოლიათმა ბოლო ხუთი ბრძოლიდან მეოთხეს მოგება მოახერხა. აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ კოკაის მომავალ მეტოქე – 34 წლის იაპონელი ბუშუიამას იორიკირით აჯობა და 6 მარცხის ფონზე მე-5 გამარჯვება გაიფორმა. ჯუღელს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან სამის მოგება სჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ვაკანოსატოა.
კიუშიუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და ფინიშის სწორზე 28 ნოემბერს გავა, “იმპერატორის თასისთვის” კი ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული. ბაშოს 11 დღის თავზე ლიდერი ერთბაშად ოთხია, რაც არცთუ ხშირი მოვლენაა. იოკოძუნა ჰაკუჰოს, ოძეკებს ბარუტოსა და კაიოს და დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას 10-10 ბრძოლა აქვთ მოგებული. მე-12 ტურში ლიდერთა რაოდენობა მინიმუმ ერთით შემცირდება, რადგანაც ბარუტო და ტოიონოშიმა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171552