ჭიდაობა

21:48 | 5.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ლიცენზია და ოქრო-ვერცხლი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მინიმუმ ხუთი და მაქსიმუმ ექვსი წარმომადგენელი ეყოლება. ბეგი დარჩიას გუნდიდან ოლიმპიური ნორმატივი დღეს, რევაზ ლაშხმა (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ) ჰელსინკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გასვლით შეასრულეს.
ლაშხმა სულაც წაუგებლად ჩაამთავრა შეჯიბრება და თბილისში ოქროს მედლით ბრუნდება. ევროპის შარშანდელი ჩემპიონი სალიცენზიო გზას მოლდოველი მაქსიმ მამულატის ორ სეტში ძლევით შეუყვა. ანალოგიური უპირატესობით გასცდა ხორვატ ტონიმირ სოკოლსაც. ევროპის მოქმედ ბრინჯაოს პრიზიორთან, სერბ დავორ შტეფანეკთან პირველი სეტი წააგო და შემდეგ შეატრიალა შეხვედრა სათავისოდ, ხოლო შვედეთის სახელით მოჭიდავე ფრუნზე ჰარუთინიანს უპრობლემოდ აჯობა. ლიცენზიაგანაღდებულმა ლაშხმა ფინალში ნორვეგიელ შტიგ ანდრე ბერგესაც იოლად მოუმთავრა საქმე – 2:0 2:0.
ვლადიმერ გეგეშიძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გამოცდილმა ბულგარელმა ხრისტო მარინოვმა არ აუშვა. ფინალამდე კი ქართველმა მოჭიდავემ ინდოელი მანოხ კუმარი, სომეხი არტურ შაჰინიანი, მოლდოველი ანდრიან მოკანუ და ყირგიზი იანარბეკ კენიეევი ჩამოიცილა.
უკვე გარკვეულია, რომ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე მონაწილე არ ეყოლება. ბოლო სალიცენზიო ტურნირზე შანსი ქემალ ხარაბაძემ ვერ გამოიყენა – ინდოელ ხოგინდარ სინგხს კი გასცდა, მაგრამ მეოთხედფინალში, რუმინელ ვირგილ მუნტეანუსთან ვეღარას გახდა და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმაც წაიფორხილა, რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.
მეექვსე ლიცენზიის მოსაპოვებლად ხვალ ფინურ ხალიჩაზე მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე გავა. მიზნის მისაღწევად მას სამი შეხვედრის მოგება დასჭირდება. ტურნირს ბერძენ ქსენოფონ კუციუმპასთან დაჭიდებით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში ტაჯიკი მუროჯან ტაიჩიევისა და ბრიტანელი მუჰამედ ჰუსეინის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში კი მეტოქედ ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი ერგება: ბულგარელი ივან ივანოვი, იტალიელი როკო დანიელ ფიკარა, ფრანგი იანიკ სზეპანიაკი ან ყირგიზი მურატ რამონოვი.
120 კილოგრამში ლონდონის ლიცენზია ჯერ არც რუს ჰასან ბაროევს მოუპოვებია. ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პეკინის ფინალისტი ფინურ სატურნირო ბადეში ფერსელიძის საპირისპირო მხარეს მოხვდა და შესაბამისად, მათი გზები ერთმანეთს ფინალამდე არ უერთდება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169781