საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ პარიზის “დიდ სლემზე” დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 9-10 თებერვალს გასამართ უპრესტიჟულეს ტურნირზე ტატამზე თორმეტი ქართველი ძიუდოისტი გავა. ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) შესახებ ადრევე იყო ცნობილი. ეს ძიუდოისტები უზნაძემ თბილისურ “ევროპის ღია ტურნირზე” დაასვენა. პარიზში კი, 81 და 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში მხოლოდ ამ ორ შეგირდს დაეყრდნობა. დანარჩენ ხუთ წონაში საქართველოს სახელით ორ-ორი სპორტსმენი იჭიდავებს.
ნაკრების თავკაცმა ფრანგული განაცხადი მოლოდინისამებრ, ძირითადად თბილისის ტურნირის გამორჩეული ძიუდოისტებით შეავსო. ერთადერთი, ვინც ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის მსგავსად, სპორტის სასახლის ტატამზე არ გასულა, ბეთქილ შუკვანია (60 კგ). მის გარდა უმსუბუქეს წონაში “ევროპის ღია ტურნირის” ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. ნაკრების გამოცდილ წევრთაგან პარიზში კიმონოს ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73 კგ) და ადამ ოქრუაშვილიც (+100 კგ) მოირგებენ. ტრისტან ფეიქრიშვილს, თორნიკე თათარაშვილს (66 კგ), დავით ლორიაშვილს, ლაშა გურულსა (ორივე 100 კგ) და გიორგი ზაქარიაძეს (+100 კგ) კი საერთაშორისო არენაზე გამოსვლის მწირი გამოცდილება აქვთ.
საქართველოს ნაკრების პარიზულ დელეგაციაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიცაა (66 კგ), ოღონდ იგი მონაწილეობას მხოლოდ ტურნირისშემდგომ ერთობლივ წვრთნებში მიიღებს. ირაკლი უზნაძის წინასწარი გეგმის თანახმად, შავდათუაშვილი საფრანგეთში შეჯიბრებაშიც უნდა ჩართულიყო, მაგრამ ორიოდ კვირის წინ, ნაკრების შეკრებისას, ვარჯიშზე მიღებულმა მუხლის ტრავმამ ტატამზე მისი დაბრუნება სავარაუდოდ ორი კვირით გადადო, დიუსელდორფის “დიდი პრიზისთვის” (23-24 თებერვალი).
საქართველოს ნაკრები პარიზში ამაღამ გაემგზავრება. თბილისში კი, ფრანგული ტურნირისა და შეკრების შემდეგ, 15 თებერვალს დაბრუნდება.
საქართველოს ნაკრები
60კგ - ბეთქილ შუკვანი და ამირან პაპინაშვილი
66კგ - ტრისტან ფეიქრიშვილი და თორნიკე თათარაშვილი
73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი
90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
100კგ - დავით ლორიაშვილი და ლაშა გურული
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე
ოთარ მაღლაკელიძე







